ეროვნული ბანკის მიერ 6 სექტემბრისთვის დადგენილი კურსის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ვალუტა, უზბეკური სუმის გარდა, ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა.
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას დღესაც განაგრძობს. ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი დღეს 2.49 ლარია, ევრო კი 2. 97 ლარია.
ბოლო ათი დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.
როგორც „ნიუპოსტს“ დეპუტატმა უთხრა, რა მიზანს ისახავდა ხელისუფლების მიერ კომერციული ბანკებისთვის აუქციონის წესით, მილიონობით ლარის სესხების საკითხი გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
გოცირიძის პროგნოზით, თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია შენარჩუნდა, მომდევნო ეტაპი სავარაუდოდ ფასების ზრდა იქნება.
მივა თუ არა საქმე ფინანსურ კრიზისამდე და გველის თუ არა ეკონომიკური დრამა ცივ ზამთარში ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან შეეცადა.
„მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო. ბიჯეტიდან ბანკებისათვის ფულის გასესხების მანია გაუჩნდა ”ეკონომიკის სტიმულირებისათვის”. ლარის გაუფასურების ფონზე იმედი გვქონდა, რომ შეწყვეტდა ამ უმსგავსობას. ნურას უკაცრავად, გუშინ, 50 მილიონი ლარი გაასესხა. გაცემულმა სესხებმა უკვე 635 მილიონ ლარს მიაღწია. მხოლოდ ბოლო ორ თვეში 500 მილიონი ლარი გასცა. ამ ფულით ბანკები იმარაგებენ დოლარებს. ზოგს საგარეო ვალის გასტუმრება უწევს და ”ეხმარება” მთავრობა ლიკვიდობით”- მიიჩნევს გოცირიძე, რომელიც საქართველოს მთავრობას მევახშეებს უწოდებს და მოუწოდებს „ბიუჯეტის ფულის გაპროცენტებას“ თავი დაანებოს.
„ლარის გაუფასურება მოულოდნელი იყო, კურსის ასე სწრაფად ვარდნას არავინ ელოდა, რადგან ამის ფაქტორები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში არ არსებობს. საგარეოში ჩვენ ვხედავთ, რომ დოლარის გლობალური დასუსტების პროცესი მიმდინარეობს, ის ყველა ვალუტასთან მიმართებით დასუსტდა, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონში. რაც შეეხება საშინაო ფაქტორებს, აქაც სავალუტო ნაკადების ცვლილება დადებითია, როგორც ტურიზმის ისე საგარეო ვაჭრობისა და ტრანსფერების მხრივ.
საქართველოში ეროვნული ვალუტის დასუსტება მთავრობის ავანტიურისტულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, მან გამოიგონა რაღაც ახალი ინსტრუმენტი და 2 თვის წინ, 5 ივლისს მოქმედებაში ჩაუშვა, მთავრობამ დაიწყო აუქციონების მეშვეობით ბიუჯეტში არსებული ფულადი ნაშთების გაცემა კომერციული ბანკებისთვის. მიზანი თითქოს ორი იყო: პირველი - ბანკებისთვის ფულის მიცემით ვითომდა ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენდნენ და მეორე, ის რომ ხაზინის მასებზე არსებულ ფულს ეფექტურად გამოიყენებდა. მარტივად რომ ვთქვათ, დაიწყო გადასახადების გადამხდელების მიერ ბიუჯეტში დასახარჯი, დროებით გამოთავისუფლებული ფულის ბანკებისთვის სესხება.
დროებით გამოთავისუფლება იმიტომ არ ხდებოდა, რომ ბიუჯეტს პროდუქტიულად, თანმიმდევრულად ვერ ხარჯავენ, დროზე ვერ აშენებენ გზებს და ვერ აკეთებენ პროექტებს და როგორც წესი წლის ბოლოს ხდება ხოლმე ხარჯვა და რადგან ეს ფული თავისუფალი გამოუჩნდათ, ადგნენ და ასესხეს ბანკებს, რითაც მევახშეობა და ფულის გაპროცენტება დაიწყეს.
