ამის შესახებ ,,ნიუპოსტთან" საუბარში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოქტომბერში პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, საქართველოს მასშტაბით ივანიშვილის მიერ ჩატარებულ უზარმაზარ სოციოლოგიურ კვლევას უწოდებს.
ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ პრემიერს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია ორი მთავარი დაპირების აქვს შესასრულებელი, რომელიც, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსისა და სტაბილურობის მისაღწევად. ამასთან, ექსპერტის თქმით, ბევრი სხვა რისკი აქვს ივანიშვილს გასათვლელი, როცა ამ განცხადებას აკეთებს.
_ წინასაარჩევნოდ ივანიშვილის ფიგურა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმით, რომ ერთადერთი მას შესწევდა უნარი ,,ნაციონალური მოძრაობა" დაემარცხებინა და გაეშვა ხელისუფლებიდან, არამედ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ორი მთავარი დაპირება: ეს ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მასშტაბურ რეფორმას და რეალურ არჩევითობას, ძალაუფლების მინიჭებას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის თავისი ბიუჯეტით, დაფინანსებით, სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებით და ა.შ. მეორე უკავშირდებოდა მრავალსუბიექტიანი პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას, სადაც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას ექნებოდა მეტ-ნაკლებად თანაბარი წონა, რომელიც მისცემდა მას საშუალებას, დაებალანსებინათ ერთმანეთი და ამ მხრივ უზრუნველეყოთ საზოგადოების და ქვეყნის განვითარების სტაბილურობა.
დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არცერთ პოლიტიკურ ძალას ან რამდენიმე პოლიტიკური ძალის კომბინაციას არ შესწევთ უნარი, რომ უზრუნველყონ ქვეყანაში სტაბილური განვითარება. აქ ბევრი ფაქტორი მუშაობს, მათ შორის ვგულისხმობ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალ წევრებსაც, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ფიგურას თუ გავიყვანთ გარეთ, ცალკე სუბიექტებად რომ ავიღოთ, მათი პოლიტიკური წონა ფაქტობრიადვ იგივეა, რაც პარლამნეტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიების. ასე, რომ დამაბალანსებელი პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია დღეს ქვეყანაში არ იკვეთება. ამიტომ არცერთი დაპირება და არც მეორე შესრულებული არ არის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მიჯნაზე, მანამდეც და მას მერეც, იგეგმება ქვეყნის ძალიან მასშტაბური ტერიტორიული გადაწყობა, (რომლის ასე გაურკვევლად გაკეთებას მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, მაგრამ ეს სხვა თემაა), ასეთ პირობებში ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ გადმოსახედიდან, შეძლებს ბალანსის და სტაბილურობის უზრუნველყოფას. როცა საქმე გვაქვს ასეთი მასშტაბის ტერიტორიულ გადაწყობასთან, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს ქვეყანაში ერთი ღერძული პოლიტიკური ლიდერის გარეშე.
გარდა ამისა, აქ ჩვენი პოლიტიკური კულტურაც მუშაობს. საქართველოს დამოუკიდებლობიდან დაწყებული დღემდე, რაც გვახსოვს მთლიანად ჩვენი პოლიტიკური სპექტრი აკინძული იყო ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე, ერთ ლიდერზე, რომელიც ყველა დანარჩენს ასი თავით აღემატებოდა, ანუ მისი შემცვლელი ფიგურა წლების მანძილზე არ ჩანდა, გადიოდა 8-9 წელი და მერე თუ გამოჩნდებოდა. დღესაც იგივე ვითარებაა და შესაძლოა ჩვენ ეს შიშიც გვალაპარაკებს, რომ აქ გვაქვს თანაბარი პოლიტკური წონის ლიდერების პირობებში პოლიტიკური ცხოვრების კულტურა და გამოცდილება და ამ გამოუცდელობის გამო, ჩვენი შიშიც გასაგებია. თუმცა, მეორეს მხრივ, შეიძლება ძალიან კარგი პრეცედენტი იყოს და შევძლოთ ძალიან ბევრი პოლიტიკურად თანაბარი წონის პარტიებში სტაბილურობის მიღწევა, მაგრამ ამის გარანტიას დღეს ამ გადმოსახედიდან ვერ ვხედავ.
