ამის შესახებ „ბიზნესკურიერი“ იტყობინება და სიუჟეტში ჰყვება ხვიჩა დავლაძეზე, რომელსაც პროკურატურაში განცხადება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უკვე მესამედ შეაქვს. დაზარალებული მეწარმე ითხოვს რომ მისი კუთვნილი ბენზიგასამართი სადგურის დანგრევის საქმე პროკურატურამ ხელახლა გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს. ამბობს რომ მისი საქმე ისევ იმ პირებს აქვთ დავალებული, ვინც წინა ხელისუფლების დროს გამოძიება არასწორად წარმართა.
,,ისევ ის პიროვნებები არიან პროკურატურაში გამომძიებლები. რომლებმაც მაშინ დამალეს ეს საქმე და ეხლაც ისე გამოდის რომ ყველანაირ ლოგიკას მოკლებული არის, როგორ შეიძლება ვინც დანაშაული ჩაიდინა, მან თავის თავი დაიდანაშაულოს“, - ამბობს დავლაძე.
დავლაძეს ბენზინგასამართი სადგური ზესტაფონის მახლობლად გამგებლის ბრძანებით 2010 წელს დაუნგრიეს და სასამართლოში ჩივილის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გაფრთხილების მიუხედავად, მან ადგილობრივ ხელმძღვანელობის მხრიდან განხორციელებული მუქარის შემცველი საუბრები ფარულად გადაიღო და საჩივარი პროკურატურაში შეიტანა. ამის შემდეგ დაიწყო მეწარმის დევნაც.
,,შემდეგ მოხდა უკვე ჩემთან სახლში მოსვლა, ჩემთვის უცხო პიროვნებებისგან, რომლებმაც გამიყვანეს სახლიდან. და უკვე მაშინ განმიმარტეს ეს ყველაფერი , რომ რახან არ ისვენებ, ახლა უკვე პირადად ჩვენ გაგაგებინებთ, რომ უნდა გაჩერდე და უნდა დაანებო ამ საქმეს თავი, თუ არადა მტკვარს გაგაყოლებთო. მამაჩემი მიყურებდა, როგორ ჩამსვეს მანქანაში, როგორ დაძრეს მანქანა და მე უკვე დაძრული მანქანიდან გავაღე კარები და გადმოვხტი და გავიქეცი. ამ ყველაფრის შემდეგ მამაჩემი ერთ კვირაში დაიღუპა. ამ ყველაფრის შემსწრე იყო“, - იხსენებს ბიზნესმენი.
ბიზნესის დაკარგვის შემდეგ მეწარმის ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ვაზისუბანში სავაჭრო ობიექტის მშენებლობისთვის გამოტანილი კრედიტის გადახდა გაუჭირდა. მსესხებელმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ნოვაკრედიტმა“ მეწარმის პრობლემებით ისარგებლა და ობიექტი საბაზრო ფასზე ასჯერ იაფად, აუქციონზე გაუყიდა.
,,იყო ბოლო თვის რაღაც დარღვევა ნოვაკრედიტთან დაკავშირებით. ნაწილ-ნაწილ შეიტანეს ეს თანხა. მათ ისარგებლეს ამ შემთხვევით და გადაიფორმეს თავიანთ თავზე ეს შენობა-ნაგებობა, ისე რომ არც კი გაგვაგებინეს. არ უნდა იყოს ისევ ისე ყველაფერი, როგორც ადრე იყო.კერძო მევახშეებს იმაზე მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე იმ პიროვნებებს ვისაც მართლა საქმის დაწყება უნდოდა. ვისაც მართლა რაღაცის გაკეთება უნდოდა, ვისაც პატიოსნად უნდოდა ეცხოვრა... ეხლაც იგივეა, ჯერ-ჯერობით არაფერი არ შეცვლილა“, - ამბობს ხვიჩა დავლაძე.
მისივე თქმით, ბიზნესის წართმევაში მონაწილეთა ერთი ნაწილი, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ისევ თანამდებობებზე დააბრუნეს:
„ზესტაფონის რაიონის გამგებელი მონაწილეობდა, ბატონი გივი არაბიძე. ზესტაფონის რაიონის გამგებლის მოადგილე გაბრიელ კვირიკაშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. გაბრიელ კვირიკაშვილი დროებით წასული იყო და ახლა, როგორც გავიგე, გაბრიელ კვირიკაშვილი დანიშნული არის იმერეთის ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან რაღაც სამმართველოს უფროსად, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მანდ არის დანიშნული“, - აცხადებს დავლაძე.
დაზარალებული მეწარმე დამნაშავეების დასჯას და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დავლაძე ამბობს, რომ თუ მისი საქმის გამოძიება დროულად არ მოხდება, შიმშილობას პროკურატურასთან დაიწყებს:
,,რა მიზეზის გამო არის ეს შეჩერებული, რატომ აღარ აქცევენ ყურადღებას? ან მაშინ რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რატომ პირდაპირ არ დაიწყეს ამაზე გამოძიება? თუ კიდევ ყურადღებას არ მომაქცევენ , მაშინ იძულებული გავხდებით თავად დედაჩემის მოთხოვნა არის ეს რომ ადგეს და უვადო შიმშილობა დაიწყოს და მეც შევუერთდები დედაჩემის მოთხოვნას“.
მოამზადა თინა თაყაძემ
მასალის გამოყენების პირობები






