ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. მიზეზი თურქეთის სასამართლოს მიერ საკონსულოს თანნამშრომლის, მეთინ თოფუზისთვის თავისუფლების აღკვეთა გახდა, რომელსაც ფეთჰულა გიულების ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან.
აშშ-ის ხელისუფლება მათი თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აღნიშნული ფაქტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. აშშ-ის საელჩოს განცხადებით აღნიშნული ქმედება ძირს უთხრის თურქეთთან ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აიძულა გადახედოს აშშ-ის დიპლომატიური მისიებისა და პერსონალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლების ვალდებულების საკითხს. საელჩოებსა და საკონსულოებში სტუმრების სიის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ვაჩერებთ ყველა არასაიმიგრაციო სავიზო მომსახურებას“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გავრცელდა.
თურქეთის სასამართლომ მეთინ თოფუზს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას ჯაშუშობაში, კონსტიტუციური წყობის დარღვევისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ედება ბრალი.
განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში კი, ოფიციალურმა ანკარამ ამერიკის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეერთებულ შტატებში მდებარე ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას აუკრძალა.
არასაიმიგრაციო ვიზები გაიცემა ტურისტებზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყანაში მკურნალობისთვის, ბიზნესის, დროებითი სამსახურისთვის ან სწავლისთვის ჩადიან.

მასალის გამოყენების პირობები






