თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული ერთობის მარშია დაგეგმილი.
მოსახლეობას სიტყვით მიმართავს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.
ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში კიდევ 7 ათასზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს.
ახალი ბრძანებულების თანახმად, სამსახურებიდან დაითხოვეს პოლიციელები, სამხედროები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები და აკადემიკოსები.
შეგახსენებთ, 2016 წლის 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათი ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.
15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ სულ 40 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურებიდან გაათავისუფლეს ან საქმიანობა შეუჩერეს 120 000-მდე ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები






