როგორც კუნძულის პრემიერ-მინისტრმა რუზველტ სკოტიტმა განაცხადა, კუნძულმა თითქმის ყველაფერი დაკარგა. მან მეგობარ ქვეყნებს ავიაციით დახმარება სთხოვა.
„ახლა მთავარი პრიორიტეტია, გადავარჩინოთ ისინი, ვისაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია და სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ დაშავებულებს. ჩვენ დახმარება გვჭირდება, მეგობრებო. ჩვენ ყველა სახის დახმარება გვჭირდება“ -განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმითვე, ქარიშხალმა სახურავი გადახადა მის სახლსაც. ქარიშხლის მიერ განვითარებულ მოვლენებზე პრემიერი სოციალურ ქსელში წერდა.

კუნძულის ყველა პორტი და აეროპორტი დახურულია, სანაპირი ზოლზე მაცხოვრებელები ევაკუირებულნი არიან, ისინი სპეციალურ თავშესაფრებში გადაიყვანეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დომინიკა - პატარა რესპუბლიკაა, რომლის მოსახლეობა 75 ათასს შეადგენს და მარტინიკასა და გვადალუპეს შორის მდებარეობს.
ამჟამად ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოსკენ მიემართება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ეს ბოლო 85 წლის განმავლობაში პუერტო-რიკოზე ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება.
ქარიშხლის ტრაექტორია დაახლოებით იგივეა, როგორიც “ირმა.“
„მარიას“ კი უკან ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის აუზის კუნძულებს ემუქრება.
ამავდროულად, ატლანტის ოკეანეში ძალებს იკრებს ქარიშხალი „ხოსე“, მისი სიმძლავრე საათში 145 კილომეტრს აღწევს.
სექტემბრის დასაწყისში ქარიშხალმა „ირმამ“ კუნძულ სენ-მარტინის ჰოლანდიური ნაწილის ორი მესამედი გაანადგურა. თითქმის სრულიად განადგურდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების საცხოვრებელი სახლები. ქარიშხალმა „ირმამ“ გაანადგურა ასევე ანტიგუა და ბარბუდას ინფრასტრუქტურის 90 % .
მასალის გამოყენების პირობები






