31 აგვისტოს, 1997 წელს „უბრალო ხალხის პრინცესა“ 36 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
ლედი დის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, მეხანძრე-მაშველმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და პრინცესას გადარჩენას ცდილობდა, მისი გარდაცვალების დღეზე პირველად ისაუბრა.
ხავიერ გურმელონი იყო ის ადამიანი, რომელმაც ავტოკატასტროფის შემდეგ დამტვრეული მანანიდან პრინცესა გამოიყვანა. მისი თქმით, მაშინ როდესაც მანქანიდან ქალი გამოჰყავდა, არ იცოდა, რომ ის პრინცესა დაიანა იყო და ამის შესახებ, მხოლოდ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაიგო. მისი თქმით, ქალს მძიმე დაზიანების არაფერი ეტყობოდა, ამიტომაც დარწმუნებული იყო, რომ ის გადარჩებოდა.
„მხოლოდ ქალის გადარჩენაზე ვფიქრობდი. მანქანიდან გამოვიყვანე და ერთადერთი რაც მითხრა , იყო: „ღმერთო ჩემო, რა მოხდა?“

ქალი, რომელიც პრინცესა დაიანა აღმოჩნდა, უკანა სავარძელზე იჯდა. უმნიშვნელო დაზიანება ჰქონდა მარჯვენა მხართან . სახეზე სისხლიც კი არ შემინიშნავს. ამიტომაც მეგონა გადარჩა“ - ამბობს ხავიერი.
მისი თქმით, დაიანას პირადი მცველი მანქანიდან მისმა კოლეგებმა გამოიყვანეს.
„სად არის? სად არის? - ყვიროდა ის , ჩემმა კოლეგებმა კი უთხრეს, რომ მისთვის ლაპარაკი არ შეიძლებოდა და უნდა გაჩუმებულიყო. მე კი ვუთხარი, რომ ქალი კარგად იყო და არ ენერვიულა“ - იხსენებს მაშველი.
„იმ დღის ყველა მომენტი თვალწინ მიდგას და ალბათ არასოდეს დამავიწყდება. ამაზე საუბარი არ შემეძლო, რადგან სამაშველო სამსახურში მუშაობისას, ჩემს გამოცდილებაზე საუბრის უფლება არ მქონდა. ახლა კი 22 წლიანი კარიერა დავასრულე“ - განაცხადა ხავიერმა Sun-თან ინტერვიუში.

ოფიციალური ვერსიით, 1997 წლის 31 აგვისტოს, დაიანა და დოდი ალ–ფაიედთი პარიზში იმყოფებოდნენ. ისინი პაპარაცებმა შეამჩნიეს და ავტომობილს დაედევნენ, რა დროსაც მანქანის მძღოლმა სიჩქარე ვერ დაიმორჩილა და ტრაგედია დატრიალდა.
მძღოლი და დოდი ადგილზე დაიღუპნენ, დაიანა კი საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა.
ლედი დი მთელმა ბრიტანეთმა და მსოფლიომ იგლოვა.
მასალის გამოყენების პირობები






