,,ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ ვაპირებთ, დავთმოთ ჩვენი ხმები“ - ინტერვიუ ზალიკო უდუმაშვილთან
პოზიცია - 22:04, 04 Oct, 2017     1817
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დედაქალაქის მოსახლეობა 17 დღეში თბილისის პირველი პირს ირჩევს.

"ნიუპოსტი" კანდიდატთა წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად აშუქებს დღეიდან კი დედაქალაქის მერობის კანდიდატთა პრიორიტეტებს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

რუბრიკა „პოზიცია“ ამჯერად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატს ზალიკო უდუმაშვილს დაეთმო.

ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორ წარმოუდგენია ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასულ უპარტიო ლიდერს თბილისის პრობლემების მოგვარება, რა არის მისთვის მთავარი გამოწვევა. როდის ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს ბოლოს და რას გეგმავს მეორე ტურის შემთხვევაში:

- დღეს ეუთო-სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდით. აუდიენცია დაგეგმილზე მეტ ხანს წარიმართა. კონკრეტულად რაზე გაამახვილეთ ყურადღება შეხვედრისას?

- ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. ჩვენი ამოცანა იყო, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მიგვეწოდებინა წინასაარჩევნო პერიოდთან და იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დაფიქსირებული გვაქვს და რომელზეც ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ სახელისუფლებო პარტიასთან შედარებით ჩვენ არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით. მარტივად რომ ვთქვათ, "ქართული ოცნების" ანგარიშზე 8 მილიონამდე შემოწირულობაა, აქეთ კი მხოლოდ 5 000. ეს უკვე მეტყველებს იმაზე თუ რა პირობებში გვიწევს ბრძოლა. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გავაცანით უკვე დაფიქსირებული დარღვევები სიებთან დაკავშირებით, საოლქო კომისიების წევრების არჩევნებთან დაკავშირებით, არარსებულ მიწერებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელიც ქმნის არასახარბიელო სურათს, რაც დღეს სახეზეა. მათ შორის ყურადღება გავამახვილეთ ბოლო დღეებში თბილისის საკრებულოსა და მერიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან არჩევნების გაყალბება.

- თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია და იქ განვითარებული მოვლენები კვირის მთავარი თემაა. თქვენ მერიისგან თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე ტერიტორიების გადაცემის საკითხის 21 ოქტომბრამდე შეჩერებას მოითხოვთ. მაშინ, როცა არჩევნებამდე 17 დღეა დარჩენილი, ხომ არ არის თქვენი პროტესტი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, როგორც ამას თქვენი ოპონენტები ამბობენ?

- ამ შეკითხვას პირიქით შევატრიალებდი: რატომ უღირთ ასე სწრაფ რეჟიმში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება?!თუ ორი კვირა მოცდა არ შეიძლება, რომ მერე დავსხდეთ და კარგად, სიღრმისეულად განვიხილოთ ეს საკითხები?ეს ხომ არ ეხება რაღაც მიწის ნაკვეთს სადღაც, ეს არის პუშკინის სკვერში არსებული, თბილისის გულის ტერიტორია, რომელიც სიმბოლურ ფასად, 1 ლარად უნდა გადასცენ ბიძინა ივანიშვილს. ჯერ, საერთოდ რატომ არის პრეცედენტი იმისა, რომ ადამიანს, რომელსაც 6 მილიარდი გააჩნია და რომლის კომპანიებიც საკმაოდ მდიდარია, რატომ უნდა გადაეცეს ქონება ერთ ლარად. როდესაც სიმბოლურ ფასად აძლევ ვიღაცას ქონებას ამან სერიოზული საზოგადოებრივი სიკეთე უნდა მოიტანოს. ამ შემთხვევაში ჩვენ კომერციულ ორგანიზაციას ვაძლევთ ტერიტორიას კომერციული მიზნებისთვის. ანუ ეს უნდა იყოს იმ სასტუმროს შემადგენელი ნაწილი.

