აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტის პოზიციას და შენიშვნებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის პროექტი არ არის თანხმობის დოკუმენტი, მას არაერთი ხარვეზი აქვს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საბოლოოდ კი, ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს.
ანა დოლიძის განმარტებით, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსს და შესაბამისად ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს.
"აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გასვლის შემდეგ", - განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას გამოთქმული აქვს ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა, მათ შორის, ფართომასშტაბიან რეფორმასთან დაკავშირებით დიალოგის გზით კონსენსუსის მიღწევის თაობაზე.
"ეს ვენეციის კომისიის მთავარი გზავნილია. პრეზიდენტი ენდობა ვენეციის კომისიას. მას წინასწარ დასკვნაშიც და ახლაც აქვს ხაზგასმული არა ერთი კრიტიკული შენიშვნა.
კომისია გამოთქვამს წუხილს პროპორციულ არჩევნებზე არგადასვლასთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, რომ შეიძლება პრეზიდენტი იყოს დანიშნული და მართული, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მხრიდან;
გამოთქმული აქვს ბევრი კრიტიკული შენიშვნა ადამიანის უფლებების თავთან დაკავშირებით; ასევე, სასამართლოს თავთან დაკავშირებით.
შეპირებისამებრ, ყველა ეს რეკომენდაცია უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული კონსტიტუციის პროექტში და ისინი გათვალისწინებული არაა“, - აღნიშნა ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






