ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა ბაკურიანში - კურორტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით 2 ივნისს მრავალი აქტივობა და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა როგორც ბავშვებმა, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც. აქტივობებში ჩაერთვნენ სპორტსკოლის ბავშვები და დამსვენებლები. 2 ივნისს ყველა საბაგირო მსურველებს უფასოდ ემსახურებოდა.
გონდოლას ზედა სადაგურთან, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მრავალი აქტივობა ჩატარდა. რომელთა დასრულების შემდეგაც რამდენიმე ჯგუფად დაყოფილმა მედიის წარმომადგენლებმა მათთვის განკუთვნილ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. თავგადასავლებით სავსე დღე ჟურნალისტებისთვის ექსტრემალური და საინტერესო აღმოჩნდა, მათ მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ გამარჯვებისათვის. ღონისძიების დასასრულს, შეჯიბრებაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.
საზოგადოებას ბაკურიანში ზაფხულის სეზონის გახსნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა მიულოცა. მისი თქმით, მთის კურორტების პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, რომ ზამთრის კურორტები გახდეს ოთხ სეზონიანი.
„დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება ბიატლონის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ყველაზე მსხვილი პროექტია, რაც კი გაკეთებულა ბაკურიანში. ეს არის დაახლოებით 11 კილომეტრიანი მოასფალტებული გზა და პარკი, სარეკრეაციო ზონა, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას და ბავშვს ექნება სპორტით დაკავების საშუალება“, - აცხადებს ალექსანდრე ონოფრიშვილი.
ბაკურიანში უკვე მოეწყო ველობილიკები, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისათვის. დიდველზე მოქმედებს ამიერკავკასიაში მოქმედი პირველი ატრაქციონი „ტობოგანი“ - ე.წ. მთის ციგა.
„ყველაზე სასიხარულო რაც არის, ბაკურიანის ცენტრში კეთდება ახალი ველობილიკი, რომელიც დამსვენებელს საშუალებას მისცემს, რომ უსაფრთხოდ და მაქსიმალურად იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით“, - განაცხადა მთის კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თაზო გამცემლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