- ხელისუფლება და სახელისუფლებო კანდიდატი ირწმუნება, რომ ტერიტორიის გადაცემას საინვესტიციო პირობები ახლავს თან, ანუ ინვესტორს ვალდებულებები ეკისრება, თქვენთვის რატომ არის მიუღებელი ეს საკითხი. მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ თუნდაც იმ პარკინგით, რომელიც უნდა აშენდეს?

- თუ მოქალაქეები ისარგებლებენ ეს იქნება განსაკუთრებით შეზღუდული მათთვის. საკრებულოში შეტანილი დოკუმენტის თანახმად, მოთხოვნა არის 30 საპარკინგე ადგილზე, როცა დღეის მდგომარეობით იქ (მიწის ზევით) 70 ავტომობილი ეტევა. შესაბამისად ჩვენ, 70 ის ნაცვლად გვაძლევენ 30 ადგილს და დანარჩენს, სამსართულიან მიწისქვეშა პარკინგს, მთლიანად სასტუმრო ითვისებს. ანუ, ჩვენ კერძო ბიზნესის კეთილდღეობისთვის უნდა გადავცეთ ერთ ლარად ეს ტერიტორია და თაბორის მთა. დამისახელეთ ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოითხოვდა თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთის გამოყოფას და მაინტერესებს, ვის მისცემდნენ ამის ნებას?!. ამ ტერიტორიაზე 40 ჰექტარი აქვს, რაც არ ჰყოფნის და კიდევ იერთებს. ეს უბრალოდ თბილისელების დაცინვაა. ამიტომ ვითხოვთ გადადონ საკითხის განხილვა. 21 ოქტომბრის შემდეგ თბილისის ახალი ხელმძღვანელობა, საკრებულოს ახალი შემადგენლობა და თბილისელები თავად გადაწყვეტენ, ვის და რა პირობებით უნდა მისცენ აღნიშნული ტერიტორია.

- 1 ლარად გადაცემული ქონების პრაქტიკა ახსენეთ, რაც არც ძველი ხელისუფლებისთვის იყო უცხო. მაგალითად კუდის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის გადაცემული ქონება და სხვა...

- გულწრფელად გეუბნებით, რომ ამ საქმეს მართლა არ ვიცნობ, თუმცა მახსოვს ნინო ბურჯანაძის ქეისი, რადგან თემა მაშინაც ძალიან ხმაურიანი იყო. შემიძლია ამ შემთხვევაშიც ვთქვა, რომ თუ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემას საზოგადოებისთვის სიკეთე არ მოუტანია, ეს არ უნდა მომხდარიყო და ამას მე დღესაც ხმამაღლა ვამბობ. ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ როგორც აღვნიშნე მაქსიმალურ სიკეთეს იღებს საზოგადოება ან ამ შენობას შენ დევნილებს, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს გადასცემ. ეს, რა თქმა უნდა, გასაგები და მისაღებია. მაგრამ, როცა ქონებას პირს საკუთარი კომერციული მიზნებისთვის ან პირადი მოხმარებისთვის გადასცემ, ეს ყოვლად დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ეს იყო შეცდომა წინა ხელისუფლებისაც.

- "ნევროზიანი და გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ წინასაარჩევნოდ ყურადღების მიპყრობა"- ასეთია მთავრობის მეთაურის შეფასება, "გაქსუებული​" - ეს კი თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის ტერმინია თქვენი და თქვენი პარტიის მისამართით... როგორ ფიქრობთ რამდენად ეთიკურია მსგავსი ეპითეტებით ოპონენტების მოხსენიება?

