როგორც CNN იტყობინება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის სამხედრო ხომალდები და თვითმფრინავები სირიაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზად არიან, იმ შემთხვევაში თუკი სირიის მთავრობა ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.
როგორც გამოცემა საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით წერს, ამერიკელი სამხედროები მუდმივად უთვალთვალებენ შაირათის ავიაბაზას, საიდანაც ქიმიური თავდასხმის საშიშროება არსებობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მორიგი ქიმიური თავდასხმისთვის ემზადება.
თეთრი სახლის განცხადებით, თუკი ასადი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს ძვირად დაუჯდება.
როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, სირიაში ისეთივე აქტივობა შეინიშნება, როგორიც აპრილში ქიმიური თავდასხმის წინ შეინიშნებოდა.
„როგორც ადრე გვითქვამს, აშშ-ში სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გასადანგურებლად იმყოფება. თუმცა, თუკი ასადი კიდევ ერთ მასობრივ მკვლელობას ჩაიდენს, ამისთვის მას და მის სამხედროებს მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ“ - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის შონ სპაისერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიაში, ჰომსის პროვინციაში ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, საიდანაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
მასალის გამოყენების პირობები






