საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა, უკრაინაში, 18 სექტემბერს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვლადიმერი შერემეტი იტყობინება, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო. " შეგინის" სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა. პასპორტი კი, სააკაშვილის თქმით, ავტობუსში დახვდა და სამართალდამცავების მიერ ავტობუსის ჩხრეკისას, მათ პასპორტი მოიპარეს.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ეროვნულმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 204-ე მუხლის შესაბამისად. ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლი ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






