როკის ახალი გვირაბი - ამ სახელთან ასოცირდება საქართველოში კახეთ-დაღესტნის მაგისტრალის მშენებლობა. ოპოზიცია და საექსპერტო წრეები საქართველოში რუსეთთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი გზის მშენებლობას ახალ საფრთხედ აფასებს. ხელისუფლებისგან კი აღნიშნულის შესახებ განცხადებები ამ დრომდე არ მოგვისმენია.
აგრესორ ქვეყანასთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. რუსული პროექტის მიხედვით, დაღესტანი საქართველოს, ყვარლის რაიონს დაუკავშირდება. წლების წინ, როცა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სავარძელს იკავებდა, აცხადებდა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, გზის მშენებლობა დადებითი მოვლენა იყო. კვირიკაშვილის არგუმენტი 3 წლის წინ, ლარსის დროებით დაკეტვის შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთი კახეთის გავლით მოძრაობის შესაძლებლობა იყო.
საპირისპიროს აცხადებენ დარგის ექსპერტები მათი თქმით, ავარეთ-კახეთის გზის მეშვეობით ოკუპანტებს საქართველოში შემოსვლა ნებისმიერ დროს კახეთიდანაც შეეძლებათ. საქართველო კი თავის შველისა და გადარჩენის გზას იჭრის - არავისთვის უცხო არ არის, 2008 წლის ომის დროს კახეთი ერთგვარი ზურგი იყო . საომარი მოქმედებების დროს ხალხმა თბილისიდან კახეთში გახიზნა თავისი ოჯახის წევრები. ასევე, ჩვენი შეიარაღებული ძალების გარკვეული იარაღის მარაგი მაშინ კახეთში იყო გადატანილი.
რატომ არის ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა საგანგებო სიფრთხილის საგანი? თემის გაშლას „ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან შეეცადა.
ყოფილი მაღალჩინოსანი გზის მშენებლობას რუსეთის ფართომასშტაბიან გათვლასა და რეგიონში შექმნილ გეო-პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს.
"ნაბიჯები, რომლებსაც რუსეთი დგამს, ეს არ არის შემთხვევითი. ეს განპირობებულია იმ გეოპოლიტიკური პროცესებით, რაც რეგიონში ხდება. ვგულისხმობ რუსეთიდან საუდის არაბეთამდე. არსებობს მოლოდინი და პროგნოზი, რომ ირანში სიტუაციის ესკალაციის საკმაოდ დიდი შანსები აქვს. ეს თავის მხრივ განპირობებულია იმით, რომ ირანს დაძაბული ურთიერთობა აქვს ისრაელთან და შესაძლებელია სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს. ირანი ისრაელს, როგორც სახელმწიფოს არ აღიარებს, მას აქვს პერსპექტივაში შესაძლებლობა ატომური იარაღი შექმნას, თუმცა ისრაელს აქვს პრეტენზია, რომ თუ ირანი შექმნის ატომურ ბომბს, ის ირანის ატომურ პოტენციალს დაუყოვნებლივ გაანადგურებს. გამოდის, რომ რეგიონში ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი არსებობს. ამასთან, როცა რეგიონში შექმნილ ვითარებას განვიხილავთ, არ უნდა გამოგვრჩეს მეორე, კიდევ უფრო დაძაბული მდგომარეობა, რომელიც ირანსა და საუდის არაბეთს შორის არსებობს. საუდის არაბეთს არაბულ სამყაროში ჰეგემონიაზე აქვს პრეტენზია, რასაც ირანი ეწინააღმდეგება, რაც დაძაბულობას წარმოშობს. ბოლო დროს ყატარში განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა, რომ ორი ძლიერი სახელმწიფოს დავაში სწორედ ეს ქვეყანა გაიჭყლიტა.
რეგიონში ირანი, თუ არ ჩავთვლით სირიას, რუსეთის ერთადერთი მოკავშირეა. რუსეთს ღიად აქვს გაცხადებული, რომ ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში ის მხარს სწორედ ირანს დაუჭერს. რუსეთი ღიად ამბობს, რომ ის რეგიონში თავის ინტერესებს ყველა ხერხის გამოყენებით დაიცავს. სირიაში, ტარტუს ბაზაზე რუსეთს სამხედრო შენაერთები ჰყავდა, რითაც დიდი ზეგავლენა მოახდინა იმ კონფლიქტზე, რაც სირიაში დღესაც არსებობა. ირანის შემთხვევაში, რუსეთის მსგავსი ბაზა არ აქვს, სამხედრო ბაზა რომელიც ირანთან ახლოსაა, 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში, სომხეთის ტერიტორიაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, სომხეთსა და ირანს უღელტეხილი აკავშირებს, რომელიც 2012 წელს რუსეთმა საგანგებოდ გაამაგრა. ჩემი ინფორმაციით, ადგილზე ძალიან დიდი სამუშაოებია ჩატარებული, დღეს კი ამ გზით საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300-ის გადატანა თავისუფლად შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია T - 80-ის გადატანა.
