„ქართული ოცნება“ ფსონს კახა კალაძეზე დებს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევანი ზაალ უდუმაშვილზე შეაჩერა, „ევროპული საქართველოს“ სახელით წინასაარჩევნო შეხვედრებში აქტიურად ჩანს ელენე ხოშტარიაც.
მერობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კანდიდატი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც დღეს ,,ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, ამ ორი პარტიის ბლოკი დაშლილია და თავისუფალი დემოკრატები არჩევნებს ეთიშებიან.
პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთო დავით უსუფაშვილის ახალი პოლიტიკური პარტია "შენების მოძრაობა", რომელმაც თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმდჯომარეობის კანდიდატები უკვე წარადგინა. "შენების მოძრაობის" თბილსის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მერობის კანდიდატებზე მსჯელობს „პატრიოტთა ალაინსი“.
უცნობია, რას იზამს ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, ჩვენი ინფორმაციით, კონკრეტულ კანდიდატზე პარტიაში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
პოლიტიკური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში, მერობის კანდიდატის გარეშე წარსდგება, ერთის მხრივ, ხელს აძლევს სახელისუფლო ძალას, რომლისთვისაც ამომრჩევლის ხმების გაყოფა არახელსაყრელია და მეორეს მხრივ, ასეთი პარტიები, დიდი ალბათობით, ბარიერს მიღმა დარჩენისთვის არიან განწირულნი.
ერთი, რაც წინასაარჩევნოდ შეიძლება ითქვას, უკანაკსნელი კვლევა, რომელიც NDI-მ ჩაატარა, ცხადყოფს, რომ თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური გარდაუვალია.
ამ ვითარებაში, მნიშვნელოვანია თავად ოპოზიციური პარტიების როლი - რამდენად შეძლებენ ისინი, მეორე ტურში ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციური კანდიდატის ირგვლი კონსოლიდაციას, რაც ქართული ოცნების კანდიდატის, კალაძის უპირობო მარცხს მოასწავებს.
,,ნიუპოსტი“ თემის დეტალებზე სასაუბროდ, ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ფიქრობს, რომ ადგილობრივი არჩევნების ერთადერთი ინტრიგა ნამდვილად არის თბილისის მერის არჩევნები.
,,თუ ხელისუფლებას თბილისის მერთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ამის შედეგ გრძელვადიანი ნეგატიური პროგნოზის გაკეთება შეიძლება მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ხელისუფლებას ძალიან დიდი შიში აქვს, რომ მსგავსი პრობლემები არ დაიწყოს. გარდა ამისა არის მეორე ფაქტი, რომ თბილისის მერი იქნება პირდაპირი ლეგიტიმაციით არჩეული ყველაზე მაღალი ფიგურა საქართველოში თუ პრეზიდენტს არ ჩავთვლით"- განაცხადა "ნიუპსტთან" გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება იმას, პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატების არდაყენება ემსახურება თუ არა ხელისუფლების ინტრესს, ექსპერტი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პირველ ტურში მრავალი კანდიდატის არსებობა ხელისუფლებისთვის დისკომფორტია და მეორე ტურის დიდ შანსს იძლევა.
"იმ პარტიების მხრიდან, რომლებსაც პულსი ესინჯებათ, მე ვფიქრობ რომ შეცდომა იქნება მერობის კანდიდატი არ დაასახელოს, ეს ბარიერის გადალახვის და მეორე ტურის ერთგვარი შანსია.
ერთადერთი ამ დრომდე არ მომისმენია ,,პატრიოტთა ალიანსისგან" კანდიდატის დაყენების შესახებ ინფორმაცია“ - აცხადებს ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






