გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე თავის პირველ გამოსვლაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო. მათ შორის აღსანიშნავია განცხადებები გაეროს რეფორმირების, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, სირიის, ვენესუელისა და კუბას შესახებ.
ტრამპის მთავარი მესიჯი მშვიდობის დამყარების საკითხზე მიმართული იყო ტერორიზმის და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მან რუსეთი და ჩინეთი პირდაპირ მხოლოდ ერთხელ ახსენა, როდესაც მათ მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციების დაწესების საკითხში მხარდაჭერისათვის, ტრამპის გამოსვლაში იყო არა-პირდაპირი მესიჯებიც ამ ქვეყნებისადმი.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ჩვენ უნდა უარვყოთ უკრაინასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სუვერენიტეტის საფრთხეები" და ასევე ჩრდილოეთ კორეის რეჟიმზე საუბრისას აღნიშნა, რომ "კანონის უხეში დარღვევაა ის, რომ ზოგიერთი სახელმწიფო მსგავს რეჟიმთან არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობაშია, არამედ ამარაგებს სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით იმ ქვეყანას, რომელიც მთელ მსოფლიოს ატომური კონფლიქტის საფრთხის ქვეშ აყენებს."
ტრამპმა გაეროს რეფორმირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით გაერო რომ აღწევდეს ყველა თავის მიზანს, მათ შორის საერთაშორისო მშვიდობის დამყარებას, მაშინ ეს მისაღები იქნებოდა და იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც გაერო უფრო ეფექტური იქნება მთელს მსოფლიოში ადამიანის ღირსების და თავისუფლების დაცვაში.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტი ტერორიზმსაც შეეხო.
“ჩვენ შევაჩერებთ რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს, რადგან ჩვენ უფლებას ვერ მივცემთ მას, გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, გაანადგუროს მთელი მსოფლიო. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ტერორისტებს უსაფრთხო თავშესაფარზე, ტრანზიტზე, დაფინანსებაზე და მათი შავბნელი, საზიზღარი იდეოლოგიის მხარდაჭერის ნებისმიერ ფორმაზე. ჩვენ ისინი ჩვენი ქვეყნებიდან უნდა განვდევნოთ. დროა ვამხილოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ და აფინანსებენ ტერორისტულ ჯგუფებს, ალ-კაიდას, ჰეზბოლას, თალიბანს და სხვებს, რომლებიც ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს,” – განაცხადა ტრამპმა.
მან გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა და ჩრდილოეთ კორეას განადგურებითაც დაემუქრა.
"ამერიკას აქვს დიდი ძალა და მოთმინება, მაგრამ თუ იძულებული ვიქნებით დავიცვათ თავი და ჩვენი მოკავშირეები სხვა გზა არ გვექნება ჩრდილოეთ კორეის სრული განადგურების გარდა," - და დასძინა, რომ აშშ მზადაა ამ ვარიანტისათვის, თუმცა იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება.
ტრამპი ირანსაც შეეხო. მისი თქმით ირანის მთავრობა დემოკრატიის ცრუ საფარქვეშ მალავს კორუმპირებულ დიქტატურას და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის მდიდარი რესურსები მის მოსახლეობას მოახმაროს აფინანსებს ტერორისტებს, მათ შორის ჰეზბოლას, რომლებიც თავს ესხმიან მის მშვიდობიან არაბ მეზობლებს და ისრაელს. ტრამპის თქმით ირანი ასევე აფინანსებს სირიაში ბაშარ ალ-ასადის დიქტატურას და აღვივებს იემენის სამოქალაქო ომს. ტრამპმა აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება უარყოფითად შეაფასა.
"ჩვენ ვერ დავემორჩილებით ისეთ შეთანხმებას, რომელიც ატომური პროგრამის განვითარებას უქმნის საფარს" განაცხადა ტრამპმა ირანის ატომური შეთანხმების შესახებ.
ტრამპმა აღნიშნა, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ის ამერიკას ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს და აღარ განახორციელებს ცალმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც აშშ-სათვის არაფრის მომტანია და მიუხედავად იმისა, რომ გააგრძელებს კოოპერაციას სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში იფიქრებს ამერიკის მოქალაქეების წინაშე თავის მოვალეობაზე.
„შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება საუკეთესო მეგობარი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით მისი მოკავშირეებისთვის, სანამ პრეზიდენტი ვარ, მე უპირველეს ყოვლისა დავიცავ ამერიკის ინტერესებს, მაგრამ შევასრულებთ ჩვენი პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რადგან ვაცნობიერებ, რომ თითოეული ჩვენგანის ინტერესებშია შევქმნათ მომავალი, როდესაც ყველა ერი შეძლებს იყოს სუვერენული, წარმატებული და უსაფრთხო. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები, მათი ინტერესები და მომავალი. არ უნდა შევეგუოთ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინიდან დაწყებული სამხრეთ-ჩინეთის ზღვით დამთავრებული სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება. უნდა დავიცვათ და პატივი ვცეთ კანონს, საზღვრებს და კულტურას. უნდა ვიმუშაოთ ერთად და წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ქაოსითა და ტერორით გვემუქრება,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მასალის გამოყენების პირობები






