ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სასამართლოზე გაჟღერებულ სკანდალურ ჩვენებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ტყეში გატაცებული მოწმე!" სკანდალი სასამართლოზე!
პროკურატურის მოწმე ლევან სუთიძე აძლევდა ჩვეულ დაზეპირებულ ჩვენებას სასამართლოს. როდესაც დაასრულა, ადგა ადვოკატი გიორგი ინიანი და მიმართა მოწმეს:
"ბატონო ლევან, გახსოვთ თუ არა, რომ 10 ივნისს თქვენი ინიციატივით დაგვიკავშირდით და მობრძანდით ჩვენთან ოფისში, სადაც თქვენი თქმით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოგეყოლათ, გაფრთხილებთ რომ უარყოფას აზრი არა აქვს, ვინაიდან ოფისის კამერები ყველაფერს იწერენ"
მოწმე: "დიახ, მახსოვს"
ადვოკატი: "ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს რაც თქვენ მოგვიყევით ოფისში და თუ კი, იქნებ სასამართლოსაც განუმარტოთ რა მოხდა"
მოწმე: "დიახ, მე რამდენიმე დღის განმავლობაში დამსდევდა ოპერატიული მანქანა შკოდა, რამოდენიმე დღის მერე ღამით გამიტაცეს შავი ჯიპით, წამიყვანეს წყნეთში, შემიყვანეს ტრასიდან 200 მეტრზე მეტი მოშორებით ტყეში, წამართვეს მობილური და მითხრეს, რომ ისინი გამახსენებდნენ თუ რა უნდა მეთქვა ჩემს ჩვენებაში, დამემუქრნენ და დამტოვეს ტყეში! ეს პირები არ გავდნენ პროკურატურის თანამშრომლებს, არამედ უფრო გავდნენ სამხედრო პოლიციელებს!" - წერს"ფეისბუქზე" ანი ნადარეიშვილი.
ის, რომ ბაჩო ახალაიას საქმის მოწმე წყნეთში აიყვანეს და ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, აღნიშნულის შესახებ ახალაიას ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი ონიანის თქმით, ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, რომელიც ე.წ. 7 სპეცრაზმელის წამების ბრალდებას ეხება, ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და ამ მიზნით პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე ტყეში, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს.
"მოწმემ განაცხადა, რომ იგი ღამის პირველ საათზე, ნების საწინააღმდეგოდ, წყნეთის ტყეში ჰყავდათ წაყვანილი. ეუბნებოდნენ, რომ რაც პირველი ჩვენებიდან არ ახსოვდა, ტყეში გაახსენებდნენ. ამის შემდეგ მანქანიდან გადმოაგდეს, შუაღამისას ტყეში დატოვეს, ტელეფონი გაუთიშეს და გადაუგდეს. ლევან სუთიძე ყვება, რომ ნახევარი საათი ეძებდა ტელეფონს, შემდეგ დაუკავშირდა მეგობარ სპეცრაზმელს, რომელიც დღესაც მუშაობს და წაყვანა სთხოვა. მას პროცესზე პროკურორი ჩაეკითხა, ხომ არ იყო დაცვის მხრიდან გამომდინარე პროვოკაცია. მოწმემ თქვა, რომ ეს იყო ფაქტი, რომელიც მოხდა. სუთიძემ ასევე განაცხადა, რომ ამის დადასტურება შეეძლო მის მეუღლესა და სპეცრაზმის იმ წარმომადგენელს, რომელმაც იგი წყნეთის ტერიტორიიდან შუაღამეს წამოიყვანა", - განაცხადა გიორგი ონიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