- ნევროზზე თუ დავიწყებთ საუბარს, ძალიან კარგად გამოჩნდა, ვის აქვს ნევროზი. დაავალეს სამშაბათს, საგანგებოდ მოეწყო მთავრობის სხდომა, კალაძე სასწრაფოდ გაუშვეს ადგილზე და უთხრეს, ლაივი გაეკეთებინა. როგორც ჩანს, გულზე მოხვდათ ის, რაც ბოლო დღეებში საკრებულოსა და მერიის წინ მოხდა. საპროტესტო ტალღამაც შედეგი გამოიღო: სწრაფ რეჟიმში მსგავსი განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, ამ ყველაფერზე მეტყველებს. ყველამ თავის ლექსიკას მიხედოს. თუ ნორმალური ლექსიკით არ შეუძლიათ პოლიტიკური ოპონირება ეს მათი პრობლემაა.

- "ნაციონალური მოძრაობამ" საპროტესტო რეჟიმზე გადასვლა დააანონსა - ეს რეჟიმი არჩევნებამდე აქციების გამართვას ითვალისწინებს?

- ეს ყველაფერს გულისხმობს: როგორც სამართლებრივ დავას, ასევე საპროტესტო აქციებს. ჩვენ თბილისის მთავრობის სხდომას ველოდებით, რომელმაც ეს საკითხები უნდა განიხილოს და შემდეგ საკრებულოს გადაუგზავნოს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ საკითხზე მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ. ვთქვი და თქვენთანაც იმავეს ვიმეორებ, რომ 21 ოქტომბრამდე მოცდას არ ვაპირებ. ჩვენი პროტესტი კიდევ უფრო ხმამაღალი და უფრო მრავალრიცხოვანი იქნება. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას 1 ლარად ეს მიწის ნაკვეთები ბიძინა ივანიშვილს დაუკანონონ.

- "თბილისი უნდა გახდეს ბედნიერი ადამიანების ქალაქი"- ეს თქვენი სლოგანია - რა სჭირდება და რას სთავაზობს ზალიკო უდუმაშვილი ამომრჩეველს ბედნიერებისთვის?

- ჩვენდა სამწუხაროდ დღეს ყველაზე დიდი პრობლემა სოციალური პრობლემა და დასაქმებაა. სამწუხაროა, რომ თბილისის მერიას უწევს ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა, რადგან ეს თბილისის მერიის პირდაპირი მოვალეობა არ არის, თუმცა აუცილებლად ვიმუშავებთ და ეს იქნება პრიორიტეტი სწორედ, რომ სოციალურად დაუცველებს თბილისმა თავის მხრივ გაუწიოს დახმარება და მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაზე არ იყოს დამოკიდებული. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ის სოციალურად დაუცველი, ვისი სარეიტინგო ქულა 200 000-მდეა განსაზღვრული, თბილისის მერიისგან 50 ლარიან დახმარებას მიიღებს, რაც წელიწადში ასი მილიონი ლარია.

- საიდან მოგაქვთ ეს 100 000 000, როცა თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 220 000 000 ლარია?

- თბილისში თუ წესრიგის დამყარებას ვიწყებთ, ამას ვიწყებთ სწორედ დედაქალაქის მერიისგან. იქ სწორად უნდა დალაგდეს მენეჯმენტი და უნდა შემცირდეს ის ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც არა თბილისის მერიას, არამედ თბილისელებს აწევთ კისერზე. წარმოიდგინეთ, თბილისის მერიამ ბოლო სამ წელიწადში 235 მილიონი საკუთარ თავს, საკუთარ ფუფუნებას დაახარჯა. მე აქ ხელფასებს არ ვგულისხმობ, საუბარია დანამატებზე და პირად კომფორტზე. მხოლოდ ამ ბიუროკრატიული მექანიზმის დახვეწით და შემცირებით, მე, 100 მილიონს დავზოგავ, რომელიც მთლიანად სოციალურ მიმართულებაზე გადანაწილდება. თუმცა, აქვე ვამბობ, რომ ჩემი მიზანი არ არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული ხარჯოს მერიამ სოციალურ პროექტებზე, ჩემი მიზანია, ამ ოთხი წლის განმავლობაში რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა თვითონ შეინახოს თავისი თავი. ჩვენ ბევრი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ და როგორ: თბილისის მერიამ მასშტაბური პროექტები უნდა დაიწყოს, რომელიც ბოლო პერიოდში არ განხორციელებულა. ასფალტის დაგება და კორპუსის მშენებლობა არ არის დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის გზა, ეს არის მასშტაბური პროექტები: როგორიცაა გზატკეცილები, გვირაბები ხიდები და ასე შემდეგ...

- მასშტაბური პროექტები რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს, რა იქნება შემდეგ?

- მაგალითად, როდესაც შემოვლით რკინიგზაზე ვსაუბრობთ, იქ არის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი. ამ გზის მშენებლობის დამთავრების პარალელურად იქ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განვითარდეს, ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები, კვების ობიექტები და ა.შ. წარმოიდგინეთ, რამდენი სამუშაო ადგილი მოჰყვება თითოეულ ასეთ პროექტს, რაც თავისთავად მუდმივი სამუშაო ადგილების გაჩენას გულისხმობს.

შემდეგ მოდის ეკოლოგია, რომელსაც ყველა თბილისელი პრობლემების სამეულში ასახელებს. ეს არის მართლაც უმძიმესი პრობლემა, რომელიც მთელი იმ პრობლემების ჯაჭვია, რომელსაც საბოლოო ჯამში დაბინძურებულ ჰაერამდე მივყავართ. რა თქმა უნდა, ახალი სარეკრეაციო ზონები, ბევრი სიმწვანე ქალაქს და ის ცენტრალური პარკი, რაც ჩემი საყვარელი დაპირებაა. თბილისის იპოდრომი თბილისის ფილტვებად უნდა ვაქციო. ეს უნდა იყოს ევროპული სტანდარტის ძალიან დიდი პარკი. თანხობრივად და დროშიც დათვლილი მაქვს ყველა დეტალი. წელიწადნახევარი დამჭირდება იმისთვის, რომ თბილის საუკეთესო პარკი გვქონდეს.

- იპოდრომი კერძო პირს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, როგორ შეძლებთ ტერიტორიის გამოსყიდვას, მაშინ როცა ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდია, თავად ივანიშვილს კი ზურგს დიდძალი კაპიტალი უმაგრებს...

- მე ამ არჩევნებში გუნდთან ერთად ვიბრძვი. ვაპირებ თბილისის საკრებულოშიც მნიშვნელოვანი ადგილები ავიღოთ. შესაბამისად მხარდაჭერა საკრებულოდანაც მექნება. რაც შეეხება იპოდრომის პროექტს, ჩემი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის უფლებას მე კანონი მაძლევს. კანონი აძლევს უფლებას როგორც სახელმწიფოს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს ან საზოგადოებრივ ინტერესებს, მან გამოისყიდოს ან ადგილმონაცვლეობა გააკეთოს ტერიტორიის, რა თქმა უნდა, სამართლიანობის პრინციპის დაცვით. მე ამ ტერიტორიას გამოვისყიდი. თავის დროზე 48 მილიონია გადახდილი ამ ტერიტორიაში, მე ეს თანხა მიღირს იმად, რომ თბილისს ახალი ფილტვები შევუქმნა.

- შემდეგ რა მოდის პრიორიტერების ჩამონათვალში?

- ინფრასტრუქტურული პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განათლება იქნება, რადგან ამ სახელმწიფოს მომავალი მხოლოდ და მხოლოდ განათლებულ თაობაშია. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბუნებრივი წიაღისეული, რომელსაც ექსპორტს გავუწევთ. ექსპორტი ჩვენ ნათელ გონებებს უნდა გავუწიოთ. ამიტომ თბილისის მერიისგან ყველა წარჩინებული სტუდენტი დაფინანსდება და სწავლის კურსს უცხოეთში გაივლის.

