,,ნიუპოსტის“ მიერ დასმულ ამ შეკითხვების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოგვიანებით რუსთავი 2-ში გასული სიუჟეტის შემდეგ უპასუხა, ანალოგიური პასუხით, რაც ეს ტელეკომპანიისთვის იყო გაგზავნილი.
რატომ მიმართა საქართველომ ოკუპანტ ქვეყანას დახმარებისთვის - საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში გაჩენილი ამ კითხვის პასუხად ჯანელიძის უწყება აცხადებს, რომ ეფექტური რეაგირებისთვის ყველა საჭირო ტექნიკის მობილიზება იყო საჭირო, მათ შორის ისეთის, რომელსაც უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ფლობს. სამინისტრო ადასტურებს, რომ შედგა საუბარი აბაშიძე-კარასინს შორის და რუსეთის მხრიდან მზაობა გამოითქვა.
,,ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა როგორც გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი.
ასევე, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისეთი ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას.
ამის შემდგომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.
საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. იგივე განცხადება გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მიერ” - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






