გაეროს ანგარიში შეიცავს რეკომენდაციას, რომ უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ „დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს სავარაუდო დარღვევები, რომელიც საიტ „მიროტვორეცს“ უკავშირდება.“
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წლის 7 ივლისს უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ საქმე აღძრა საიტ „მიროტვორეცის“ წინააღმდეგ, რომელიც 2014 წლის აგვისტოდან აქვეყნებს ათასობით ადამიანის პირად მონაცემებს, მათ შორის მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების და მათ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან და ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებს.
"ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მიესალმება ამ ნაბიჯს და მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და მიიღოს ზომები პირადი მონაცემების წაშლის მიზნით", - ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, აღნიშნულმა საიტმა რამდენიმე დღის წინ თავის ბაზაში შეიტანა მიხეილ სააკაშვილის, იულია ტიმოშენკოს და უკრაინის რადას იმ დეპუტატების მონაცემები, რომლებიც 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს მიხეილ სააკაშვილს ახლდნენ თან.
მასალის გამოყენების პირობები