თბილისის ბიუჯეტში იმდენი ხვრელებია და იმდენი არასწორად გაწეული ხარჯებია, ამის დაზოგვით მე ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. მაგალითად თბილისის მერიის ავტოპარკი რომ ავიღოთ, ის სამასი ავტომობილი რომ გავყიდო უამრავ ფულს დავზოგავ. მერიას სამასი ავტომობილი არ სჭირედება. 50 ავტომობილი თავზე გადაუვა, შეიძლება ესეც არ დასჭირდეს. არ შეიძლება მერიის სამსახურმა სახელმწიფო ავტომობილით იაროს. ან საკუთარი ავტომობილი გამოიყენოს ანდა კეთილი ინებოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენოს. მერიის თანამშრომლები ქალაქში უნდა მოძრაობდნენ, რომ თბილისის პრობლემები იცოდნენ და არა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ავტომობილებით.

- ყველა თანხმდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება თბილისში ბევრ პრობლემას მოაგვარებს, როგორ აპირებთ აღნიშნული ტრანსპორტის პოპულარიზაციას, რომ ბოლოს და ბოლოს ხალხი ავტომობილებიდან გადაჯდეს ავტობუსში, რაც საცობების პრობლემას შეამსუბუქებს...

- საცობების განმუხტვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. თბილისში მცხოვრებ ადამიანს უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება, რომ ის გადაჯდეს საკუთარი ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამისთვის რა არის საჭირო: ტრანსპორტი უნდა იყოს სწრაფი და კომფორტული. დღეს კი თბილისში არის ავტობუსების იმის ნახევარია, რაც რეალურად სჭირდება დედაქალაქს. ახალი, ლურჯი ავტობუსების შემოყვანას მივესალმები, ძალიან კარგია, კომფორტულია, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ავტობუსია, თუმცა რაოდენობრივად არის ძალიან ცოტა. დღეს თბილისში 510 ავტობუსი, თუმცა რეალურად 1000-მდე გვჭირდება. თბილისის მერიამ კომფორტული ავტობუსების შემოყვანა აქტიურად უნდა გააგრძელოს. ჩვენ 4 წლის თავზე უნდა ავიდეთ იმ ნიშნულზე, რომ თბილისს იმ რაოდენობის ტრანსპორტი ჰყავდეს, რაც მას ესაჭიროება.

- მშენებლობებით გამოწვეულ პრობლემების მოგვარება თქვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილია, ამბობთ, რომ უსახური შენობებით ქალაქის დამახინჯებას არ დაუშვებთ, რა ელით უკვე აშენებულ კორპუსებს?

- ბუნებრივია თბილისში მშენებლობები უნდა გაგრძელდეს, ქალაქი უნდა განვითარდეს და მშენებლობაც ბევრი უნდა იყოს. თუმცა ჩვენ უნდა გავამკაცროთ მონიტორინგი თავად მშენებლობაზე. დღეს, ვისაც სადაც უნდა და რამდენსაც უნდა, იმდენს აშენებს. მიდიხარ მერიაში, სრულიად ოფიციალურად, არ ვამბობ რომ კორუფციუიული გარიგებით, ყიდულობ კოეფიციენტებს და თუ გქონდა ნებართვა 5 სართულიან შენობაზე, იყიდი კიდევ ხუთ სართულს და დააშენებ ზევიდან. არავინ გეკითხება, შეიძლება თუ არა ამის გაკეთება, რადგან ამ ქალაქს არქიტექტორის სამსახური არ ჰყავს. არქიტექტორის სამსახურის უფროსი მე კი არ უნდა დავნიშნო, მე უნდა შევარჩიო, მათ შორის ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გზით. ის უნდა იყოს კედელი მერსა და ქალაქს შორის. ის უნდა იყოს შედარებით დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც პირდაპირ დამოკიდებული არ იქნება თბილისის მერზე. მშენებლობის ნებართვის კრიტერიუმების გამკაცრება შემდეგნაირად წარმომიდგენია. რა თქმა უნდა, მანძილი უნდა იყოს დაცული მშენებლობებს შორის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა მშენებელს ვალდებულება, რომ ტერიტორიის ირგვლივ სარეკრეაციო ზოლს მოაწყობს. რაც შეეხება ქალაქის ისტორიულ ნაწილს, იქ მაღალი შენობები საერთოდ არ აშენდება. ჩვენ უნდა მივაღწეიოთ იმას, რომ ქალაქი ურბანულად განვითარდეს, მოწესრიგებულად და არა ქაოტურად, როგორც ეს დღეს არის.

