ლოს-ანჯელესში MTV-ს ჯილდოს მფლობელები გამოავლინეს.
როგორც ყოველთვის, წელსაც გაიხსენეს გარდაცვლილი კოლეგები.
ოსკაროსანმა მსახიობმა და ჯგუფ 30 Seconds to Mars-ის ვოკალისტმა, ჯარედ ლეტომ ცოტა ხნის გარდაცვლილ ჩესტერ ბენინგტონსა და კრის კორნელზე ისაუბრა.
"MTV-მ მთხოვა, მოვსულიყავი და რამდენიმე სიტყვა მეთქვა ჩესტერისა და კრის კორნელის შესახებ. ისინი ერთმანეთის უახლოესი მეგობრები იყვნენ. ჩესტერმა კრის კორნელის დაკრძალვაზე კლასიკური ნაწარმოების, Hallelujah-ის საკუთარი ვერსიაც შეასრულა.
ჩესტერმა თქვა: კრის, შენი ხმა - ეს სიხარული და ტკივილი, ბრაზი და მიტევება, სიყვარული და გულისტკივილია ერთმანეთში აღრეული.
რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩესტერმაც დაგვტოვა. ჩესტერი ჩემი მეგობარი იყო , ისევე როგორც თითოეული თქვენგანის. მისი ცხოვრების შემყურემ უამრავი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე. განსაკუთრებით ის, რომ უნდა ვიშრომოთ, მივყვეთ ჩვენს ოცნებებს და ვიყოთ კეთილები და მზრუნველები ამ პროცესში. როდესაც მასზე ვფიქრობ, ჩესტერზე, მის სახეს ვხედავ, რომელიც მუდამ მომღიმარი იყო, ვფიქრობ მის გულზე, რომელსაც ის ხელით დაატარებდა. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი მოსიყვარულე იყო ის ჩემ, ჩემი ძმის, ტომოს და ჩვენი ბენდის მიმართ. ვფიქრობ მის ცოლსა და ექვს არაჩვეულებრივ შვილზე. ვფიქრობ მის ოჯახზე. ვფიქრობ მის ბენდზე, რომლის წევრები ნამდვილი ძმები იყვნენ მისთვის და მახსოვს მისი ხმა - ერთდროულად მრისხანე და ტკბილი. ხმა, რომელიც სამუდამოდ ცოცხალი იქნება.
თუკი დღეს მიყურებთ ვინმე, ვინც მარტოსულად და უიმედოდ გრძნობთ თავს, გთხოვთ მომისმინოთ. თქვენ არ ხართ მარტო! ყოველთვის არსებობს გამოსავალი, რისთვისაც თქვენი ფიქრების გაზიარებაა საჭირო. არ დანებდეთ და მე გპირდებით, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი დაბრკოლებები ბნელი დღეების უკან დარჩება."
შეგახსენებთ, გრემის მფლობელი ამერიკული როკ-ჯგუფის, Linkin Park-ის სოლისტმა, 41 წლის ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 20 ივლისს, მისი უახლოესი მეგობრის, ქრის კორნელის დაბადების დღეზე.
ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მომღერალი ბოლო დროს დეპრესიას ებრძოდა.
ჩესტერის გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ქრის კორნელმაც, როკ ჯგუფების Soundgardenისა და AudioSlave-ის ვოკალისტმა. ჩესტერის მსგავსად, მანაც თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე Soundgarden-თან ერთად კონცერტი გამართა , შემდეგ კი დეტროიტის ერთერთი სასტუმროს აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






