117 ხმით 3-ის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ახალი კონსტიტუცია ერთპიროვნულად დაამტკიცა.
გუშინ დამტკიცებული კონსტიტუცია ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიზეზი ხდება. უკმაყოფილოა მესამე სექტორი და პოლიტოლოგების დიდი ნაწილი. მაგალითად, გია ხუხაშვილი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ "ხელისუფლებას პასუხისმგებლობის დრო აუცილებლად დაუდგება".
პოლიტოლოგი ლოგიკურს უწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აშშ-ის საელჩოს იმედგაცრუებას, რომლებიც მათ პოზიციას ღიად აფიქსირებენ.
"ჩვენ მონოლოგების ქვეყანაში ვცხოვრობთ, მხარეები შეთანხმების მიღწევისთვის დაინტერესებულები არ არიან. სულ საუბრობენ შერიგებაზე, მშვიდობაზე, კონსენსუსზე, თუმცა საბოლოო ჯამში ვიღებთ ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიღებულ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. მორიგი პარტია გათამაშდა ნეგატიური პოლიტიკური ველის. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ნეგატივი დაძველდა, მაშინ პოლიტიკური ბრძოლის პლატფორმა აღარ ექნებათ და შესაბამისად მერე რაღა უნდა აკეთონ?! სახელმწიფო ინტერესები კი ყოველთვის კადრს მიღმა რჩება, რაც ერთ-ერთი საფუძვლიანი მიზეზია, იმისა, რომ ქვეყანა სისტემურად ვერ ვითარდება. იწყება დიდი უკუსვლა, რაც საზოგადოების განწყობაზე აისახება.
რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ის აბსოლუტურად სწორი იყო, კრიტიკა ძირითადად ხელისუფლებას ეხებოდა"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით პოლიტიკურმა ელიტამ არც საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა გაითვალისწინა, რაც კონსენსუსის აუცილებლობას გულისხმობდა.
"პოლიტიკური ელიტა, კონსენსუსის იმიტაციას ახდენდა და რეალურად მათ შედეგის დადგომა არ უნდოდათ, რასაც აშშ-ის ელჩმა და არა მხოლოდ მან, შესაბამისი შეფასება მისცა"- განმარტა "ნიუპოსტთან" პოლიტოლოგმა.
ხუხაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციის ერთპიროვნული მიღებით ამჯერადაც პოლიტიკური დეჟავუ შეიქმნა.
"ქართულმა საზოგადოებას თავისთავად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ის, რაც ხდება ქვეყანაში საზოგადოების პასუხისმგებლობაც არის. ჩვენ პოლიტიკურ ელიტას ვაძლევთ საშუალებას, რომ ასე იქცეოდეს. ჩვენგან უფრო მეტი, პრესინგი რომ იყოს, ხელისუფლება ვერ გაბედავდა ასე ჩაკეტილ სამყაროში ცხოვრებას, სადაც მხოლოდ ისინი ბატონობენ და მხოლოდ მათ აქვთ კომპეტენცია სწორი გადაწყვეტილების მიღების, ყველას მიაჩნია, რომ რაღაც უმაღლეს ჭეშმარიტებას ფლობს. ჩვენ, საზოგადოებამ მივაჩვიეთ ეს ადამიანები, რომ უპასუხისმგებლოდ, ინფანტილურად, ქაოსურად ექცეოდნენ არამხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს, არამედ საბოლოო ჯამში სახელმწიფოს სტაბილურობას.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება და მას მმართველ პოლიტიკურ ძალას საზოგადოება დააკისრებს, რომელსაც, მიუხედავად ამ მინუსებისა, ერთი უნივერსალური თვისება აქვს - ძალაუფლების უზურპაციას არავის არ პატიობს. არ აპატია არცერთ ხელისუფლებას და არ აპატიებს მოქმედსაც. როდის დადგება ეს მომენტი, როცა საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის და პოლიტიკურად დასჯის არსებულ ხელისუფლებას, თარიღის დასახელება გამიჭირდება, თუმცა პროცესს სჭირდება ლიდერი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა გამოჩნდება, ეს უნივერსალური კანონია - როცა არსებობს მოთხოვნა, აუცილებლად ხდება მიწოდება"- დასძინა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