მაგალითად სულ მომყავს სპორტის სასახლის უკან მდებარე მშენებლობა, ასეთი უბანი თბილისში არ უნდა აშენდეს - ცემენტის ჯუნგლები.

- მერად არჩევის შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს თუ გეგმავთ და ვის შეეხება რეორგანიზაცია?

- ბუნებრივია მერი, მერიაში თავის გუნდთან ერთად მიდის. უახლოეს მომავალში ჩრდილოვან კაბინეტს წარვადგენ . მთავრობის იმ გუნდს, ვინც თბილისის მერიაში ჩემთან ერთად იმუშავებს. რაც შეეხება მერიის თანამშრომლებს, ვინც კეთილსინდისიერად მუშაობს და კომპეტენტურია, მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსისა, ისინი თანამდებობას შეინარჩუნებენ. ჩემს გუნდში, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენ, თქვენც ნახავთ, რომ იქ პოლიტიკური ნიშნით არავინ შეგვირჩევია.

მეორე საკითხია, მერიაში არსებული გაუთავებელი შტატების რაოდებობა. დღეს ნარმანიას უწყებაში მხოლოდ ოფიციალურად გაფორმებული თანამშრომლების რაოდენობა რომ ავიღოთ, მათი რაოდენობა 5 000-ზე მეტია. ეს რაც ოფოციალურია და რამდენია უშტატო თანამშრომელი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მერზე მაღალი ხელფასი აქვს გაფორმებული. ეს უნდა მოვსპოთ, ადამიანი, რომელიც არასდროს არ მისულა სამსახურში და ხელფასს ისე იღებს, ბუნებრივია ასეთ ადამიანს სამსახურში ვერ დავტოვებ, ამაზე ფულს ვერ დავხარჯავ. ამას ვგულისხმობ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაში. თბილისის მერიაში მენეჯმენტი უნდა გავზარდოთ, რომ ეფექტური მართვა შევძლოთ.

- როგორ აპირებთ საზოგადოების ჩართვას მერიის საქმიანობაში?

- სწორედ საზოგადოების ჩართულობას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ არქიტექტურის სამსახური სულაც არ უნდა იყოს ჩინოვნიკი. მისი კანდიდატურა ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეირჩეს. მე შემიძლია ამ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოვაცხადო, ვისაც საზოგადოება დაასახელებს, შემდეგ საკრებულო მას განიხილავს და საბოლოო კანდიდატს წარმიდგენს, მას დავამტკიცებ. ასევე ვგეგმავ ამ პრინციპით დავამტკიცო გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ჩემი აზრით არასამთავრობო სექტორიდან უნდა იყოს წამოსული. ეს ორი სამსახური ერთ-ერთი მთავარი სამსახურია მერიაში, რომელიც საზოგადოებამ უნდა მოიწონოს. ამას ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარების გეგმა, რომელიც ამ ქალაქის აქილევსის ქუსლია. არცერთ მერს არც წარსულში და არც ახლა, არ უნდოდათ მისი დამტკიცება, რადგან გენ.გეგმა ზღუდავს მერს, თავისუფლად იმოქმედოს და იუძულებულია, დამტკიცებულ გეგმას მიყვეს. ეს შეიძლება პრობლემა იყოს ვიღაცისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ქალაქისთვის აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, საით მივდივართ.

