როგორც შიდა ქართლში სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია იტყობინება, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
ფესტივალზე წარმატებულ ღვინის კომპანიებთან ერთად, რეგიონის მცირე მარნები და მევენახე-გლეხებიც იქნებიან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე სხვადასხვა სახეობის ღვინოს, რომლებიც ჯერ არ გასულა ბაზრებზე და რომელთა შერჩევასაც წინასწარ აწარმოებდა ,,ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია". ფესტივალის სტუმრებს ღვინის უფასო დეგუსტაციის და ყიდვის საშუალება ექნებათ. ღვინის გარდა, სტუმრებს შეეძლებათ შეიძინონ სხვადასხვა სახეობის და ასორტიმენტის ყველი, მწვადი და პური, რომლებიც მთლიანად ადგილობრივი რესტორნებისა და მწარმოებლებისგან იქნება მოწოდებული. ფესტივალზე ასევე გაიყიდება ადგილობრივი წარმოების ჩირი, ჩურჩხელა, ტკბილეული, ხელოსნების მიერ წარმოებული სუვენირები, ნახატები და სხვა. ფესტივალზე გამოიფინება ისტორიული ნივთები და ფოტოები ადგილობრივი მუზეუმებიდან, რომლებიც დაკაშირებულია ღვინოსთან და ადგილობრივ ტრადიციებთან, ასევე ისტორიული გორის ძველი უბნის ცხოვრების ამსახველი ფოტოები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.
ფესტივალზე არ გამოვლინდება გამარჯვებული. მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ თავისი შეხედულებისამებრ დაასახელონ რჩეული ღვინო.
ორგანიზატორები ფესტივალში მონაწილე ყველა მეღვინეს გადასცემენ სიგელებს და საჩუქრებს.
ფესიტვალს მუსიკალურად გააფორმებს ადგილობრივი ჯაზ-ბენდი ,,კანუდოსი" და ქართული ხალხური ანსამბლი.
ფესტივალის მასპინძელია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ,,ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" და რეგიონული განვითარების სააგენტო.
ფესტივალი წელს პირველად ტარდება და ორგანიზატორების სურვილია, რომ ის ტრადიციული გახდეს. ფესტივალი მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართლის ღვინის პოპულარიზებას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას და გამრავალფეროვნებას, რეგიონში შემორჩენილი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გაცნობა-პოპულარიზაციას, გლეხებისთვის დამატებით შემოსავლის მოტანას, ქართლის ღვინის მწარმოებელთა კატალოგის შექმნას შემდგომი კონსულტაციებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებას, შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას.
მასალის გამოყენების პირობები






