პრაქტიკა, რომელსაც პოლიტიკოსი ქალები ან მსოფლიო ლიდერების მეუღლეები მიმართავენ - კონკრეტული სიგნალები, მესიჯები, პოზიციების დაფიქსირება არავერბალურად, ტანისამოსით ან თუნდაც აქსესუარებით.
პრესკონფერენციიების, საქმიანი შეხვედრების დროს თუ უბრალოდ საკუთარი დამოკიდებულების დასაფიქსირებლად, პოლიტიკოსები ხშირად ჰალსტუხის, პიჯაკების ფერებსაც ყურადღებით არჩევენ.
თუმცა, ამჯერად საქმე მკვეთრად გამოკვეთილ და განსხვავებულ შემთხვევასთან - წინდების პოლიტიკასთან გვაქვს, რომელიც კანადის პრემიერის ტაქტიკაა.
კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს ვიზუალსა და არაორდინალურ ქმედებებს ტაბლოიდები ყოველთვის ხაზს უსვამენ. მდედრობითი სქესის ცნობილ წარმომადგენლებთან მის შეხვედრას მუდმივად ახლავს სახალისო პოსტები და ფოტოები.
ცნობილია, რომ კანადის პრემიერს ძალიან უყვარს ფერადი და სიმბოლური წინდები.
ბოლოს, სიმბოლური წინდებით, ჯასტინ ტრუდო ტორონტოში, გეი პრაიდზე გამოჩნდა. კანადის პრემიერის წინდები ცისარტყელის ფერებში იყო, რომელზეც მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის დასრულების აღმნიშვნელი წარწერა იყო. წელს, გეი პრაიდი და რამადანის დასრულება ერთმანეთს დაემთხვა. დიახ, ერთი წყვილი წინდით ტრუდომ ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ამავდროულად, ადგილობრივ მრეწველობასაც დაუჭირა მხარი: მას ტორონტოში მდებარე, Halal Socks-ის მიერ წარმოებული, $14.99-იანი წინდები ეცვა.
კანადის პრემიერის მიერ სწორად შერჩეული წინდების ფაქტი, გასულ თვეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზეც დაფიქსირდა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტი იყო, სამიტის ლიდერების ყურადღება კანადის პრემიერისკენ იყო მიმართული . ჯასტინ ტრუდო ნატოს ლოგოს გამოსახულებიანი სხვადასხვა ფერის წინდებით მივიდა და გერმანიის კანცლერის აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
ირლანდიის პრემიერთან, ენდა კენისთან მისი შეხვედრა, „ვარსკვლავური ომების“ საერთაშორისო დღეს დაემთხვა. ბუნებრივია, ეს არ დავიწყნია ჯასტინ ტრუდოს და შეხვედრაზე „ვარსკვლავური ომების“ წინდებით მივიდა. ამით, მისი თავყვანისმცემლების არმიას, Star Wars-ის თაყვანისმცემლებიც შეუერთდნენ.
ოტავაში, კნადის პროვინციების მთავრობების შეხვედრაზე კი, პატრიოტული, ნეკერჩხლის დროშებიანი წინდებით გამოჩნდა.
ყველა შემთხვევაში, ტიუდოს წინდები უბრალოდ სახალისო და გასართობი არ არის, როგორც ეს პოლიტიკოსებისთვის ჩვეული მუქი წინდების ფონზე ჩანს. ისინი კონკრეტული ჯგუფებისადმი სოლიდარობის გზავნილს შეიცავს.
და ეს საკმაოდ ჭკვიანურია.
ქალებისგან განსხვავებით, მამაკაც პოლიტიკოსებს ტანისამოსის მრავალფეროვნებით მესიჯების გაგზავნა, შედარებით უჭირთ. რომ დავფიქრდეთ, მართლაც ასეა. მათ არ აქვთ ფუფუნება, სხვადასხვა ადგილობრივი დიზაინერები აარჩიონ და ამით , თუნდაც ადგილობრივ ინდუსტრიას დაუჭირონ მხარი, როგორც ამას მიშელ ობამა აკეთებდა და დღემდე აკეთებს კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი, რადგან მათი ჩაცმულობა მხოლოდ კოსტუმითა და შარვლით შემოიფარგლება, რომლებსაც მხოლოდ ფერებში თუ შეცვლიან. და გამოხატვის შანსია ჰალსტუხი, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ.
მაგრამ წინდები შესანიშნავი დეტალი აღმოჩნდა ყურადღების მისაპყრობად.
თუმცა, ბუნებრივია, არიან ისეთებიც, რომლებიც კანადის პრემიერის ამ ეს ჟესტები არ მოსწონთ.
გეი პრაიდზე მის წინდებს სოციალურ ქსელებში ბევრი განხილვა მოჰყვა. ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ერთ წინდებში ლგბტ დროშისა და რამადანის დასრულების აღმნიშვნელი ფრაზის გაერთიანებით, საკუთარი პროტესტი გამოხატა იმ დამოკიდებულებისადმი, რომელიც ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში არსებობს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ.
ფაქტია, ერთი შეხედვით, ფერადი წინდების სიყვარულით, კანადის პრემიერი მუდმივად ახერხებს საკუთარი პოლიტიკური გზავნილების ადრესატამდე მიტანას.
საინტერესოა, როგორი იქნება ტრუდოს მომავალი წინდების განცხადება მსოფლიოსთვის.
მანამ კი ნახეთ, კანადის პრემიერი და მისი წინდების პოლიტიკა ფოტოებზე:













მომზადებულია .nytimes-ის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






