ბადრიძეს თქმით, რეზოლუციის მიღებით დადასტურდა ისიც, რომ ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა უცხოელი პოლიტიკოსები „სააკაშვილის ფან-კლუბის წევრებად და საქართველოს მტრებად მონათლა“.
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქტიური სამუშაოები უნდა აწარმოოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
"ამ ნაბიჯს მე ვაფასებ, როგორც დადასტურებას, იმისა, რომ საქართველოს აშშ-ის კონგრესში, ნამდვილი, ჭეშმარიტი მეგობრები ჰყავს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და განვითარებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს უჭერენ მხარს, მიუხედავად იმისა თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში.
თქვენთან წინა ინტერვიუში, მე ვახსენე, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო, ჩვენი უცხოელი მეგობრების და მხარდამჭერების მონათვლა, როგორც მიხეილ სააკაშვილის ფან-კლუბის და უამრავი სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიება. ლამის ჩვენი ქვეყნის მტრებად გამოცხადება. ეს აქტი კი ზუსტად იმას ადასტურებს, რაც მე ვთქვი. ჩვენს ქვეყანას ჰყავს მეგობრები და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შიდა პოლიტიკურ, პარტიებს შორის კინკლაობას და დავას ეროვნული ინტერესები არ უნდა გადაჰყვეს.
შემდეგი ეტაპი, ჩემი აზრით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან მუშაობის გააქტიურება უნდა იყოს. მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან, რომელთანაც უშუალო კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა, მისი საქართველოში ვიზიტის დროს მოგვეცემა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად იმოქმედებს, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის"- განუცხადა "ნიუპოსტს" გიორგი ბადრიძემ.
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი. კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტში საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების პროცესში შესაძლო ჩარევაზე.
მთავარი დეტალი აღნიშნული კანონის არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მოქმედი სანქციები ერთპიროვნულად შეცვალოს. პრეზიდენტს ასევე, ეკისრება ვალდებულება პირდაპირ მოუწოდოს მოსკოვს უკრაინიდან, საქართველსა და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ.
მასალის გამოყენების პირობები






