ოპოზიცია კვლავ ინარჩუნებს პრინციპუ პოზიციას და კონსენსუსის მთავარ პირობად კონსტიტუციაში იმ საკითხების გათვალისწინება მიაჩნია, რომელშიც მათ მიერ, ჯერ კიდევ 16 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში იყო საუბარი.
აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა 18 აგვისტოს შეხვედრის მიმდინარეობის პროცესშიც გადასცეს მმათველ ძალას, დღეს კიდევ ერთხელ გადაეგზავნა უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს.
,,შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მზადყოფნას გამოვთქვამთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსესუსის მისაღწევად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დიალოგისათვის და ამასთან, ვაცხადებთ შემდეგს:
1. თუ „ქართულ ოცნებას“ რეალურად სურს კონსტიტუციური რეფორმის სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ფართო კონსესუსის პირობებში განხორციელება, თუ მის მიზანს არ წარმოადგენს კონსესუსის იმიტაციის შექმნა და სინამდვილეში ქვეყნის კონსტიტუციის მხოლოდ საკუთარ, ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგება, კონსესუსის მისაღწევად დიალოგის დაწყებამდე ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს მისსავე მიერ შემოთავაზებული, კონსტიტუციის რეფორმირების ის პოლიტიკური მოცემულობა და წინაპირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით;
2. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მზაობა უნდა განაცხადოს იმის თაობაზე, რომ საარჩევნო სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან, ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ განაწილების წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკების პროცესში ჩართულ სუბიექტებთან მიღწეული კონსესუსის შესაბამისად. რაც არსებითად, „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად - პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად გადანაწილებაში იქნება გამოხატული;
3. საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა: საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო ბლოკები და სხვა), საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მზად ვართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სუფთა ფურცლიდან;
ზემოხსენებულ პირობათა დაცვის გარეშე მოლაპარაკებების წარმოება არ მოემსახურება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებრივ - პოლიტიკური კონსესუსის მიღწევის მიზანს, არამედ შექმნის კონსესუსის იმიტაციას და სახელისუფლებლო პოლიტიკურ ძალას შესაძლებლობას მისცემს საკუთარი სურვილისამებრ, ფაქტიურად ერთპიროვნულად განახორციელოს კონსტიტუციური ცვლილებები. ასე ერთპიროვნულად და თვითნებურად მიღებული კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას. შესაბამისად, პასუხისმგებლობა მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა 16 აგვისტოს გაავრცელეს და დღეს კიდევ ერთხელ გადაუგზავნეს ქართულ ოცნებას.
მასალის გამოყენების პირობები