მესამე ფაქტორი - რუსეთს სომხეთთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა რომ გიუმრის ბაზაზე დაახლოებით 12 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება, ეს ფაქტი სიტუაციას მაინც არ ცვლის, იმიტომ რომ თუ რუსეთს დასჭირდა ის, რომ ირანს სამხედრო დახმარება გაუწიოს, მას 100-120 000-იანი კორპუსი სჭირდება, რომელსაც ირანში სომხეთ-ირანის უღელტეხილით შეიყვანს. რადგან საერთო საზღვარი არ არსებობს და გიუმრის ბაზაზე ამხელა კონტინგენტს საჰაერო გზით ვერ გადაისვრის, რუსეთს ერთადერთი გზა რჩება - საქართველოს გავლით, ცოცხალი ძალა ჯერ გიუმრის ბაზაზე შევიდეს და ამის შემდეგ გადავიდეს ირანში. საქართველო ამ დერეფანს რუსეთს ვერ გაუხსნის, რადგან ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ამასთან ფაქტი ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს“- განაცხადა დიმისტრი შაშკინმა.
მისი თქმით, ყველა გზა რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვრის დამაკავშირებელია, მარშრუტი ყველა ვარიანტში ნატახტარი-თბილისის მონაკვეთზე იჭედება. რაც საქართველოსთვის სტრატეგიულ და ხელსაყრელ პირობას ქმნის.
„საქართველოს, აღნიშნული მონაკვეთი ღმერთმა აჩუქა, რომლითაც ქვეყანა მთლიანად აკონტროლებს ამ გზას. ნატახტარი-თბილისის მონაკვეთზე ჯარის გატარება ძალიან დიდ მსხვერპლთან არის დაკავშირებული. რუსეთის გენ.შტაბმა, სადაც კვალიფიციური ოფიცრები არიან, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ამიტომ 2008 წელს, როცა ჩვენ თბილისის დაცვაზე ვსაუბრობდით, თავადაცვითი ზღუდეები ზუსტად ამ გზაზე იყო განლაგებული. ეს რუსეთმა კარგად დაინახა, იგრძნო, რომ მონაკვეთს ვერ გაივლიდა და აქიდან გამომდინარე, ომის შემდეგ დაღესტნის მონაკვეთის სასწრაფო ტემპით მშენებლობა დაიწყეს. რომლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული გზით ალაზნის ველში შესვლა შესაძლებელი ხდება. ამრიგად, ამ მდგომარეობაში აღნიშნული გზის მშენებლობა, სამხედრო ინტერესების გათვალისწინებით ხდება. გზას სწორედ ის ადამიანები აგებენ, რომლებმაც თავის დროზე სომხეთ-ირანის უღელტეხილი გაამაგრეს. მშენებლობაც ბეტონი ფილებით მიმდინარეობს, რადგან გზამ მძიმე ტექნიკას გაუძლოს. თუმცა თუ, საბჭოთა კავშირის დროს როკის გვირაბი საქართველოს ოკუპაციას ისახავდა მიზნად, დაღესტანის გზა, ჩემი აზრით ამ მიზანს ნაკლებად ემსახურება. რუსეთის ბაზები, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, ისინი უფრო არიან სამხედრო ინტერვენციისთვის. კახეთ-დაღესტანის გზა კი რუსეთს სჭირდება იმისთვის, რომ გიუმრის ბაზას დაუკავშირდეს. თუმცა კახეთ-დაღესტნის მაგისტრალის მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი მოვლენა ნამდვილად არ არის. რუსეთი გზას აშენებს იმიტომ, რომ მოახერხოს ალაზნის ველში შესვლა და გზის გაჭრა სომხეთამდე, რაც თავისთავად აღმოსავლეთ საქართველოს ოკუპაციას ნიშნავს. თუმცა მთავარი ამოცანა რიუსეთისთვის მაინც ჯერ გიუმრის ბაზაზე მოხვედრაა“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოში კახეთ-დაღესტნის მაგისტრალის მშენებლობის რეალურ საფრთხეს ვერ ხედავს, „კვირიკაშვილს კი უსაფუძვლოდ უხარია, როცა ამბობს, რომ ამ გზით მეტ ღორსა და ძროხას გაყიდის“.
„ხელისუფლებას როგორც ჩანს სჯერა, რომ რუსეთი 40 მილიარდს იმიტომ ხარჯავს, რომ ამ გზაზე ქართულმა ღოირებმა და ძროხებმა გაიარონ. მთავრობა დროზე უნდა მიხვდეს, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომ პრობლემა რადარებზე დაბრუნდეს. პირველ რიგში სამუშაოებია ჩასატარებელი აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ისრაელთან, აშშ-სთან და ასე შემდეგ. განსაკუთრებული ყურადღება ნატოს წევრ ქვეყნებთან კომუნიკაციას უნდა დაუთმონ, განგაში უნდა ავტეხოთ ჩვენ თვითონ, სხვა ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს“- განმარტა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
"ნიუპოსტი" ექსპერტ ნოდარ ხარშილაძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, კახეთ-დაღესტანის გზაის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო განცხადებები უნდა გააკეთოს.
"ეს არის რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ეს გზა მან შესაძლოა საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. აღნიშნულ გზას, რუსულ პრესაში, სამხედრო გზად უკვე განიხილავენ. შესაბამისად ჩვენი მხრიდან ფაქტის იგნორირება მართებული არ არის. ამასთან, რუსები ძალიან ხშირად ახსენებებენ, რომ საკითხზე რაღაც სახის შეთანხმება არსებობს. ძალიან საინტერესო იქნება სასწრაფოდ გაკეთდეს განმარტება ხელისუფლების მხრიდან"- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






