Sino Sure-ის ოფიციალურ დელეგაციას კორპორაციის თავმჯდომარე ვან ი ხელმძღვანელობს. საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრას ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელობა და ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ და SINOSURE ქართულ და ჩინურ პროექტებს კოორდინაციას და მხარდაჭერას ერთობლივად გაუწევენ. 21 სექტემბერს SINOSURE-სა და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა სამთო გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა ტრანსპორტი და ვაჭრობა.
საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით ურთიერთგაგების მემორამდუმზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია 21 სექტემბერს, პეკინში იგეგმება. ოფიციალურ დოკუმენტს ხელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და SINOSURE კორპორაციის ხელმძღვანელი ვან ი მოაწერენ.
მხარეები ერთობლივად იმუშავებენ „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და წარმოების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, SINOSURE და „საპარტნიორო ფონდი“ გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას ექსპორტის საკრედიტო სააგენტოების ფუნქციონირებისა და განვითარების მიმართულებით. SINOSURE მზად არის უზრუნველჰყოს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის შესაძლებლობების მხარდაჭერა სხვადასხვა შესაძლო ღონისძიებით. ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, იგეგმება ორმხრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება.
ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია SINOSURE -ს ოფიციალური დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






