ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საკუთარი გამოსვლა რუსეთის კრიტიკას დაუთმო, მისი გამოსვლის წინ კი რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა.
“ამ სხდომის მიმდინარეობისას, ახლა, როცა ვსაუბრობთ, დაახლოებით, ასი ათასი რუსი სამხედრო მონაწილეობს წვრთნებში „ზაპად 2017“ - ბალტიის სახელმწიფოების საზღვართან, პოლონეთთან და არქტიკაშიც კი. კრემლი მეზობლებზე აგრესიულ სცენარს ამუშავებს. დასავლეთზე თავდასხმისთვის ამზადებენ სამხედროებს. ეს სწავლება, ასევე ინფორმაციული ომის ნაწილია, რომელიც შიშისა და გაურკვევლობის გავრცელებას ისახავს მიზნად” - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების შესახებ ლიტვის პრეზიდენტი თავიდანვე აფიქსირებდა მის მკაცრ და შემაშფოთებელ პოზიციას. გრიბაუსკაიტე ამბობდა, რომ ისტორიულმა გამოცდილებამ რუსეთის არაპროგნოზირებადობა რამდენჯერმე გვაჩვენა და ესწვრთნები, საფრთხისშემცველია ლიტვისთვის.
მისი თქმით, არსებობს „ძალიან დიდი“ ალბათობა იმისა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული სამხედრო ტექნიკა ბელორუსში დარჩეს.
რუსეთსა და ბელარუსში ერთობლივი მასშტაბური სამხედრო სწავლება „ზაპად-2017“ 14 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სტრატეგიულ მანევრებში 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იღებს მონაწილობას.
მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა და ავიაციაც - 70 ვერტმფფრენი და თვითმფრინავი, 680 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 250 ტანკი, 200 იარაღი, რაკეტები, ნაღმტყორცნები და საბრძოლო ხომალდები.
დასავლეთში რუსეთის მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვეს. როგორც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მასშტაბურ წვრთნებს მხოლოდ რამდენიმე დამკვირვებელი დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