პრემიერს სწორედ ეს და ბევრი სხვა რისკი აქვს გასათვლელი, როცა ამ განცხადებას აკეთებს. მაგრამ აქ არის მეორე უკიდურესობა, რასაც სოციალურ ქსელებში ვუყურებ - ჩვენ არ უნდა დაგვემართოს ის, რომ უახლესი ისტორიის სამარცხვინო ფურცლები გავიმეოროთ, ვგულისხმობ იგივე ხალხის მიერ შევარდნაძის დაჩოქებას, რაც პირდაპირ შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას არ უნდა მოჰყვეს მსგავსი ისტერია - არიქა ვიღპუპებით და მოდი დავუჩოქოთ, მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული მის დაპირებებზე და როგორც მოგახსენთ, ჩემთვის ეს ორი დაპირება უმნიშვნელოვანესი იყო. მე არ ვიცი როგორ ხედავს ის და სად აქვს იმის გარანტიები, რომ ქვეყანაში ყველაფერი სტაბილურად განვითარდება განსაკუთრებული კატაკლიზმების გარეშე.
_თუკი მოხდა და ივანიშვილის წავიდან ოქტომბერში პოლიტიკიდან, რამდენად მოსალოდნელია, რომ მისი წასვლის შემდეგ კოალიცია ,,ქართული ოცნება" დაიშალოს?
_მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ დღეს პარლამენტში არის 83 ბიძინა ივანიშვილის მანდატით გასული დეპუტატი, წინასწარ გამიჭირდება იმის თქმა, დაიშლება თუ არა, თუმცა დაშლის შემთხვევაში, ნებისმიერი კონფიგურაცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების არ იქნება იმ წონის მქონე, რომ შეძლონ ქვეყნის გაძღოლა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერს რაღაც კომბინაცია მოფიქრებული აქვს, ყოველ შემთხვევაში ის ამ გადმოსახედიდან განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავს, არ ვიცით ხვალ და ზეგ რა იქნება, შესაძლოა დადგეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც, მითუმეტეს თუ კოალიცია დაიშალა და უმრავლესობა აღარ ექნა ,,ქართულ ოცნებას"
_ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობითვის" უფრო მომგებიანი სიტუაცია იქმნება?
_რაც შეეხება ამ ვითარებაში ,,ნაციონალური მოძრაობის" მდგომარეობას, ის ხმაური, რომელიც სკანდალური კადრების გამო არის ატეხილი, თუ მოხდა მისი გამოძიება და შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ აქ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, არამედ ხელისუფლების, როგორც რეჟიმის და შესაბამისად მოხდეს ,,ნაციონალური მოძრაობის" პასუხსიმგებლობის საკითხის დაყენება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას არ ექნებს არანაირი შანსი, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ,,ნაციონალური მოძრაობა", დღეს არსებულ სტატუს-ქვოსთან შედარებით, დიდი დანაკარგით არ მივიდა, რა თქმა უნდა, იმ სიტუაციაში, ეძლევა შანსი წელში გამართვის, რადგან ყევლაზე დიდი გამოცდილება პოლიტიკურ სტრუქტურად არსებობის, დარჩენილ პოლიტიკურ სპექტრიში, ექნება სწორედ მას.
თუმცა, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა, რაზეც ინტერვიუში ისაუბრა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება საცდელი, საჯილდაო ქვა, რომელიც საქართველოს საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ბოსტანში ჩააგდო, და ის შეხედავს როგორი იქნება რეაქციები, რა რისკები შეიძლება გამოიკვეთოს. ფაქტობრივად, პრემიერმა ამით გააკეთა საქართველოს მასშტაბით უზარმაზარი სოციოლოგიური კველვა. დამეთანხმებით ალაბათ, რომ ყველა ექსპერტი, პოლიტიკოსი, საზოგადოების რიგით წევრი, ამაზე გააკეთებს რეაქციას და ამის მიხედვით, ის, სულ მინიმუმ, დაინახავს რისკებს, რაც შეიძლება რომ მის ამ ნაბიჯს მოჰყვეს, შემდეგ შეიძლება შეცვალოს ან დარჩეს ამ პოზიციაზე და მართლაც წავიდეს საპრეზიდენდტო არჩევნების შემდეგ. ამ ეტაპზე ის სამ ფიგურას ასახელებს - პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს და მის შემცვლელ მომავალ პრემიერს, რომლებმაც უნდა იტვირთონ სახელმწიფოს მართვა რადიკალური ძვრების გარეშე, ვნახოთ რა იქნება...
ანანო კვაჭანტირაძე
,,ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






