„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2018 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3.5%-ს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2018 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 40.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 51,9 მლრდ ლარამდე.
არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით 2018 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 10 240,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 25,3%-ია. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფიციტი (რომელიც ეყრდნობა GFSM 2001 კლასიფიკაციას) 2018 წელს მშპ-თან მიმართებაში განისაზღვრება 1.6%-ით, ხოლო 2021 წლისათვის შემცირდება მშპ-ის 1%-ზე დაბალ ნიშნულზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ფარლებში ფისკალური ჩარჩოს ინდიკატორად გამოიყენება მოდიფიცირებული დეფიციტი, რომელიც GFSM 2001 კლასიფიკაციისგან განსხვავებით ფინანსური აქტივებით განხორციელებულ ოპერაციებსაც განიხილავს, როგორც დეფიციტის ფორმირების წყაროს. აღნიშნული მეთოდოლოლოგიის თანახმად 2018 წლის დეფიციტი განისაზღვრება მშპ-თან მიმართებაში 3.3%-ის ფარგლებში (2017 წელს 3,5%-ის ფარგლებში), ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შემცირდება 2.5%-მდე.
2017 წლიდან დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია კვლავ გრძელდება და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში (2017 წელს 24.8%), ხოლო 2021 წლისათვის შემცირდება 20.8%-მდე. პარალელურად მთავრობის საშუალოვადიან ჩარჩოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე მისამართი სახსრების მობილიზება ხორციელდება და ნაერთი ბიუჯეტიდან ამ მიმართლებით 8%-ზე მეტი მიიმართება.“- ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილ პროექტში.
მასალის გამოყენების პირობები






