მოვლენამ, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა და რომლის აღმოსაფხვრელადაც მეზობელი სახელმწიფოების დახმარება გახდა საჭირო, კითხვის ნიშნები გააჩინა.
სად იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მაშინ, როცა ხანძარი ჯერ მხოლოდ 1 ჰექტარზე იყო მოდებული და რომელსაც მეხანძრე-მაშველები საკუთარი სიცოცხლის ფასად შიშველი ხელებით ებრძოდნენ? ვერც მეხანძრეების ბრძოლამ და ვერც მოხალისე რაზმებმა ვერ შეძლეს განადგურებისგან ეხსნათ ბორჯომის ტყის უნიკალური, წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები.
მოვლენებს რომ მივყვეთ - ხანძარი სოფელ დაბასთან 20 აგვისტოს დღის 2-3- საათვის გაჩნდა, მაშინ ცეცხლის გავრცელების მასშტაბი შედარებით მცირე იყო. იმავე დღეს ხანძრის ლოკალიზებისთვის პროცესში შსს-ს ერთი ვერტმფრენი ჩაერთო, თუმცა უშედეგოდ. მეორე დღეს, 21 აგვისტოს, სამაშველო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე ჩაერთო. ამავე დღეს, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. საღმოს ხანძარი კვლავ გაძლიერდა, რის შემდეგაც სამაშველო სამუშაოებში, ილჰამ ალიევის ბრძანებულებით, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო. მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რადგან ხანძარი უკვე დასახლებულ პუნქტს უახლოვდებოდა. ადგილზე ჩავიდა პრემიერი კვირიკაშვილი და მისი ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი შეიქმნა, მხოლოდ მაშინ გავრცელდა მედიისთვის განცხადება, რომ მთავრობამ თურქეთის მხარეს დახმარებისთვის მიმართა და დილიდან დამატებითი თურქული ვეტმფრენი ჩაერთვებოდა. თურქული ვეტმფრენი 22 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ჩაერთო. ამავე ღამეს პრემიერმა პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. 23 აგვისტოს პრეზიდენტმა სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
23 აგვისტოს შს მინისტრმა განაცხადა, რომ მდგომარეობა უკეთესი იყო, ვიდრე წინა დღეს, თუმცა ხანძრის კერები კვლავ რჩებოდა და გვიან ღამით, ძლიერი ქარის გამო, ისევ აქტიური იყო. სამხედრო ძალების ჩართვა არ განხორციელდა. როგორც თავდაცვის მინისტრამ განაცხადა, არსებული რელიეფი ცოცხალი ძალისთვის მიუდგომელია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები გამოძიებით უნდა დადგინდეს და წინასწარი ვარაუდები, ალბათ, შედეგის მომტანი ვერ იქნება, მათ შორის ვერც ტყეში აღმოჩენილი, ბენზინით სავსე კასრი და ვერც მინის ბოთლის ნამსხვრევები. მთავრობა ყველა ვერსიას განიხილავს - შემთხვევითობით დაწყებული, დივერსიით დასრულებული.
თუმცა, გამოძიებამდე მედიის ინტერესის საგანი იმ სამათავრობო უწყების მუშაობის ხარისხია, რომელიც ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხით ფინანსდება, ხოლო მისი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მაღალჩინოსანია.
რომ აღარაფერი ვთქვათ, 2012 წელს თავდაცვის უწყების მიერ საფრანგეთიდან ჩამოყვანილ 2 სუპერპუმაზე, რომლის გამოყენება არცერთი სტიქიის დროს დაჟინებით არ მოხდა და რომელიც დღემდე ,,მზეთუნახავად“ რჩება, საინტერესოა რატომ არ მოხდა მთავრობის მიერ პარტნიორი სახელმწიდოებისადმი დახმარების თხოვნით დროული მიმართვა. თუნდაც მანამდე, სანამ 1 ჰექტარზე გავრცელებული ცეცხლი სტიქიად არ იქცეოდა, მუთუმეტეს ცხელ ზაფხულში, როცა მეტეოროლოგიური პირობები ბორჯომის ხეობაში ხანძრის სასარგებლოდ იყო. ისიც პასუხგასაცემი იქნება ალბათ, რატომ არ მიმართეს პრეზიდენტს დროულად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარის ჩართვის თაობაზე.
ცნობისათვის, 2008 წელს, მაშინ როცა სწორედ ამ ტერიტორიაზე რუსულმა საოკუპაციო ჯარმა ხანძარი გაუჩინა ტყის მასივს, მაშინ სამაშველო ოპერაციაში თურქული თვითმფრინავი ჩაერთო, რომელმაც ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლო.
კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, ეს უწყება მაშინ ჩაერთო, როცა ამის საჭიროება იყო. მინდია ჯანელიძის განცხადებით, საბჭომ ეფექტურად და კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავა. ჯანელიძე არ აკონკრეტებს არსებულ სიტუაციაში, რას ითვალისწინებს კანონმდებლობა:
„ჩვენი სამსახური ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო. ჩვენი სამსახური კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მუშაობს. როცა ვითარება დამძიმდა და საჭირო გახდა მობილიზება უფრო მეტი რესურსების, ვიდრე შსს-ს გააჩნია, მაშინ. ჩვენ ჩავერთეთ მაშინ, როცა ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს,“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
სუს-ის უფროსმა კი მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის განვითარებული ქვეყნები მოიყვანა, სადაც თურმე, მისი თქმით, ასევე უჭირთ ხანძართან განმკლავება.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა მზგავს სტიქიას დღეებისა და კვირების მანძილზე ებრძვიან, თუმცა მათ არ შეიძლება ტექნიკის თვალსაზრისით წუნი დავდოთ.
რატომ კეთდება მსგავსი განცხადებები? რატომ დარჩნენ საათების მანძილზე მხოლოდ მეხანძრე-მაშველები ამ დიდი პრობლემის წინაშე მარტო?
რა არის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და რას ითვალისწინებს კანონმდებლობა?
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე; აგრეთვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
საბჭო პრემიერ-მინისტრის დავალებით, ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების შეფასებას, ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში.
საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ, პრემიერ-მინისტრის მოწვევით. პრემიერ-მინისტრმა შეიძლება საბჭოს სხდომა, საჭიროებისამებრ, მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე, შესაბამისად სავარაუდოდ სიტყვა „შეიძლება“ არ არის კანონმდებლობაშ განსაზღვრული როგორც - „როცა კანონმდებლობა ითვალისწინებს“.
კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი) - საბჭოს აპარატის შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი), რომელიც კრიზისული სიტუაციებისას, კერძოდ: ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის ან მისი მცდელობის, ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების და სხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს გადადის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში.
აღნიშნული უწყებისთვის, 2017 წლის გეგმის მიხედვით, ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 3 მილიონ 600 ათასი ლარი. კრიზისების მართვის საბჭო 2014 წელს შეიქმნა და დღემდე მის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 14 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა. საბჭოს 72 თანამშრომელი ჰყავს.
თავად მინდია ჯანელიძემ ანაზღაურების სახით 2016 წელს 94 500 ლარი მიიღო.
ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა მთავრობის დღის წესრიგში ქვეყნის უშიშროების საბჭოს გაუქმება დგას; როცა მეხანძრე-მაშველებს ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება რეგიონებში 500 ხოლო დედაქალაქში 800-ლარამდეა - იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და უმკლავდებიან ქვეყანაში სტიქიურ უბედურებებს.
მასალის გამოყენების პირობები






