გავრცელებული ცნობით, დატბორილ ჰიუსტონში ქიმიურ ქარხნის აფეთქების საფრთხე არსებობს.
წვიმის გამო, კომპანია „Arkema“-ს ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.
ქარხანამ მუშაობა უკვე შეაჩერა, მწყობრიდან გამოვიდა გენერატორებიც. სპეციალისტების თქმით, ქარხანაში არსებული ქიმიური ნივთიერებები მაღალი ტემპერატურის დროს საფრთხეს წარმოადგენს და ხანძრის გაჩენის საშიშროება არსებობს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხანასთან ახლოს მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განახორციელა.
ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალი „ჰარვის" შედეგად გამოწვეულ სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
შეგახსენებთ, ქარიშხალი „ჰარვი“ ტეხასს 26 აგვისტოს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 215 კმ/სთ-ს აღწევდა.
მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ქარიშხალმა ყველაზე მეტად ჰიუსტონი დააზარალა.
ამჟამად „ჰარვი“ ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ლუიზიანაში უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და განხორციელდა 30 000-მდე მოსახლის ევაკუაცია.
ტეხასში მსგავსი სიძლიერის სტიქია 12 წელია არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები






