„2017 წელს საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს 3 დიდ თარიღს – საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთი საუკუნის მანძილზე შეჩერებული 15 საუკუნოვანი ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავს;
– უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.
ამ თარიღების დამთხვევა არ არის შემთხვევითი მოვლენა. იგი ფრიად მნიშვნელოვანი და კანონზომიერია ქართველი ერის ისტორიისათვის.
პირველივე საუკუნიდან ქართველმა ხალხმა, ირწმუნა კაცობრიობისათვის ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე ღმერთი და დღემდე ერთგული რჩება უფლისა და მის მიერ დადგენილი ზეციური მფარველისა – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.
ქრისტიანულმა ფასეულობებმა ერთიანად განმსჭვალა და ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ცნობიერება, რის საფუძველზეც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა დღეს უკვე საკაცობრიო მასშტაბით აღიარებული ქართული კულტურა.
ჩვენი ქვეყნის დაპყრობის მოსურნე დიდი და ძლიერი სახელმწიფოებით გარშემორტყმული საქართველო ვერ შეძლებდა უნიკალური სულიერი საგანძურის დაცვას, მის განვითარებასა და სრულყოფას ეკლესიისდამოუკიდებლობის ანუ ავტოკეფალიის გარეშე. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის ღვაწლით ქართველთა სულიერ ერთობას V საუკუნიდან სათავეში უდგას მისი ავტოკეფალური ანუ დამოუკიდებელი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია.
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ჩვენ ერს მისცა სულიერი ფასეულობანი, ხოლო ეკლესიის ავტოკეფალიამ საბოლოოდ განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ჩვენი ვინაობა ანუ იდენტობა – ღვთისა და მამულისადმი თავდადებული სიყვარული. ღვთის სიყვარული მამულისადმი მსახურების გარეშე და პირიქით, მამულის სიყვარული ღვთისადმი ერთგულების გარეშე ჩვენი ეროვნული ვინაობის დაკნინებას ნიშნავს.
ყოველმა ქართველმა იცის, რომ მისი ეროვნულობის უმთავრესი ნიშანი ქრისტიანული სარწმუნოებაა, ხოლო დამოუკიდებელი ეკლესია საწინდარია მისი თავისუფალი განვითარებისა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის შეჩერებამ დიდი სულიერი დაუძლურება გამოიწვია ქართველ ერში – იკრძალებოდა წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე, მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლება, მოსახლეობა გაუცხოვდა ჯერ ეკლესიური ცხოვრების წესისგან და შემდგომ, თანდათანობით, სარწმუნოებისაგან. ერი აღარ ჰგავდა დავითის, თამარისა და ქეთევანის, ასი ათასი მოწამის მშობელ ერს. დიდი აკაკი ბრძანებდა, რომ ქართველი კაცის ცხოვრება აღარ იყო დაფუძნებული რუსთაველის უკვდავ სიტყვებზე – „ჭირსა შინა გამაგრება, ისე უნდა ვით ქვითკირსა” და „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.” გადაგვარების გზაზე დამდგარი ქართული სული უპირველესად გამოაფხიზლეს ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ, კათოლიკოს-პატრიარქებმა – კირიონ II-მ, ლეონიდე ოქროპირიძემ, ამბროსი ხელაიამ, მღვდელმთავრებმა – გაბრიელ ქიქოძემ, ალექსანდრე ოქროპირიძემ და მათმა თანამოაზრე მამულიშვილებმა და ღვთისმსახურებმა. დაცემული ვინაობის აღსადგენად მათ ქართველ ერს გაუცოცხლეს საამაყო წარსული და შეახსენეს მისი უმთავრესი ფასეულობანი – მამული, ენა, სარწმუნოება. რჩეულ ღვთისმსახურთა და მამულიშვილთა დაუღალავი ღვაწლითა და თავგანწირული მეცადინეობით აღდგა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა; აღდგა ქართული გალობა, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, გაიღვიძა ქართულმა გენმა, ეროვნული დამოუკიდებლობის სულმა. ამ მოვლენიდან ერთი წლის თავზე აღდგა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
სამწუხაროდ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ეკლესია ათეისტური ძალადობის წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. უღმერთობის მწარე დღეებში ჩვენი პატრიარქების მოწამეობრივმა ღვაწლმა სრულ გაპარტახებას და განადგურებას გადაარჩინა სარწმუნოება და ეკლესია, მაგრამ მათ არ დასცალდა ეროვნული ვინაობის გაჯანსაღებაზე ზრუნვა. მიუხედავად დევნილი სამვდელოების თავდადებისა, მე-20 საუკუნის დასასრულს გაჩნდა რეალური საფრთხეჩვენი, ჯერ კიდევ სნეული ვინაობის საბოლოო განადგურებისა. კომუნისტურმამსოფლმხედველობამ ჩვენი იდენტობის გულის გულის, ქრისტიანული სარწმუნოების, სრული აღმოფხვრა მოინდომა.
მადლობა ღმერთს, ამ საბედისწერო ჟამს, ისევე როგორც არაერთხელ ჩვენი ისტორიის უმძიმეს პერიოდში, უფალმა კვლავაც მოუვლინა ჩვენ ერს დიდი მოამაგე და ნუგეშინისმცემელი, ჭეშმარიტი მკურნალი ერის წყლულებისა და სულიერი გზის გამკვალავი. მისმა სიყვარულით აღსავსე თავდაუზოგავმა მსახურებამ, ვითარცა იავნანამ, გაახსენა ქართველ კაცს თავისი ვინაობა და უფსკრულის პირას მყოფი ღვთისკენ შემოაბრუნა.
მისმა უწმიდესობამ კიდევ ერთხელ განგვიმარტა ჩვენი იდენტობა – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ამ სამი ფენომენის ურღვევი კავშირი არის არსი ჩვენი ეროვნული ვინაობისა.
„ქართველნო, ერთად ღვთისაკენ” – უკვე მრავალი წელია გაისმის ერის სულიერი მამის მოწოდება. 40 წელია მისი უწმიდესობა ბიბლიური მოსე წინასწარმეტყველის მსგავსად მიგვიძღვება სულიერი მონობიდან განთავისუფლების გზაზე. ეს 40 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ებრაელი ერის უდაბნოში მოგზაურობის მსგავსად, იყო აღსავსე მრავალი განსაცდელით. მე-40-ე წელს ვითარცა ბრძმედში გამოწრთობილი და განწმენდილი ებრაელი ხალხი ღირსი გახდა აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა და თავისუფლების მოპოვებისა.
წლევანდელი საიუბილეო წელი შესაძლებელია და უნდა გახდეს ჩვენი ჭეშმარიტ თავისუფლებაში გამთლიანების წელი.
სულიერად და ფიზიკურად მრავალვნებული ერი ქართველთა 40 წლის მანძილზე მისმა უწმიდესობამ, ვითარცა დედამ ჩვილი, ხელში აყვანილი გვატარა, მრავალი განსაცდელიდან უვნებლად გამოგვიყვანა, მოგვასულიერა, მოგვაძლიერა და ფეხზე დაგვაყენა. მან აღგვიდგინა და განამტკიცა უმთავრესი საძირკველი ჩვენი ცხოვრებისა – კულტურა ღმერთთან სულიერი კავშირისა, რწმენა ამ კავშირის აუცილებლობისა და ნდობა ეკლესიისა, სადაც ეს კავშირი აღესრულება. გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.
დიდება და მადლობა ღმერთს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისმონიჭებისა და შენარჩუნებისათვის;
დიდება და მადლობა ღმერთს 85 წლის წინ ჩვენი ერის მომავალი სულიერი წინამძღოლის მოვლინებისათვის;
და კიდევ, მადლობა მის უწმიდესობას, რომელიც 40 წელი უდრტვინველად ატარებს ღვთისაგან განშორებული ერის მოქცევისა და უფლის გზაზე მისი დაბრუნების მძიმე უღელს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარნი სამღვდელოებასა და მრევლთან ერთად ვულოცავთ მის უწმიდესობას ამ საიუბილეო თარიღებს და შევთხოვთ უფალს მის ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს.
ჩვენი პატრიარქის დღეგრძელობა დიდად არის დამოკიდებული ჩვენზე, მის სულიერ შვილებზე.
ყველაზე დიდი მოლოცვა და საჩუქარი ამ საიუბილეო წელს მისი უწმიდესობისათვის იქნება ეკლესიის სამწყსოს მიერ სრულად გათავისება და რეალური აღსრულება იმ სწავლა-მოძღვრებისა, რომელსაც, სიტყვით თუ საქმით, გადმოგვცემს ჩვენი პატრიარქი ამ 40 წლის მანძილზე.
საიუბილეო წლის ჭეშმარიტი აღნიშვნა იქნება ეკლესიის თითოეული წევრის ჩართვა და მონაწილეობა იმ ღვთის სათნო საქმიანობებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენი სულიერი, ინტელექტუალური და ზნეობრივი დონის ამაღლებას.
წლების მანძილზე მისმა უწმიდესობამ შეუძლებელი შეძლო ჩვენი ფერისცვალებისათვის და კვლავაც თავდაუზოგავად ტვირთულობს უმძიმეს ჯვარს, მაგრამ თუ მის გარშემო მთელი ერი არ დავირაზმეთ, შეუძლებელი იქნება სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა სულიერი გამთლიანება და გაბრწყინება. დღეს ქართველი ერი „აღთქმული მიწის” მიჯნაზე ვდგავართ და გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. როგორც უწინ, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ ღვთის ერი.
კვართის მცველი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა – ივერია, უნდა გაბრწყინდეს.
ღმერთი და ღვთისმშობელი ამას გვავალებს ჩვენ.
ღმერთმა და ღვთისმშობელმა ამ მიზნის მისაღწევად ყოველი სულიერი და ხორციელი ძალა უხვად მოგვმადლა ჩვენ.
„იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რათა არავინ მიგიღოს გვირგვინი შენი“ (გამოცხადება იოანესი, 3.11.)
ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენ საქართველოს აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს. ამინ!"- ნათქვამია სინოდის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები