ოთარ სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისა და ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული "პროგრეს ბანკის" "თიბისი ბანკისთვის" მიყიდვა საეჭვო ვითარებაში მოხდა.
ენმ-ს ინფორმაციით, ბანკში არსებული წილი კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორს, ილია გვარილოვს დაუთმო, რომელიც ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.
ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, მიუხედავად წილის დათმობისა კახა კალაძე კვლავ ბანკის მართვაში მონაწილეობდა.
ოთარ სირაძე ამბობს, რომ "თიბისი ბანკმა" არამომგებიანი აქტივების მქონე "პროგრეს ბანკი“ მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ გარიგების უკან ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის ბიზნესინტერესი დგას.
„საქმე მდგომარეობს შემდგოში - „პროგრეს ბანკი“-ს 78-ის მფლობელი, პანამურ ოფშორში რეგისტრირებული PINTEX GROUP CORPORATION-ია. მისი ერთადერთი დამფუძნებელი ვინმე ილია გავრილოვია, რომელსაც თავისი წილი კახა კალაძემ აღნიშნულ ბანკში დაუთმო. ირკვევა, რომ მის მიმართ რუსეთში დაიწყო გამოძიება, პანამაში ფულის გათეთრების ფაქტზე.
ილია გავრილოვი საერთაშორისო თაღლითია, რომელიც ბანკში პარტნიორად ბიძინა ივანიშვილმა შემოიყვანა. ის იყო „გაზპრომთან“ დაახლოებული, თურქმენული ფულის, 40 მლნ. აშშ დოლარის თაღლითური გზით მოპარვაში ბრალდებული, ფულის გათეთრების არაერთ საქმეში ჩართული პიროვნება. 2016 წელს მას კრიმინალური საქმიანობის გამო მოსკოვში ფედერალური დეპოზიტური ბანკი (ფდბ ბანკი) დაუხურეს. სწორედ ეს ადამიანი მოგვევლინა ბიძინა ივანიშვილთან ერთად „პროგრეს ბანკი“-ს მეპატრონედ, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კალაძე კვლავ რჩებოდა „პროგრეს ბანკ“-ის მართვაში მისი სიმამრის ბადრი არეშიძის და ილია კეჭაყმაძის მონაწილეობით. ბანკს, რომელსაც ერთი პლასტიკური ბარათიც კი არ დაუბეჭდავს, არც ერთი ფილიალი არ გაუხსნია მისი საქმიანობის მანძილზე და ერთ-ერთი აუთსაიდერი იყო ქართულ საბანკო სისტემაში, მოულოდნელად ყიდულობს თიბისი ბანკი.
ჩვენთვის სრულიად გაუგებარია თუ რაში დასჭირდა თიბისი ბანკს თაღლითი გავრილოვისგან კრიმინალური ფულით შექმნილი პანამური ბანკის შესყიდვა, მაგრამ როგორც ახლა ირკვევა, გამოძიების კვალი შესაძლოა მისულიყო „პროგრეს ბანკ“-თან. ამიტომ, კალაძე-ივანიშვილ-გავრილოვმა ამ გარიგებით პანამის კრიმინალური ისტორია დახურა.
მოვითხოვთ, საქართველოს პროკურატურისა და ეროვნული ბანკისგან, შეისწავლონ „პროგრეს ბანკი“-ს საქმიანობა, მისი გაყიდვის საკითხი და ასევე გაირკვეს, თუ რის სანაცვლოდ, ან რატომ მოხდა ეს გარიგება.“ - განაცხადა სირაძემ.
ამასთან „ნიუპოსტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, "პროგრეს ბანკის" გაყიდვის სხვადასხვა ვარიანტი არსებობდა. უფრო კონკრეტულად კი, ჩინური კორპორაცია ,,ჰუალინგი" „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენით იყო დაინტერესებული და მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ჰყვება, ხელისუფლებამ "ჰუალინგის" წარმომადგენლობას "პროგრეს ბანკის" ყიდვა შესთავაზა. ამ უკანასკნელს კი 18 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა, ამის გათვალისწინებით "ჰუალინგმა" კალაძის წამგებიანი ბანკის ყიდვაზე უარი განაცხადა.
ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, "რესპუბლიკა ბანკი" და "პროგრეს ბანკი" "თი ბი სი" ბანკმა შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები






