,,საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, რომ ენგურჰესიდან აფხაზეთზე გაცემული 2 მილიარდი კვ.სთ. ელექტროენერგიის საფასურს ჩვენ არ ვიხდით.
ტყუის ჩვენი ჩინოსანი. ქ-ნ მარიამს მისივე ნათქვამი ამხელს სხვა ინტერვიუდან: ,,აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უტოლდება თბილისის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას, რაც ნონსენსია (თბილისში 10-ჯერ მეტი მოსახლეობის და გაცილებით მეტი რაოდენობის სამრეწველო ობიექტების გამო) და სამართლიანად ბადებს ეჭვებს უნებართვოდ წაღებული ელექტროენერგიის კორუფციული მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. ამასთან ერთად, აფხაზური მხარის მიერ მითვისებული ელექტროენერგიის საერთო მოხმარებიდან ამოღების გამო, საქართველოს უხდება შექმნილი დანაკლისის შევსება იგივე რუსული ელექტროენერგიის იმპორტით, რამაც 2015 წელს 511 მლნ.კვტ. შეადგინა. ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ შეხვედრაზე მარიამ ვალიშვილის განცხადებით ენგურჰესის შენახვა წლიურად საქართველოს 100 მლნ. აშშ დოლარი უჯდება“ (http://eugeorgia.info/ka/articleblog/22/ufaso-deni-afxazetistvis/).
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ამ ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ 1,4 მლრდ. კვ/სთ ელექტროენერგიის შეძენა დაგვჭირდება ძირითადად ისევ რუსეთიდან (http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=3&id_artc=35992).
ხსენებულ ინტერვიუში მინისტრის მოადგილემ სხვა არანაკლებ საოცარი ამბავი გვაუწყა: ,,ეს არის უიმედო ვალი, რომელიც ყოველი წლის ბოლოს ჩამოწერილია“.
რას მიქვიან უიმედო ვალი, რას ნიშნავს ყოველწლიურად მათი ჩამოწერა, ვინ მისცა მათ ამის უფლება და რომელი კანონით? აფხაზეთში რუსული ბაზების მომარაგებას უიმედო ვალი ჰქვია თუ ხარკი? ოკუპანტისთვის თბილისის მიერ მოხმარებულის ტოლფასი ენერგიის ჩუქება და შემდეგ მათგანვე ყიდვა განა ქვეყნის უმოწყალო ძარცვა არ არის? უზარმაზარი ჩვენი სიმდიდრე წლების მანძილზე რუსი და ქართველი ჩინოვნიკების ჯიბეეში რომ ილექება, ამას კორუფციული სქემა არ ჰქვია?
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ბოლო სამი წლის ოფიციალური მონაცემებით კალაძემ 300 მილიონი კვ.სთ-ით გაზარდა ძღვენი. წელს, იანვარ-აპრილში 1 კილოვატი არ წამოსულა ენგურჰესიდან და მთელი ენერგია შავ ხვრელში გაქრა.
ერთხელ მაინც ვინმე რომ თქვას, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ იქნება ასეთი პრობლემატური ქართული სკოლები და საავადმყოფოები გალში, გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემა ან ეს ყბადაღებულლი ბორდერიზაცია?
თუ ყოველ მორიგ თავხედობაზე, ჩვენ ახალ-ახალ დათმობებზე წავედით და ახალ-ახალი ფეშქაშები გავუმზადეთ მოძალადეს, თან ისეთს, როგორიც რუსეთია, შეჩერდება ოკუპანტი, თუ უფრო მეტს მოითხოვს?
მეტს მოითხოვს და ასე გააგრძელებს, სანამ გაუვა.
მარტივი ჭეშმარიტებაა, ომშიც და მშვიდობაშიც მტერი მტრული საქმეზე ხელს იღებს მხოლოდ მაშინ, თუ ამისგან მეტ ზიანს ნახავს ვიდრე სარგებელს. მას ვერაფერი შეაჩერებს, თუ მხოლოდ სარგებელი ნახა. ჩვენ კიდევ მასთან უაზრო და სრულიად უთავმოყვარეო ლაქუცით ვიმშვიდებთ თავს და დოყლაპიებივით სულ გარეთ ვიცქირებით, იქნება ვინმემ გვიშველოს, დაგვეხმაროს, გვიპატრონოს. გულარხეინად ვიკეტებით ჩვენს ნაჭუჭში, ხელის განძრევა არ გვინდა და მორიგ ფეშქაშს ვუმზადებთ რუსებს, იქნებ თავი დაგვანებონ. თბილისის მერად ვირჩევთ კალაძეს, რომ ეხლა თბილისს მიხედოს, როგორც ენერგეტიკას მიხედა მტრის გულის გასახარად. ავირჩევთ და თავსაც არ დაგვანებებენ.
ამერიკელმა ხალხმა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მეტად საყურადღებო რამ ჩაწერა: ,,გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ სანამ ბოროტება გასაძლია, ადამიანები უფრო ადვილად ეგუებიან სიდუხჭირეს, ვიდრე მიჩვეულის მოსპობით ტვირთის შემსუბუქებას. მაგრამ როდესაც გაუთავებელი უსამართლობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მისი გამუდმებით ერთი მიზნისკენ წარმართვა ხალხს აბსოლუტური დესპოტიზმით ემუქრება, მისი უფლება და ვალია ბოლო მოუღოს ამგვარ მთავრობას და აღავლინოს მოღვაწეთა ახალი დასი თავისი მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ჩვენ როდის გავიგებთ იმას, რაც ამერიკელებმა ორნახევარი საუკუნის წინ იცოდნენ. როდის მოვხვდებით, რომ ,,ბაბაიას“ ძახილი რუსეთს ზნეს ვერ შეაცვლევინებს, ამით თავსაც ვავნებთ და ქვეყანას” - წერს მალხაზ პატარაია.
მასალის გამოყენების პირობები