- მიუხედავად იმისა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ხართ პარტიის ოფიციალური წევრი არ ბრძანდებით. ეს ფაქტი ხომ არ არის თქვენი მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ პარტიის წევრთა წარსულ შეცდომებზე თქვენ პასუხისმგებლობას არ იღებთ?

- მე რომც გამხდარვიყავი პარტიის წევრი, მაინც ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას პარტიის წარსულზე. რაშიც არ ვმონაწილეობდი, იმაზე პასუხიმგებლობა როგორ უნდა ავიღო?! ახლა რომ ვთქვა, პოლიციის რეფორმა ჩემი დამსახურებაათქო სასაცილო ხომ იქნება, ხო არ ვიქნები მართალი საზოგადოების წინაშე. ასევე არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა პენიტენციურ სისტემაში დარღვევებზე მეც ავიღებ პასუხისმგებლობასთქო. ვერ ავიღებ- არ ვმონაწილეობდი. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არ ვარ, ბოლო 2 თვის მოვლენებზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობას მეც ავიღებ. რაც შეეხება ჩემს უპარტიობას, ეს ჩემი წინადადება იყო, რომელიც პარტიამ სრულად გაიზიარა. ამ შემთხვევაში, მე, ბევრად უფრო ღია ვარ სხვა პარტიებისთვისთვისაც. იმ შემთხვევაში თუ გავხდები თბილისის მერი, ზედმეტი პარტიული მოვალეობები თან არ მომყვება. მე ვარ თავისუფალი ჩემს გადაწყვეტილებებში. რა თქმა უნდა გარკვეულ გადაწყვეტილებებს გუნდთან ერთად ვიღებ, მაგრამ მე, ყველა პარტიის მერი შემიძლია ვიყო.

- მათ შორის მმართველ პოლიტიკურ პარტიასთანაც? - როგორ ფიქრობთ, შეძლებთ იმ ლიდერებთან თანამშრომლობას, რომლებიც ნევროზიანს გეძახიან?

- თუ ასე გააგრძელეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, რთული იქნება, თუმცა ის, ვინც თბილისისთვის იმუშავებს, ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის. მათ შორის, მმართველ პარტიასთან, მთავარია თბილისელებს მოვუტანოთ სიკეთე. თუ ხელისუფლება ჩემთან დაპირისპირებას გააგრძელებს, მე პრეზიდენტის შემდეგ, ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე პირი ვიქნები და სიმართლე გითხრათ, ვერაფერს დამაკლებენ. თბილისის მერი განკარგავს საბოლოოდ ამ ბიუჯეტს და მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რაში დავხარჯო ფული. დაპირისპირებით თვითონ წააგებენ.

- მიხეილ სააკაშვილს ბოლოს როდის ესაუბრეთ?

- კიევში როცა ვიყავი, მაშინ...

- სატელეფონო კომუნიკაციაც არ გქონიათ?

- საერთოდ არ მაქვს კომუნიკაცია... სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით მექნებოდა, არც ამას დავმალავ, იმიტომ, რომ მისი გამოცდილების მქონე ადამიანის რჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე შეგნებულად არ გავდივარ კონტაქტზე, რადგან ის უკრაინაში ისეთ ბრძოლაშია ჩართული... გულწრფელად რომ გითხრათ, არც პარტიას აქვს მუდმივი კონტაქტი, აქ გადაწყვეტილებები სრულიად დამოუკიდებლად მიიღება, თუმცა მიხეილ სააკაშვილი რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერია, მისი მთავარი გამწევი ძალაა, ეს ყველამ იცის. რაც შეეხება ჩემს კიევში ჩასვლას, თბილისში ჩვენ მთელი კონსულტაციები უკვე გავლილი გვქონდა. ჩემი წინადადება იყო პარტიის ლიდერს შევხვედროდი. მაინტერესებდა მისი მოსაზრება. როგორ უყურებდა, როგორც ჩემს კანდიდატურას, როგორ უყურებდა მომავალ პოლიტიკურ პროცესებს, მისი ხედვა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. შეხვედრაზე არანაირი კონკრეტული დეტალები არ განგვიხილავს. ვისაუბრეთ, ის როგორ ხედავდა და აფასებდა თბილისში არსებულ მდგომარეობას. ჩემი გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის არ მითქვამს.

- თქვენი აზრით, გაიმართება თუ არა მეორე ტური და როგორ გგონიათ თქვენი კონკურენტების განცხადებების გათვალისწინებით, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში დაგიჭერენ ისინი მხარს?

- მე წარდგენიდან მალევე ვთქვი, რომ ყველა პროდასავლური ღირებულების მატარებელ კანდიდატს, რომელიც მეორე ტურში გავა, მხარს დავუჭერ. ჯერ-ჯერობით ჩემს შეთავაზებას მხოლოდ ელენე ხოშტარიამ უპასუხა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში მე გავედი, მე დამიჭერს მხარს. ანალოგიურად ვადასტურებ მეც, რომ ყველა პროდასავლურ კანდიდატს, ოპოზიციამ მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. ჩვენი მთავარი მიზანია - შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. რას მოიმოქმედებენ სხვა კანდიდატები, ვერ გეტყვით, მათი ოფიციალური განცხადებები არ მომისმენია.

- რატომ ვერ მოხდა თქვენი ფიგურის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანება, მით უფრო, მაშინ როცა უპარტიო კანდიდატი ხართ...

- ეს ალბათ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ცდილობს დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ვითარება შეიცვალოს.

- ყველა თქვენს გამოსვლაში სწორება გაქვთ ბიძინა ივანიშვილზე - როგორ ფიქრობთ მზად არის "ნაციონალური მოძრაობა" დაუპირისპირდეს ექსპრემიერის სოლიდურ კაპიტალს. რა გეგმები გაქვთ, როგორც ჩემთვის ცნობილია და ამაზე პარტიაშიც საუბრობენ, წინა არჩევნებზე ენმ- ხმების დასაცავად ბოლომდე არ იბრძოლა...

- ბუნებრივია არჩევნებზე ფინანსები დიდ როლს თამაშობს, თუმცა არა გადამწყვეტს. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მოსახლეობა იღებს. რაც შეეხება ხმების დაცვას, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც 2016 წელს მოხდა, ეს არ მოხდება. არ ვაპირებ დავთმოთ ჩვენი ხმები. ჩვენ ყველა უბანზე სრული მობილიზება გვექნება გამოცხადებული. სრული მონიტორინგი გვექნება. ხელისუფლების ამოცანაა, გააყალბოს არჩევნები, ჩვენი მიზანია რომ სწორედ ეს არ დავუშვათ. ყოველდღე დავდივარ კარდაკარ და ვხედავ მოსახლეობის განწყობას. ვითარება წინა წლებთან შედარებით სრულიად განსხვავებულია. სწორედ ამ სულისკვეთებას უნდა დაცვა და სწორედ ამიტომ ვხსნით ფრონტის ხაზს.

- ტელევიზია თუ გენატრებათ?

- სიმართლე გითხრათ ამაზე ფიქრისთვის დრო არ მრჩება... მთლიანად ჩართული ვარ წინასაარჩევნო პროცესებში.

- იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ გახდით თბილისის მერი, ხედავთ თუ არა თქვენს თავს ისევ ჟურნალისტიკაში თუ პოლიტიკურ ცხოვრებას ისევ "ნაციონალურ მოძრაობაში" გააგრძელებთ?

- მე პოლიტიკაში 4 თვით არ მოვსულვარ. ბუნებრივია პოლიტიკურ ცხოვრებას იმ გუნდთან გავაგრძელებ, ვისთანაც ერთად შევედი ამ ბრძოლაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42