ე.წ. ციანიდის საქმე - საკითხი, რომელიც უკანასკნელი 4 თვის მანძილზე განსაკუთრებით აქტუალურია. ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და მკვლელობის მომზადების მცდელობა!
აღნიშნულ საკითხზე, პროკურატურის პირველი განცხადება განსაკუთრებით საგანგაშო აღმოჩნდა, განცხადება, რომლის შემდეგაც განიხილებოდა სხვადასხვა ვარაუდები თუ ვისი მკვლელობის მომზადების მცდელობაზე იყო საუბარი. თავდაპირველად მედია ალაპარაკდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე, შემდეგ პროკურატურამ საკუთარი განცხადებით შექმნილ გაუგებრობას ნათელი მოჰფინა და აღნიშნა, რომ დეკანოზი მომწამვლელი ნივთიერებით პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოკვლას გეგმავდა.
მოგვიანებით საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ფარული ვიდეოჩანაწერები გავრცელდა. გაკეთდა სხვადასხვა განცხადებები, განსაკუთრებით მიუღებელი საპატრიარქოსთვის კი ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას პოზიცია აღმოჩნდა, მეუფე პეტრეს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობა და მას გაფრთხილებაც მისცეს. იყო მითითება იმის შესახებ, რომ მეუფეს არ აქვს უფლება ერეოდეს სხვა ეპარქიის საქმიანობაში.
რამდენიმე დღის წინ პატრიარქის ქორეპისკოპოსისი მეუპე იაკობ იაკობიშვილის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპიტიმი (სასჯელი) დაადო. მეუფე იაკობის გადაწყვეტილება პატრიარქის მდივანმა მამა მიაქაელ ბოტკოველმა გააჟღერა. თუმცა, აღნიშნულის არავითარი განმარტება არ გაკეთებულა.
გუშინ კი გავრცელდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება, სადაც საუბარია მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებაზე. მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მეუფე იაკობ იაკობიშვილმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე, თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება დეკანოზისთვის ეპიტიმიის დადების თაობაზე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.
განცხადების გავრცელებამდე, დღის საათებში დეკანოზთან ე.წ. მატროსოვის ციხეში სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, რომელბსაც დეკანოზის თხოვნით გარკვეული ინფორმაცია უნდა გადაეცათ პატრიარქისთვის. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდეგ სასულიერო პირებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე „ნიუპოსტი“ თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს:
- ბატონო ვლადიმერ, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით აქტუალური და რეზონანსულია. თქვენ როგორ შეაფასებთ არსებულ ვითარებას?
- ამ პროცესებმა კიდევ ერთი რამ დაგვანახა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას, რომელიც თავს ეკლესიას მივაკუთვნებთ, გვაქვს გარკვეული შენიშვნები ან მოთხოვნები საპატრიარქოს წარმომადგენლებისადმი, ეს შენიშვნები კი რჩება რეაგირების გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ აღგვიქვამენ ანგარიშგასაწევ ძალად, რომელსაც თუნდაც მინიმალურ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებენ. იმიტომ, რომ ათეულობით წელია ამ ინერციით მოძრაობენ ეკლესიაში და ეს ჩამოყალიბდა მათი ქცევის წესებად. ეკლესია ჩაკეტილი ორგანიზაცია არასდროს ყოფილა, ეს ერთხელ მოხდა საბჭოთა კავშირის პირობებში. ბოლშევიკური მთავრობის მიერ ეკლესიის პირდაპირი გაგებით დახურვა, ჩაკეტვა. მათ მიაჩნდათ, რომ რელიგიური და ქრისტიანული იდეა ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა ათეისტურ პოლიტიკურ ხედვებსა და მსოფლმხედველობას. ისტორიას სხვა მსგავსი ფაქტი არ ახსოვს, რაც მოწმობს, რომ ეკლესია ღიაობის საფუძვლებზეა დაფუძნებული. იერარქიას უმთავრესად ირჩევდნენ საერო პირები. იერარქია ხალხის წინაშე არის ვალდებული. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქია დღეს არაფრად აგდებს მოქალაქეების აზრებს. დარწმუნებული ვარ პირდაპირ რომ არ გვეთქვა, რომ ასე უხეშად არღვევს იაკობ იაკობიშვილი წესებს, არ მოჰყვებოდა არავითარი რეაგირება არც მეუფე დიმიტრისგან.
- გუშინ გავრცელდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებით. როგორ ფიქრობთ, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ განცხადებიდან?
- ის, რაც ამ განცხადებამ დაგვანახა, იყო დემონსტრირება იმისა, რომ ეკლესიაში გარკვეული ჯგუფები ოპერირებენ არა საეკლესიო ცნებებით, არამედ რაღაც გაუგებარი ქმედებებით და თავად არიან ამ ყოველივეს გავლენის ქვეშ, ამას ამჟღავნებენ კიდეც ასეთი ემოციური განცხადებებით.
მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ მეუფე იაკობის გადაწყვეტილება ეპიტიმიის დადებასთან დაკავშირებით არ იყო შეთანხმებული პატრიარქთან. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. უნდა ითქვას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არიერარქიულ მმართველობასთან, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებთ. ეს კი მიუთითებს იმას, რომ არსებობს ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფები საპატრიარქოში, სადაც ერთ მხარეს აღმოჩნდნენ მეუფე იაკობი და ის ადამიანები, რომლებიც მის პოზიციებს იზიარებენ, მეორე მხარეს კი აღმოჩნდა მეუფე დიმიტრის პოზიცია. მეუფე იაკობის ეს განცხადება გაამყარა მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებამ, თითქოს მას ეს პოზიცია შეთანხმებული ჰქონდა პატრიარქთან. როგორც გავიგეთ ასე არ ყოფილა, რაც მთავარია აქ გამოხატულია ის დაპირისპირება, რაც არის საპატრიარქოში.
- რაც შეეხება მეუფე იაკობის გადაწყვეტილებას დეკანოზისთვის ეპიტიმიის დადებასთან დაკავშირებით, რომ აუხსნათ მკითხველს რა შემთხვევაში უნდა იქნეს მსგავსი სასჯელი გამოყენებული და აქვს თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირს უფლება მიმართოს ამ გზას სხვა ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლის შემთხვევაში?
- მეუფე იაკობის განცხადება, რომლითაც მან თითქოს ეპიტიმია დაადო დეკანოზს, რამდენიმე თვალსაზრისით არის მიუღებელი. მეუფე იაკობს ამ სიტყვის არც განმარტება გაუკეთებია, შესაბამისად ესეც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ კონტექსტში გამოჩნდა ეს სიტყვა თითქოს სასჯელს ნიშნავს. ეპიტიმიის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ზრუნავს პირის გამოსწორებაზე და მას უდგენს გარკვეულ პირობებს, რომელთა შესრულების შემდეგაც ის განიკურნება. ეპიტიმია არის არა იმდენად სასჯელი, არამედ ღონისძიება განკურნებისთვის.
- აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეუფე პეტრე ცაავას მიუთიღებდნენ, რომ მას არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო სხვა ეპარქიის საქმიანობაში. ამ შემთხვევაში მეუფე იაკობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იძლევა თუ არა იმის თქმის საფუძველს, რომ იაკობ იაკობიშვილი ისევე მოიქცა, რასაც ჭყონდიდის მიტროპოლიტს ედავებოდნენ?
- მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ იგი იცნობს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ახლო ურთიერთობა მქონდაო, მაგრამ ის გადავიდა სამუშაოდ თბილისის ეპარქიაშიო. არავითარი ასეთი წესი არ არსებობს, თუ ხდება სამღვდელო მსახურის ერთი ეპარქიიდან მეორე ეპარქიაში გადასვლა, მისთვის უნდა გაიწეროს განტევების სიგელი, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასულიერო პირმა შეწყვიტა კონკტერულ ეპარქიაში ერთი მღვდელმთავრის მორჩილებაში მსახურება და უნდა იყოს მითითებული აღნიშნულის მიზეზი.
გამომდინარე იქედან, რომ ასეთი სიგელი არ არსებობდა, უნდა ჩაითვალოს, რომ დეკანოზი კვლავ რჩებოდა დიმიტრი შიოლაშვილის ეპარქიის გამგებლობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე უფლებაზე, რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდა სხვა ეპარქიის მღვდელმთავარს, ამ შემთხვევაში მეუფე იაკობს, დეკანოზის სამღვდელო ხარისხის შეჩერებასთან მიმართებით. გიორგი მამალაძე კვლავ რჩება ფორმალურად მეუფე დიმიტრის ეპარქიაში. შესაბამისად, მეუფე დიმიტრის აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი კანონიკური მოქმედება ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. აქ სახეზე გვაქვს იაკობ იაკობიშვილის დაუდევარი, ზედმეტი დამაჯერებლობით განპირობებული მოქმედება, რომელშიც იკითხება ის, რომ მის უკან გარკვეული ძალები დგანან. ეს ძალები კი მეუფეს აიმედებენ იმით, რომ თუ ის დაუშვებს მძიმე შეცდომებს, ამისთვის პასუხს არ აგებს. საპატრიარქოს ამ აბსურდულ ლოგიკას, რაც პეტრე ცაავასთან დაკავშირებით გამოიყენეს, ამ შემთხვევაში, მეუფე იაკობთან მიმართებით რატომღაც არ იყენებენ.
- რომ დავუბრუნდეთ კვლავ მეუფე დიმიტრის განცხადებას, არის თუ არა ეკლესია ვალდებული გაითვალისწინოს სახელმწიფოს პოზიცია? ამ შემთხვევაში იგულისხმება სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც დეკანოზს ედავებიან და რომლის საფუძველზეც მას სამღვდელო ხარისხი შეუჩერდა?
- დიმიტრი შიოლაშვილმა ასეთი აბსურდი გააჟღერა, ამ ტიპის აზრებს ეკლესიაში უმაღლესი იერარქის მხრიდან სირცხვილიც კი შეიძლება ეწოდოს. მეუფემ გააჟღერა აზრი, რომ თითქოს ეკლესია ვალდებულია რაიმე ნიშნით, რომ გაითვალისწინოს სახელმწიფოს ბრალდება. ეს არის აბსურდი. აქ ჩნდება შეკითხვა, რომელიც პასუხგაცემული უნდა იქნეს. გასაგებია, რომ დიმიტრი შიოლაშვილის ამ განცხადებას ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნდა, თითქოს გიორგი მამალაძეს სამღვდელო საქმიანობა შეუჩერეს იმის გამო, რომ ბრალი ედება სახელმწიფოს მიერ, თუმცა ბრალი დადასტურებული არ არის. ეკლესიას არავითარი ვალდებულება არ აქვს გაითვალისწინოს სახელმწიფოს რაიმე თხოვნა ან პოზიცია. მეორე არგუმენტი შეიძლება მოიყვანონ ის ჩანაწერები, რომლებიც დეკანოზთან დაკავშირებით გავრცელდა, შეიძლება განაცხადონ, რომ დეკანოზმა ამ ჩანაწერებით გვაჩვენა, რომ შეუფერებელია სამღვდელო მსახურებისთვის, მისი ლექსიკა, მორალური სახე რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში არის გადმოცემული, ნუთუ არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ის კანონიკურად დაისაჯოს? დიახ, რა თქმა უნდა იძლევა ამის საფუძველს, პირველივე განცხადებებში აღვნიშნე, რომ დეკანოზი არღვევს კანონიკურ წესებს და ის უნდა დაისაჯოს კანონის წესებით, მაგრამ ეს სხვა საკითხია და სხვა რამ არის სახელმწიფო, რომელიც მას ედავება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, თუ დეკანოზს ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მაშინ არ უნდა იყოს დადანაშაულებული. რა თქმა უნდა უნდა ჰქონოდა ადგილი ეპიტიმიას მაკურნებელი თვალსაზრისით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ფაქტზე ეკლესია საერთოდ არ მიუთითებს. ეს ეშმაკური ხრიკია, რადგან არ ამბობს იმას, რომ მორალურად სასულიერო პირის ქმედება არ შეეფერება ყოველივეს და ამის გამო ვსჯით.
- როგორ ფიქრობთმ, რატომ ხდება აღნიშნულის იგნორირება საპატრიარქოს მხრიდან?
- ეს რომ თქვას, არის პრეცენდენტის შექმნა, მის მიერ შემოთავაზებულ ასეთ განმარტებას მოყვება ის, რომ ეკლესიაში სულ ცოტა 40-45% სასულიერო პირების უნდა დაექვემდებარონ ასეთი ტიპის კანონიკურ ეპიტიმიას. რადგან ეკლესიაში მძიმე ვითარება გვაქვს, ზოგიერთი სასულიერო პირი არა თუ ამგვარად მორალური სახით არრვევს კანონიკურ წესებს, არამედ უარეს დარღვევებს ამჟღავნებს. შემდეგ ეტყვიან საპატრიარქოს, თუ დეკანოზის შემთხვევაში იყენებთ ამ წესს, მაშინ გამოიყენეთ სხვა შემთხვევებშიც, მაგალითად იგივე გიორგი ზვიადაძესთან მიმართებით, რომელიც არა თუ უშვერი სიტყვებით იხსენიებს ადამიანებს, არამედ პირდაპირ ძალადობს ადამიანებზე. ასეთი ფაქტი ეკლესიაში არის უამრავი, სწორედ ამას უფრთხის საპატრიარქო. მან იცის, რომ თუ ეს პრეცენდენტი დაუშვა და გამოაცხადა, რომ ის სჯის სასულიერო პირს იმის გამო, რომ მისი ქცევა არ შეეფერება გარკვეულ კანონიკურ წესებს, მაშინ უამრავი ასეთი ფაქტის წინაშე აღმოჩნდება საპატრიარქო და ეს არ სურს. სწორედ აღნიშნული ფაქტი აჩვენებს იმას, რომ კონკრეტული ჯგუფი საპატრიარქოში მოქმედებს პირადი შეხედულებებით და პროცესებს ისე ალაგებს როგორც სურს. მას ეკლესიაში სიტუაციის გაჯანსაღება კი არ სურს, არამედ იმ კონკრეტული ჯგუფების დისკრედიტაცია აინტერესებს, რომლებიც ხელს უშლიან და მამალაძე ერთ-ერთია ამ ხელისშემშლელთაგან.
- მეუფე პეტრეც საუბრობდა აღნიშნულ პრობლემებზე...
- პეტრე ცაავას სხვა არაფერი უთქვამს. მან განაცხადა, რომ განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფები არიან ეკლესიაში, რომელბიც დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან, განაცხადა, რომ უარესდება საქმეები, უარესდება ეკლესიის ყოფა და ვიზრუნოთ ამაზეო. ამ დაპირისპირებებით კი სარგებლობს შორენა თეთრუაშვილი და გვევლინება სიტუაციის მმართველად. ეს ფონი უქმნის მას შესაძლებლობას ასეთი ქმედებისთვის. ეს არის მოსაგვარებელი და დასალაგებელი.
- არსებობს თუ არა რაიმე გზა ან გეგმა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში არსებული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს?
- ჩვენი შეთავაზება ასეთია, რომ შეიქმნას მუდმივმოქმედი სინოდი, რომელიც აპრობირებულია და არსებობს სხვა ქვეყნებში. ეს გულისხმობს იმას, რომ დაახლოებით 10 ეპისკოპოსი ჩაიბარებს ეკლესიის მართვის საქმიანობას, მუდმივმოქმედი სინოდი იარსებებს ერთი წლის ან შესაძლოა ორი წლის ვადით, შემდეგ როტაციულად შეიცვლება. ვინაიდან გვყავს 46 ეპისკოპოსი, ნიშნავს იმას, რომ 46-ვე ეპისკოპოსი მიიღებს მონაწილეობას ეკლესიის მართვაში. მუდმივმოქმედი სინოდი იქნება ძალიან მოქნილი ინსტიტუტი იმისათვის, რომ სტრატეგია და სამოქმედო ხედვა შემოგვთავაზოს, თუ როგორ ესმით პრობლემების მოგვარების საკითხი. იგი იქნება პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშეც. იყო პრეცენდენტი რამდენიმე წლის წინ, საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელმა ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით საპატრიარქოს გაუგზავნა შეკითხვა, როგორ უნდა მოგვარებულიყო სხვადასხვა პრობლემები და საპატრიარქოს პასუხი იყო ის, რომ ისინი ამ ადამიანებს ეკლესიის წევრებად არ მიიჩნევდნენ. ასეთი მენტალობის ხალხს აქვს ჩაბარებული ეკლესიის მართვა-გამგებლობა. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ამას არ იმსახურებს საქართველოს ეკლესია და ქართველი ერი, ამის გაჯანსაღება გვსურს სწორედ.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში სასულიერო პირის ზიარების საკითხზეა საუბარი:
„ვინაიდან, ამ დრომდე ზიარებასთან მიმართებაში არ იყო ცნობილი მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) პოზიცია, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში გაცხადდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისაგან ხდებოდა საეკლესიო იერარქიისა და სხვა პირების მიმართ ცილისმწამებლური წერილებისა და განცხადებების გაკეთება (რაც “ციანიდის საქმეს” უშუალოდ არ ეხება), ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ, ციხეში დეკანოზთან შესულ სასულიერო პირებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მხრიდან გადაწყევტილების მიღებამდე, თავი შეეკავებინათ მისი ზიარებისგან“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






