ე.წ. ციანიდის საქმე - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პროცესი არ დასრულებულა, დეკანოზის უფლებადამცველები ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ განაჩენს და შესაძლოა იგი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომდეც მივიდეს. მანამდე კი ეტაპობრივად სხვადასხვა დეტალები ვრცელდება, თუნდაც აუდიოჩანაწერები სასამართლო პროცესიდან, განსაკუთრებით რეზონანსული კი ამ თვალსაზრისით პატრიარქის მიდვან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილისა და თავად მსჯავრდებულის ჩვენებები გახდა, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა.
ამ ყოველივეს პარალელურად, 10 ოქტომბრის საღამოს საათებში ცნობილი გახდა, რომ 11 ოქტომბრის 12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა. თავდაპირველად იყო საუბარი იმაზე, რომ პატრიარქმა საგანგებო სხდომა მოიწვია, გამომდინარე იქიდან, რომ სხდომის მოწვევის მიზეზი და განსახილველი საკითხები უცნობი იყო, ვრცელდებოდა მრავალი ვერსია, მათ შორის ე.წ. ციანიდის საქმეზეც.
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, კონკრეტული დეტალები არ გახმაურებულა, გარდა რამდენიმე სასულიერო პირის საკითხის განხილვის შესახებ ინფორმაციებისა. მოგვიანებით კი საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საპატრიარქოში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დეკანოზის საქმეს განიხილავს:
„მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.
აღნიშნული სააპელაციო-საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ წმიდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ოქმში.
საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას დაუკავშირდა. თეოლოგი მიიჩნევს, რომ ასე ნაჩქარევად, ასეთი წესით სინოდის სხდომის დანიშვნა მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საპატრიარქოში არ არსებობს განსაზღვრული წესი, რომელიც სინოდის მოწვევის რეგლამენტს ადგენს, ამიტომ შესაძლოა ითქვას, რომ საპატრიარქო და სინოდი არ მოქმედებენ თანმიმდევრული წესებით:
„ასეთი წესით სინოდის მოწვევა მიუთითებს იმაზე, რომ ალბათ არ არსებობს დადგენილი წესი, რომელიც აუცილებლად უნდა განსაზღვრავდეს სინოდის სხდომის მოწვევის რეგლამენტს. ეს არის სწორედ ის პრობლემები, რომლებზედაც ხშირად ვსაუბრობთ, საპატრიარქოს გარკვეულ ჯგუფს და კონკრეტულად სინოდს არ გააჩნიათ მოქმედების შეთანხმებული წესი. შესაძლებელია საგანგებო სინოდი ჩაინიშნოს, მაგრამ ესეც ექვემდებარება მკაცრად განსაზღვრულ წესებს და უნდა იქნეს ახსნილი ის გარემოებები, რამაც გამოიწვია შეკრების აუცილებლობა. მიმდინარე პროცესები არის ერთადერთი რამის მანიშნებელი, რომ საპატრიარქო და სინოდი არ მოქმედებენ მწყობრი, თანმიმდევრული წესით“, - აღნიშნავს ვლადიმერ ნარსია ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება სპეციალური კომისიის შექმნის საკითხს, თეოლოგი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საპატრიარქოს კომისია დეკანოზის დამნაშავეობას დაადგენს, ნაადრევი ნაბიჯი იქნება, რადგან საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დასრულებულა:
„საპატრიარქოს გაკვეულ ჯგუფს, ამ კომისიის შექმნა თუ იმისთვის სჭირდება, რათა გვითხრას, რომ სასამართლოს განაჩენი დეკანოზი მამალძისათვის გამოყენებული იქნას საპატრიარქოს კანონიკური პასუხის საფუძვლად, იმასთან დაკავშირებით, რომ დეკანოზ მამალაძეს შეეზღუდოს ან აეკრძალოს მღვდელმოქმედება, მიმაჩნია, რომ ეს იქნება ნაადრევი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლოს ის ინსტანცია, რომელმაც გადაწყვიტა დეკანოზის საქმე, არ წარმოადგენს სამართლის უზენაეს ინსტანციას, თუ საპატრიარქო და ეს ჯგუფი მიზნად ისახავს, რომ კანონიკურ გადაწყვეტილებას სასამართლოს გადაწყვეტილება დაუდოს საფუძვლად, ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ ეს საქმე არ არის ჯერ დასრულებული და ის აუცილებლად გადაინაცვლებს შემდგომ ინსტანციებში, მაქსიმუმ ასევე მან შესაძლოა გადაინაცვლოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია იმ თვალსაზრისით, რომ სამართლის დადგენა მხოლოდ ამ ინსტანციების გავლის შემდეგ გახდება შესაძლებელი“, - განმარტავს თეოლოგი.
რაც შეეხება კანონიკურ პასუხს, ვლადიმერ ნარსია მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები არქაული წესებით მოქმედებენ, რომელსაც თანამედროვე სამყაროს დონეზე არავითარი მოდერნიზაცია არ განუცდია. საპატრიარქო კი საუბრობს პროკურატურის ენით, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის ვალდებულება არ გააჩნია:
„რაში მდგომარეობს კანონიკური პასუხი - ფეოდალურ-მონარქიულ სახელმწიფოებში იყო ასეთი პრინციპი, რომ ეკლესია ეუბნებოდა სახელმწიფოს, ვისაც შენ დამნაშავედ მიიჩნევ, მეც ვაღიარებ მას დამნაშავედ. აქედან არის ეს გადმონაშთი, სავარუდოდ საპატრიარქოს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ ამ არქაული წესებით, რომელსაც არ განუცდია თანამედროვე ეპოქისთვის შესაბამისი მოდერნიზაცია, ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე, რადგან ამ არქაული, სოციალური სივრცისთვის სრულიად მკვდარი ენით გველაპარაკება საპატრიარქო.
სამარცხვინოდ იქცევა საპატრიარქოს ეს ჯგუფი, როდესაც იმეორებს პროკურატურის ენას. საპატრიარქო ჩვენ გვევლინება პროკურატურის განმეორებად. საპატრიარქოს არავინ ავალდებულებს, რომ მან პროკურატურის ენით ისაუბროს. ამიტომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ამ ამბის გამართლებასთან და მოხდეს მამალაძეზე შეტევა“, - აღნიშნავს თეოლოგი.
ვლადიმერ ნარსია „ნიუპოსტთან“ საუბრისას კომისიის შექმნის დანიშნულების მეორე ვარიანტსაც განიხილავს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა მოხდეს დეკანოზის გამართლება, ამისთვის კი შესაძლოა კომისიამ პატრიარქის ავტორიტეტი გამოიყენოს:
„არის მეორე მომენტიც, შესაძლოა საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფი ფიქრობდეს იმას, რომ დანაშაული, რომელიც წარედგინა დეკანოზ მამალაძეს, არ დასტურდება და შესაძლოა დეკანოზი მამალაძე არ არის ის, ვინც საზოგადოებას გაგვაცნო პროკურატურამ თუ სასამართლომ. პატრიარქის სახელისა და მისი ავტორიტეტის გამოყენება, ამ კომისიის შექმნითა და ძიების პროცესის განხორციელებით, შესაძლოა იყოს პროზიტიური მიმართულებით ვითარების შეცვლის მცდელობა. ვგულისხმობ იმას, რომ პატრიარქმა და ამ კომისიამ შესაძლოა თქვას ერთ მშვენიერ დღეს, რომ საქმე არ გვაქვს ამ ტიპის დანაშაულთან, არამედ მცირეოდენ კანონიკურ დარღვევასთან, შესაძლოა ეს გახდეს საფუძველი საზოგადოებრივი აზრის შექმნის, რომ მამალაძე არ წარმოადგენს იმგვარ დამნაშავეს, როგორადაც იგი გააცნეს საზოგადოებას, ეს კი შეცვლის განწყობას დეკანოზის მიმართ, ამგვარი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იქნება, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა საფუძველი გახდეს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის ბრალის მოხსნისა.
ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ ერთეულ პიროვნებებს, საუბარია ხელისუფლების ლიდერებსა და მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე კათოლიკოს-პატრიარქზე. არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების წარმოება განვითარდეს ისე, რომ მან გამოაცხოს დასკვნა, სადაც დავინახავთ პატრიარქისა და ეკლესიის უზომო გავლენას. ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, სადაც სასამართლო შეიძლება მინიმუმ რამდენიმე წლის მანძილზე დამოუკიდებელი იყოს. მე ველოდები, რომ შესაძლოა პატრიარქის ავტორიტეტი გამოყენებული იქნას ამ მიმართულებით, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს იქნება სამართლიანი, რადგან მეორე მხარეს გვაქვს შემთხვევა, სადაც უდანაშაულო ადამიანი დასაჯეს“, - ამბობს ვლადიმერ ნარსია.
მისივე თქმით, კომისიის შექმნა შესაძლოა გულისხმობდეს კანონიკური წესებით არა „ციანიდის საქმის“ განხილვას, არამედ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმიანობის განხილვას. თეოლოგი მიიჩნევს, რომ ამ შემთვევაში მსგავსი ნაბიჯი ეკლესიისთვის იქნება დაგვიანებული და სირცხვილი, რადგან ე.წ. ციანიდის საქმე გახდება ეკლესიისთვის ბიძგის მიმცემი, ისაუბროს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე:
„კომისიის შექმნა შესაძლოა გულისხმობდეს არა იმდენად ე.წ. ციანიდის საქმის კანონიკური წესებით განხილვას, არამედ დეკანოზი მამალაძის საქმიანობის განხილვას. თუ ეს ასე არის და საპატრიარქოს ეს ჯგუფი გვეუბნება, რომ კიმისიას იმისთვის ქმნიან, რომ მათ სურთ დეკანოზი მამალაძის საქმიანობა განიხილონ, მიმაჩნია, რომ ეს არის დაგვიანებული და ეკლესიის სირცხვილი, თუ ე.წ. ციანიდის საქმე ხდება ბიძგის მიმცემი საპატრიარქოსთვის, რათა იმოქმედოს კანონიკური წესების მიხედვით დაგვიანებით, საპატრიარქოს ეს ინტერესი ყოველთვის უნდა ჰქონდეს და უნდა განიხილონ ყველა ასეთი ადამიანის საქმიანობა და არა მხოლოდ დეკანოზი მამალაძის საქმიანობა, ეს პრობლემა არ დადგებოდა. ჩვენ დავინახეთ ის, რომ იაკობ იაკობიშვილმა, რომელმაც იცოდა ეს საქმე, სინოდზე კი არ დააყენა მისი პრობლემატურობა, არამედ პროკურატურაში მოხდა მისი დაკითხვა პირველად და ძალოვანი უწყებებისათვის მოხდა ამ ინფორმაციების მიწოდება.
რეალურად, ეს არის უდიდესი სირცხვილი ეკლესიისათვის, რომ ბიძგის მიმცემი ხდება ისეთი სამარცხვინო საქმე, როგორიც ციანიდია და ეკლესიაში სისტემა არ არსებობს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ასეთი რისკებისაგან დაზღვევა - რისკებისგან, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეული თანამდებობის პირების მხრიდან გადაცდომებს ან კანონიკური წესების დარღვევებს.
არ არის აუცილებელი ციანიდი და მსგავსი აფეთქებები მოხდეს საპატრიარქოში, რათა პოსტფაქტუმ მოხდეს შემდეგ, არსებული პრობლემების განხილვა. მანამდე უნდა იყოს ეკლესია მობილიზებული. თუ ვინმეს მოქმედების კანონიკური წესით შეფასებაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში უნდა შეფასდეს შორენა თეთრუაშვილი, რადგან ყველანაირი ნორმის დარღვევით არის იგი დღეს იმ თანამდებობაზე, რომელზეც არის, ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ქალი ითავსებდეს ასეთ მნიშვნელოვან საქმეებს, სანამ ეკლესიის ცხოვრებაში კიდევ უარესი ფაქტები დადგება, ამ კომისიამ მისი საკითხი უნდა დააყენოს“, - აღნიშნავს ვლადიმერ ნარსია ჩვენთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






