სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა , რომ მტკიცებულებად არ დაეშვათ რამდენიმე პირის დაკითხვა და ბრალდების მხარეს ისინი დასაკითხთა სიიდან ამოეღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გონივრული ვადა და შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა.
გიგი უგულავა წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ტელეკომპანია "იმედის", ასევე "თბილსერვისჯგუფთან" დაკავშირებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
დღევანდელ პროცესზე ორივე მხარის მხრიდან დასახელდა დასაკითხ პირთა სია. "იმედის" საქმეზე ბრალდების მხარე მოითხოვდა, დაკითხულიყვნენ: ლაშა მაქაცარია, ნიკა გილაური, გიორგი არველაძე, მარიამ სპარსიაშვილი, გიორგი ისაკაძე და სხვები. ნიკა გილაურის დაკითხვას მოითხოვენ ამავე საქმეზე ბრალდებული დავით კეზერაშვილის ადვოკატებიც. გილაურის გარდა, კეზერაშვილის დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში არიან ალექსანდრე ფარულავა და ნანა ინწკირველი. დასაკითხ პირთა სია წარადგინა უგულავას მხარემაც, მათ შორის არიან თორნიკე შიოლაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და სხვები.
კეზერაშვილის დაცვის მხარე ასევე მოითხოვს, მტკიცებულებად არ იყოს დაშვებული ჯოზეფ ქეისა და გიორგი ისაკაძის ჩვენებები და დაკითხვის ოქმები. ადვოკატების თქმით, ჯოზეფ ქეის დაკითხვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოხდა. ისინი ქეის, ისაკაძის და დავით იაკობაშვილის დასაკითხთა სიიდან ამოღებასაც მოითხოვენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერს, გიგი უგულავას "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა ბრალი.
დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა. შესაბამისად, გიგი უგულავას სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






