საფრანგეთში სავარაუდოდ, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ ესკიზი აღმოაჩინეს. როგორც BBC იტყობინება, 150 წლის განმავლობაში, საფრანგეთის ერთ-ერთ მუზეუმში დაცული შიშველი ქალის პორტრეტი, შესაძლოა, „მონა ლიზას“ ესკიზი იყოს.
მანამდე მიიჩნეოდა, რომ "მონა ვანას" სახელით ცნობილი ქალის პორტრეტი ლეონარდო და ვინჩის სტუდიაში იყო შესრულებული. ახლა კი ექსპერტები ამბობენ, რომ მხატვარს თვითონ შეეძლო ორივე ტილოს შესრულება. ლუვრში ექსპერტიზის შემდეგ, კურატორების თქმით, შიშველი ქალის პორტრეტი "სანახევროდ მაინც" და ვინჩიმ შეასრულა.
აღნიშნული ნახატი 1862 წლიდან პარიზის მახლობლად, კონდეს მუზეუმში, აღორძინების ეპოქის ხელოვნების კოლექციაში ინახებოდა.
ლუვრის კურტორის თქმით, ტილო "საკმაოდ მაღალი ხარისხისაა" და შექმნის დრო ლეონარდო და ვინჩის სიცოცხლის წლებს ემთხვევა.
თუმცა, ლუვრის მხატვარ -რესტავრატორი ბრუნომოტენი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზა დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, რადგან პორტრეტის ზედა ნაწილი მარჯვენ ხელით არის შესრულებული, მაშინ როდესაც და ვინჩი ცაცია იყო.
ლეონარდო და ვინჩის ნახატი მონა ლიზა, იგივე ჯოკონდა, დღემდე რჩება რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და მსოფლიო ხელოვნებისთვის მნიშვნელოვან ნამუშევრად. და ვინჩი პორტრეტზე დაახლოებით 1503-1517 წლებში მუშაობდა, მაშინ როდესაც ფლორენციასა და საფრანგეთში ცხოვრობდა.
პორტრეტზე გამოსახული ქალის ვინაობაზე კრიტიკოსები მრავალი წლის განმავლობაში მსჯელობდნენ. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მხატვარმა ფლორენციელი ვაჭრის ფრანჩესკო ჯოკონდას მეუღლე - ლიზა ჯერარდინი დახატა.
მასალის გამოყენების პირობები






