,,მოგმართავთ რათა სრული პასუხისმგებლობით გაიაზროთ ის სიტუაცია,რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, მოგმართავთ, რათა თქვენი არაადექვატური პრეზიდენტისგან განსხვავებით ადექვატურები გახდეთ და გადაარჩინოთ თქვენი( რბილად რომ ვთქვათ) შებღალული სახელი, ის სახელი, რომელიც შესაძლოა უმძიმესი ტვირთი აღმოჩნდეს თქვენი შთამომავლობისთვის.
დარწმუნებული არ ვარ თქვენი სახელმწიფოსადმი სიყვარულში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გიყვართ თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი შვილები, შვილიშვილები და ის ადამიანები, რომლებიც თქვენს გარემოცვას წარმოადგენენ. მერწმუნეთ, დღესაც უდიდეს ტვირთად აწევს გიგლა ბერბიჭაშვილის, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის და სხვა ავაზაკების შთამომავლებს თავიანთი წინაპრების დანაშაულებრივი ქმედებები და გულწრფელად არ მსურს, რომ თქვენი შთამომავალიც მათ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ბევრი თქვენთაგანი საქართველოს პარლამენტში ჩემი კოლეგა იყო და ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენთაგანი ნამდვილად არ დაუჭერდა მხარს იმ საშინელებებს, რომლებსაც თქვენი ხელისუფლება ჩადიოდა. თქვენ უბრალოდ თვალს ხუჭავდით, ამითი ახალისებდით დანაშაულის ჩადენას და ამ თვალის დახუჭვის სანაცვლოდ ყველას განსხვავებული მოტივაცია გქონდათ, მაგრამ დღეს მოტივაცია მეორეხარისხოვანია, რადგან უპირველესი არის ის გაუგონარი დანაშაული, რომელიც მამაკაცების გაუპატიურებაში, მკვლელობაში, დასახიჩრებაში, ოჯახების გაუბედურებაში თუ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა უმძიმეს დანაშაულებებში მდგომარეობს. იმის საუბარი, რომ არაფერი არ იცოდით არ არის გამოსავალი, რადგან ყველაფერი იცოდით, იცოდით სახალხო დამცველის ანგარიშებიდან, იცოდით პრესით, იცოდით დამოუკიდებელი ტელეარხებით, იცოდით პატიმართა საჩივრებით და იცოდით იმ თქვენი თანაპარტიელებისგანაც, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკას, რომელიც ადამიანთა წამებაზე იყო დამყარებული ( იცოდით ჩემგანაც რადგან ციხიდან გამოსვლის შემდეგ არაერთ თქვენთაგანს წერილიც მოგწერეთ იმ საშინელებების შესახებ რაც ციხეებში ხდებოდა.)
დღეს თავის მართლება და თავის დაძვრენა უპერსპექტივო და უღირსი საქციელია, ამიტომ არ გირჩევთ ამ საქმეს მიყვეთ და აჯობებს ვაჟკაცობა გამოიჩინოთ და აღიაროთ, რომ თქვენც მიგიძღვით ბრალი იმაში, რასაც თქვენი პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა თუ სხვა უწყებები ჩადიოდა.
კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ მინდა დაჯერება იმისა, რომ თქვენ გულწრფელად გმობთ ამ საშინელებებს, რაც ამ დღეებში გამომზეურდა, მაგრამ მარტო ცრემლების დაღვრა, შეშფოთება, აღშფოთება და სხვა მსგავსი არაადექვატური ქმედებანი საკმარისი არაა. მოგმართავთ და გირჩევთ (შეგიძლიათ ეს მეგობრულ რჩევადაც ჩათვალოთ) ერთადერთი, რაც შეძლებს თქვენი სახელის რაღაც სახით რეაბილიტაციას, ეს თქვენი ქმედითი ნაბიჯები იქნება და ეს ქმედითი საქციელი დღეისათვის მხოლოდ ერთ აქტში მდგომარეობს. იმ ხალხმა რომელიც გამოერკვიეთ ბურანიდან და გულწრფელად და არა მოჩვენებითად დაინახეთ თქვენს მიერ მხარდაჭერილი სისტემის ბოროტება, დანაშაულებრივი ხასიათი - ადექით და სასწრაფოდ დატოვეთ საქართველოს პარლამენტი, დატოვეთ ნაციონალური მოძრაობა და თქვენ თვითონ იზრუნეთ, რათა პოლიტიკური ასპარეზიდან საერთოდ გაქრეს ეს მახინჯი პოლიტიკური პარტია.
მერწმუნეთ, რომ დღეს თუ არა ხვალ ნაცმოძრაობას აუცილებლად მოუწევს კიდევ ბევრ გაცხადებულ უმძიმეს დანაშაულზე პასუხისგება და თქვენს ქმედებაზე იქნება დამოკიდებული თუ რა როლი გექნებათ თქვენ ამ პროცესში. ნაცმოძრაობის დანგრევა უკვე გარდაუვალია და გეძლევათ უნიკალური შანსი თქვენი ღირსეული ნაბიჯით ოდნავ მაინც გამოისყიდოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გეკისრებათ. გადადგით ნაბიჯი, დატოვეთ სისხლიანი საპარლამენტო მანდატები და გაემიჯნეთ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, ეს ყველაზე რაციონალური და მორალური ნაბიჯი იქნება თქვენი მხიდან!!!!! კარგად დაფიქრდით-არჩევანი თქვენზეა!!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე.
მასალის გამოყენების პირობები






