ძალადობაში ეჭვმიტანილის დედინაცვალთან ექსკლუზიური ინტერვიუ "პოსტსკრიპტუმის" ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა სამეგრელოში ჩაწერა. დაკავებულის დედინაცვალი იხსენებს, რომ მისი შვილი პოლიციასთან მას შემდეგ თანამშრომლობს, რაც ციხეში მოხვდა და იქ მეგის ქარდავას მფარველობით სარგებლობდა.
დედინაცვლის თქმით, შვილობილს უხეშობას ახალგაზრდული წლებიდანვე ამჩნევდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვიდა: "უხეში იყო, უმიზეზოდ ჩხუბობდა, ყველაფერს ამტვრევდა, ბოლოს აიჩემა, ცოლი მინდაო... ხშირად აკითხავდნენ პოლიციიდან და მიჰყავდათ, მე არ ვიცი, რა დავალებებს აძლევდნენ. ერთხელ, მითხრეს, შენს ჭიშკართან მეგის ქარდავა დგასო და ჩავედი. დავინახე, ქარდავა იდგა და ვიღაცას ეუბნებოდა: ეს ამაღამ არ გამოგვადგება, მთვრალიაო..."
დაკავებულის დედინაცვლის განცხადებით, მისი შვილობილის თანამშრომლობა პოლიციასთან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა: "მერეც აკითხავდნენ პოლიციიდან, რომ ვიკითხე, ვინაა რომ გიბარებს, ფეტელავა (შსს-ს სამეგრელოს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, - რედ.) ხომ აღარ არის-მეთქი, ასე მითხრა, ფეტელავა მოხსნეს და ახლა მის მაგივრად სხვა დანიშნესო", - იხსენებს ქალბატონი, რომლის სახეც "პოსტსკრიპტუმში" სპეციალური სამონტაჟო ეფექტით იყო დაფარული, თუმცა, სიუჟეტის ავტორმა ძალადობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა: საუბარია შსს-ს მიერ სამეგრელოში სამალავების აღმოჩენის შემდეგ დაკავებულ თ. უ.-ე, რომელიც ადამიანების წამებასა და მათზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. მასთან ერთად ანალოგიური ბრალდებით დაკავებულ რვა პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