საოცრება ის არის, რომ 2 თვის განმავლობაში ბანკებზე ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის სესხი გასცეს. ამას დავუმატოთ 135 მილიონი ლარი, რომელიც მანამდე, გრძელვადიანი სესხის სახით ჰქონდათ გაცემული. 635 მილიონი ლარი ეს არის 10% იმ ფულადი მასისა, რაც დღეს საქართველოში მიმოქცევაში არსებობს. ეს არის 2-ჯერ მეტი იმ ფულისა, რომელსაც სარეზერვო ფული ეწოდება, ფულადი ბაზა, რომლის კონტროლის საშუალება ეროვნულ ბანკს აქვს. ფინანსთა სამინისტრომ კი 2 თვის განმავლობაში მსგავსი უზარმაზარი ინექცია განახორციელა ბაზარზე. მთავრობის პოზიციაა, რომ თურმე ეკონომიკის სტიმულირება უნდათ ფულის მასის ზრდით. ვიღაცა ოროსანს წაკითხული აქვს კეინსი, ბროშურის სახით და თავში მოსდის ეკონომიკის სტიმულირების ასე ვთქვათ კეინსიანური მოდელის გამოყენების იდეა. მათი ჭკუით, ეკონომიკის ფულის ემისიით სტიმულირება ჰქვია. აბსოლუტურად ვერ ერკვევიან პრიორიტეტებში. დღეს მთავარი პრობლემა ლარი და ფასებია და ეკონომიკის სტიმულირების მთავარი მექანიზმი ლარის სტაბილიზაცია უნდა იყოს. ეკონომიკის სტიმულირება არა ფულის მასის ზრდით, არამედ ეკონომიკის ზრდის მთავარი მექანიზმი სტაბილური ლარი, სტაბილური ფასები და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო უნდა იყოს.
მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქმე გვქონდეს პირად გარიგებასთან კომენციულ ბანკებსა და მთავრობას შორის.
ცინიკური იყო ის გადაწყვეტილება, რომ გუშინ მთავრობამ 50 მილიონი ლარი კვლავ მისცა კომერციულ ბანკებს, რომელიც მომენტალურად წავიდა სავალუტო ბირჟაზე და დოლარის შესყიდვის რესურსი გაუჩინა ბანკებს.
ახლა ბანკები აგროვებენ დოლარებს ცუდი მოლოდინების გამო. მის შესასყიდ ფულს კი მთავრობა აძლევს. სრული აბსურდია.
ბანკები კარგს არაფერს ელიან. დარჩენილ ოთხ თვეში 4 მილიარდი ლარია დასახარჯი ბიუჯეტიდან, თანაც წინასაარჩევნო საჭიროებისათვის.
ეროვნული ბანკი მიხვდა და საკმაოდ შეამცირა რეფინანსირების სესხები. თუმცა მისი ეფექტი ნულოვანი გამოდგა. იმაზე მეტი ფული მთავრობამ მისცა ბანკებს, თანაც უფრო ხანგრძლივადიანი დეპოზიტების სახით.
ამაში ეროვნული ბანკიცაა დამნაშავე. კანონით იგი არის მთავრობის ბანკირი და მრჩეველი. უნდა ამბობდეს ხმამაღლა, რომ რასაც მთავრობა სჩადის, პირდაპირ ურტყამს ლარს და ფასებს”- აცხადებს რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ფინანსური კრიზისის ნიშნები არ არსებობს, თუმცა „მთავრობის უგუნურმა გადაწყვეტილებით“ შეიძლება ის სურათი გაამეოროს რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო.
„მთავრობამ ავანტიურისტული პოლიტიკა, ბანკებისთვის სესხების მიცემა ახლავე უნდა შეწყვიტოს და საერთოდ, გამოძიებული უნდა იყოს რატომ მოხდა 635 მილიონი ლარის მიცემა ბანკებისათვის და ხომ არ არის ამაში პირადი ინტერესები“- განმარტავს ოპოზიციის წევრი.
რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ სავალუტო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა სამომხმარებლო ბაზარზე აისახება.
მასალის გამოყენების პირობები






