ტაბლოზე მომხრეების გრაფაში, ერთი ტექნიკური გამონაკლისის გარდა, მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრთა ხმები ჩანდა.
114 მომხრე, 3 - წინააღმდეგი - ამ შედეგით კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები მიიღეს.
ქვეყნის მთავარი იურიდიული დოკუმენტის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებამდე, პარლამენტი კონსტიტუციურ პროექტს ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნის. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს, „ოცნების“ მიერ შემუშავებულ და მისივე დამტკიცებულ პროექტს პოლიტიკური ფასი ეკარგება.
„დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიის“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე კონსტიტუციის დამტკიცებას.
„სამწუხაროდ დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ"- განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, დაადებს თუ არა აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, როდესაც საკონსტიტუციო პროექტს პარლამენტი პრეზიდენტს გადაუგზავნის:
„როგორც კი იქნება შემუშავებული საბოლოო რედაქცია და გადმოიგზავნება პრეზიდენტთან, ბუნებრივია პრეზიდენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“- განაცხადა ანა დოლიძემ.
პოლიტიკოსთა განცხადებით, მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, ქვეყნის მთავარი კანონი პოლიტიკურად არალეგიტიმური ხდება, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც.
გავიხსენოთ, საპარლამენტო უმრავლესობასთან, პრემიერთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო უმცირესობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ პრეზიდენტთან, ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს მთავარი მესიჯი შემდეგი გახლდათ: კონსტიტუცია საყოველთაო კონსენსუსის პირობებში უნდა ყოფილიყო მიღებული.
არსებულ კონსტიტუციას ძალაუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას უწოდებენ ოპოზიციაში. ხელსიუფლების ოპონენტები დოკუმენტის ლეგიტიმურობასთან დიდ კითხვის ნიშანს სვამენ და ქვეყნის იმიჯის მიზანმიმართულ შელახვაში ბიძინა ივანიშვილის გუნდს ადანაშაულებენ.
დღეს, სხდომათა ტარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა. მათი შეფასებით, "ქართული ოცნება" ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ დატოვა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად, ვინაიდან ჩვენ აქ ვხედავთ არნახულ ძალადობას, საქართველოს მოსახლოებაზე, არც უცხოეთში მომხრე, ეს არის ერთი პარტიის კონსტიტუცია, ჩვენ ვუცხადებთ არას ერთპარტიულ დიქტატურას, ჩვენ ვიხმართ ყველა ღონეს, მივმართავთ ყველა კანონიერ ზომას რათა ეს კონსტიტუცია არ გახდეს ქვეყნის შემაფერხებელი ბერკეტი“, - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოძირიძემ.
მანამდე კი დეპუტატმა ქართულ ოცნებას სხდომათა დარბაზშივე მიმართა: „თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები“.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია კი დღეს მიღებულ კანონპრიექტს "კლანურს" "ხალხის ქუჩაში გამოსვლის ბიძგის მიმცემს" უწოდებს.
„დღეს არის ძალიან სამწუხარო დღე, დღე როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა ხორცი შეასხას არათუ ერთპარტიული, არამედ კლანური კონსტიტუციის მიღებას. კონსტიტუცია, რომელიც არ ეფუძნება თანხმობას, რომელიც აბსოლუტურად შორსაა კონსენსუსისგან. მთელი ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ავტორიტრტული ორგანიზაციების საწინააღმდეგო მოსაზრების მიუხედავად „ქართული ოცნება“ მაინც აპირებს ამ განზრახვის შესრულებას. ის რომ ბატონი კობიაშვილი და ბატონი კალაძე, ბატონი ვოლსკი და ქანთარია, ქალბატონი ენძელა და ქალბატონი ბესელია შეთანხმდნენ და აქ არის თანხმობა, არ ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან მათ მანდატები ყოფნით , უნდა მიიღონ ეს დიქტატორული კონსტიტუცია, რომელიც ქართულ სახოგადოებას უკარგავს შანსსაც კი რომ გადაირჩიოს მთავრობა. ასეთი ქმედებები იწვევს იმას, რაც არაერთხელ მომხდარა, ხელისუფლება უბიძგებს ხალხს გამოვიდეს ქუჩებში. ეს თუ არ იქნება ხვალ, ეს იქნება ზეგ, წარმოუდგენელია სხვაგვარად განვითარდეს. ვგეგმავთ იმას რაც უნდა დაგეგმოს ნებისმიერმა თავმოყვარე საზოგადოებრივმა ჯგუფმა თუ პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ძალამ, არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ შევეგუოთ ამას, სხვა გამოსავალს არ ტოვებს ხელისუფლება. მათ იციან, რომ თუ მიიღებდნენ იმ კონსტიტუციას, რომელიც უნდა მიეღოთ, ისინი ავტომატურად კარგავდნენ ხელისუფლებას.
„თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს” - ამ შეძახილით კი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დატოვეს "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა.
„კონსტიტუცია არ არის თქვენი პარტიის ცხოვრების წესი და თქვენი პარტიის მომავლის დოკუმენტი. კონსტიტუცია არის მთლიანად ქვეყნის ფუნდამენტურად განვითარების თამაშის წესები და თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ აიღოთ და ეს კონსტიტუცია მოირგოთ თქვენს თავზე. თქვენ ყველა სათითაოდ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე, რომ თქვენ აზიანებთ ქვეყანას.
თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში და თქვენ იმსახურებთ, რომ ამ ფარსში დარჩეთ მარტო. ევროპული საქართველო ტოვებს ამ სხდომას" - განაცხადა თბილისის მერობის კანდოდატმა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციის პროტესტს პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილმა „საცოდავი შოუ" უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შეფასებით კი „ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა, გაქცევა კი სისუსტის ნიშანია“.
კენჭისყრას ქუთაისში ხმაურიანი აქცია უსწრებდა წინ. საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიტიკური ოპოზიცია შეიკრიბა და "ქართული ოცნებას" პოლიტიკური წამზომი ჩაურთო.
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ხალხს არჩევანის უფლება წაართვა.
"საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, სხვადასხვა ძალა, სხვადასხვა დროს იბრძოდა სამართლიანი არჩევნებისთვის. რომ არცერთ ხელისუფლებას არ მისცემოდა შესაძლებლობა არჩევნები გაეყალბებინა. "ქართულმა ოცნებამ" კი ყველაზე თავხედური და ორიგინალური მეთოდი შემოგვთავაზა ხელისუფლების უზურპაციის. მან საერთოდ გააუქმა არჩევნები. გააუქმა პრეზიდენტის არჩევა, საკუთარ თავის მოარგო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმ რეალობაში როდესაც ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაერთვა. ანუ ყველაზე მთავარი, რამაც ჩვენ ქვეყანას სიკეთე მოუტანოს - არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის უფლება. დღეს ქართულმა ოცნებამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, რადგან როცა ხალხს ართმევ არჩევანის უფლებას, მაშინ ხალხი იტოვებს უფლებას სხვაგვარად შეცვალოს ხელისუფლება"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერმა "დაიცავი კონსტიტუციაში" შემავალი პოლიტიკური პარტიების სახელით მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ოპოზიციას და თქვა, რომ კოლეგებმა "ხელისუფლება საბოლოოდ გააშიშვლეს".
ქუთაისში იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილიც. მან წინასაარჩევნო ღონისძიებები შეცვალა და ხელისუფლება როგორც პარლამენტს გარეთ ასევე საკანონმდებლო ორგანოშიც გააკრიტიკა.
მერობის კანდიდატის შეფასებით, მმართველი გუნდი კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს და ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
„მე შეგნებულად მივატოვე დღეს თბილისში წინასაარჩევნო კამპანია და ჩამოვედი აქ იმიტომ, რომ დღეს ამ შენობაში წყდება საქართველოს მომავალი და წყდება ის, თუ როგორ განვითარდება ეს ქვეყანა ხვალ. დღეს ოფიციალურიად მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია და ამას ერთპიროვნულად აკეთებს „ქართული ოცნება“ . ქართველი ხალხი აუცილებლად პასუხს გასცემს ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას . თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოახდინოს საბოლოო ჯამში ხელისუფლების უზურპაცია და დაამყაროს დიქტატურა ქვეყანაში, ხალხი თავად გამოძებნის გზას, როგორ გასცეს პასუხი ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურ კრიზისს“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას საკადრისი პასუხი უნდა გასცეს.
"ის უკანონო, უსამართლო პროცესი, რაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით მოხდა, აუცილებლად უნდა დასრულდეს. სამოქალაქო სექტორი, საზოგადოება, ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი ყველა ერთხმად ამბობს, რომ ის რასაც ქართული ოცნება ჩადის, მავნებლური საქციელია. ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ. მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ უფრო და უფრო მოვძლიერდეთ რომ არ მივაღებინოთ ეს მავნებლური და საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუცია"- განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში "უფრო მკაცრ" მოქმედებებზე გადავლენ.
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პროტესტს ყველაფერს ერთად პროცესი გვიჩვენებს თუ საჭირო გახდება უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღბთ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
პოლიტოლოგთა ნაწილი "ოცნებას" წინა მთავრობის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს.
გია ხუხაშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია, სწორედ იმ დრიმდე იმოქედებს, ვიდრე "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში.
"ძალაუფლება ყვრნის ადამიანებს, მით უმეტეს გამოუცდელ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ არც ბიოგრაფია, არც წარსული და არც მომავალი. ასეთ ადამიანებს ძალაუფლებას რომ ჩააბარებ ბუნებრივია ისინი მას წაეპოტინებიან. ისინი საკუთარ თავში ვერც ღირსებას და ვერც ვერაფერს ხედავენ. გაუგებრობაში არიან, ისინი შემთხვევით არიან მოხვედრილი. იციან რომ თვითონ არაფერს წარმოადგენენ და ერთადერთი რაც შეუძლიათ არის ის რომ რაც შეიძლება მაგრა ჩაებღაუჭონ სკამს"- განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის განცხადებით, ქართველი ამომრჩეველი ძალაუფლების უზურპაციას არავის პატიობს.
"ეს პროცესი ხელისუფლებისთვის სავალალოდ დასრულდება. ასე მიღებულ კონსტიტუიციას ზუსტად იმდენი დრო, საათი უწერია, რამდენიც ეს ადამიანები იქნებიან ხელისუფლებაში. ხალხი ძალაუფლების უზურპაციას არავის პატიობს"- განმარტა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






