მოლდოვა გაეროს სთხოვს, დნესტრისპირეთიდან რუსული სამხედრო დანაყოფების გაყვანის საკითხის ყურადღება დაუთმოს.
Deutsche Welle-ს ცნობით, გაეროში მოლდოვის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ მორარუმ, ორგანიზაციას წერილით უკვე მიმართა, გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის დღის წესრიგში დნესტრისპირეთიდან რუსული სამხედრო დანაყოფების გაყვანის საკითხი შეიტანოს.
კიშინიოვში ფიქრობენ, რომ დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ყოფნა „ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“.
წერილი წარმოადგენს მოწოდებას, ორგანიზაციამ მხარი დაუჭიროს მოლოდვის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია „ ქვეყნის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების უპირობო და სრული გაყვანის” პროცესი დასრულოს.
მორარუ ასევე იხსენებს 1999 წელს მიღებულ ეუთოს დეკლარაციას, რომელიც მიესალმებოდა „ რუსეთის ფედერაციის ვალდებულებას, რომ 2002 წლის ბოლოსთვის მოლდოვის ტერიტორიიდან რუსული ძალების გაყვანა უნდა დაესრულებინა.“
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია 12 სექტემბერს გაიხსნება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 მაისს, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნა არაკონსტიტუციურად ცნო. მოლდოვის პარლამენტმა კი ქვეყნიდან რუსული სამხედრო ძალის გაყვანის შესახებ განცხადება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






