,,ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გუშინ, "გურიის მოამბეს" ვებ გვერდის www.guriismoambe.com გადაცემა "ფლიპკამერაში" საუბრისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ლელა ნაცვალაძემ გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ცნობილია ის მიზეზები, რის გამოც გაზეთ "გურიის მოამბეზე" მიმდინარეობს ზეწოლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერის, კოტე შარაშენიძის მხრიდან.
დეპუტატის ვერსიით, ეს არის რედაქციის ოფისი, რომლის "ხელში ჩაგდების" სურვილი, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციას გააჩნია.
ნაცვალაძის ამ განცხადებას, წინ უსწრებდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეშვილის განცხადება.მან 10 დღით ადრე გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით და მისი გადადგომის ერთერთ მთავარ მიზეზად -ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დაასახელა, კერძოდ, როგორც მამეშვილი აცხადებს, შარაშენიძე მისგან დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას განეხორციელებინა ზეწოლა ერთ-ერთ დამოუკიდებელ მედია საშუალებაზე.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ზეწოლებში, კოტე შარაშენიძის გარდა აქტიურად მონაწილეობენ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერი, დავით დარჩია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ჯინჭარაძე, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატები, თემურ ჭკუასელი და ზვიად კვაჭანტირაძე და "ქართული ოცნების" სხვა ხელმძღვანელები.
თვეებია, როგორც თავად "გურიის მოამბეზე", ასევე მის თანამშრომლებზე და რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, მის ხელმომწერებზეც, ასევე იმ ბიზნეს ჯგუფებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც "გურიის მოამბესთან" თანამშრომლებენ სარეკლამო საქმიანობისა და დაფინანსებული მასალების გამოქვეყნების მიზნით, ზემოაღნიშნული ჯგუფის მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლები, ასევე ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კამპანია, ძირითადად სოციალურ ქსელებში.
"ქართული ოცნების" ამ წარმომადგენლების მიზანია განახორციელონ დარტყმები დამოუკიდებელ მედიაზე, და რადგან ვერ მოახერხეს ჩვენი, როგორც მედია- საშუალების ე.წ. "განეიტრალება", გადადიან უკვე ზეწოლების მორიგ ეტაპზე, ცდილობენ რა, დაგვტოვონ ოფისის, შესაბამისად ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი კომუნიკაციების გარეშე.
მაგალითისათვის, ალბათ, მარტო ისიც კმარა, რომ მე, ვლადიმერ მენაბდეს, როგორც გაზეთის გამომცემელს, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ჭკუასელი, უშუალოდ და პირადად დამემუქრა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა ჩემს დასაპატიმრებლად.
საინტერესოა ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის სატელეფონო საუბარი, სადაც ის ირიბად ადასტურებს, რომ "სწორედაც მან აკრძალა ეს გაზეთი მის რაიონში".
რედაქცია, ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, დღემდე თავს იკავებდა ამ ტიპის ქმედებებზე – (ვფიქრობდით, რომ, ხელისუფლებასთან დაპირისპირების რეჟიმში გადასვლა უარყოფით გავლენას მოახდენდა შემოსავლებზე და ასე შემდეგ) საჯარო განცხადებაზე, თუმცა დღეს არსებული სიტუაცია, რომელიც უკვე რეალურად გვიქმნის არსებობასთან დაკავშირებულ საფრთხეს, იძულებულს გვხდის ოფიციალურად მოგმართოთ ყველას-ვისთვისაც ძვირფასია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია-დაგვეხმაროთ, რათა რედაქციამ თავიდან აირიდოს ის შესაძლო ძალმომრეობა, რომელიც მისი მისამართით უახლოეს მომავალში იგეგმება ხელისუფლების მხრიდან.ჩვენ , ჩვენის მხრივ, შევეცდებით მაქსიმალურად ინფორმირებული გავხადოთ ამის თაობაზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დიპლომატიური მისიები, ადამიანის უფლებათა დამცველი საზოგადოებები.
"გურიის მოამბე" არის რეგიონალური გამოცემა, ვრცელდება გურიის მხარეში, მას გააჩნია ოფისები ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალება გურიაში.
პატივისცემით, ვლადიმერ მენაბდე- "გურიის მოამბეს" გამომცემელი, დამფუძნებელი." - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






