აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა.
"2013 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ძებნაში მყოფ, ბრალდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართ.
საქმის მასალების თანახმად, ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, კომპანია "ლუკოილ ჯორჯია "-ს 54 000 ლიტრი "პრემიუმ ევრო " დიზელის საწვავის ტალონები გაფლანგა.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულ იქნა მოწმეთა ჩვენებებით შპს "ლუკოილ ჯორჯია "-ს წერილობითი დოკუმენტაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებული დოკუმენტაციით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ძიმცეიშვილი გაამართლა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში, ხოლო დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობითა და 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება."- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






