დემიენ მაკგინესი ქართულ ენაზე, როგორც ორიგინალურ, იშვიათ, საკუთარი ულამაზესი დამწერლობის მქონე ენაზე ამახვილებს ყურადღებას, ეხება ქართული ხასიათის თავისებურებებს, სტალინს „საქართველოს ყველაზე ცნობილ შვილად“ მოიხსენიებს, ხოლო ქუთაისში პარლამენტის შენობას ბაყაყის გიგანტურ თვალს ადარებს. სტატიის ავტორი საქართველოს ბუნების სილამაზეც ამახვილებს ყურადღებას:
"რომელია თქვენი აზრით, ევროპის ყველაზე დიდი მთა? ალპები? ცდებით. ეს კავკასიის მთებია, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარს ქმნიან. შხარა, რომლის სიმაღლე 5193 მეტრს აღწევს, 400 მეტრით უსწრებს მონბლანს", - წერს ავტორი.
მაკგინესი ასევე წერს, რომ საქართველოში "კოსმიური-არქიტექტურის" ერაა. დემიენი მკითხველებს ქუთაისის პარლამეტის შენობაზე მოუთხრობს და მას ბაყაყის გიგანტურ თვალს ადარებს.
"აშენდა უამრავი პოლიციის შენობა, რომლებიც მთლიანად შუშისაა. ეს საქართველოს დემოკრატიისკენ და გამჭვირვალობისკენ სწრაფვის სიმბოლოა. ამავდროულად, გზები და ქვეყნის ინფრასტრუქტურა ცუდ ფორმაშია", - ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტს არც ჰომოფობიის თემა გამორჩენია და 17 მაისის მოვლენებს შეეხო. სტატიის ავტორი კვლევებზე დაყრდნობით საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად მოიხსენიებს, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველო მეგობრული ქვეყანაა და აქ სტუმარი "ღვთის საჩუქრად“ ითვლება. დემიენი ქართულ სუფრაზე, ღვინოსა და ჭაჭაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქართველოში სასმელის დაძალება იციან, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის მიზეზად ვერ გამოდგება ხანგრძლივი მგზავრობა, რომელიც სტუმარს ელის: „ამის პასუხად ადგილზე ღამის გათევას უანგაროდ შემოგთავაზებენ“, - წერს ჟურნალისტი.
10 ფაქტს შორის მოხვდა რწმენის საკითხიც:
"მოსახლეობის 80% აცხადებს, რომ ეკლესიურია, ხოლო მისი მმართველი ილია II 90%-ზე მაღალი რეიტინგით, ყველაზე პატივსაცემ მოღვაწედ ითვლება".
სტატიის ავტორი ქართული ურთიერთობების თემასაც ეხება და აცხადებს, რომ აქ ყველაფერი "ნათესაობით" კეთდება.
"მე მყავს ბიძაშვილი, რომელიც ამას გადაწყვეტს" - აი, ყველაზე აქტუალური ფრაზა, როდესაც პრობლემა გაქვს. ერთი ასეთი ბიძაშვილი მეორადი ავტომობილის ყიდვაში დაგვეხმარა, მეორე - სამხედრო ბაზაზე ღამის გათევაში, როდესაც მთაში ძლიერმა თოვამ შეგვაყოვნა",- იხსენებს სტატიის ავტორი.
დემიენ მაკგენსი სტატიის ბოლოს ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ევროპელად მიიჩნევს:
„თუ ჩავთვლით, რომ ეს ევროპაა, მაშინ იგი ჰგავს მე-19 საუკუნის სიცილიას და არა თანამედროვე ევროკავშირის ქვეყნებს“, - აღნიშნულია სტატიის რეზიუმეში.
მასალის გამოყენების პირობები






