რა თქმა უნდა განათლების სისტემა, მისი გამართულობა და მაღალ შედეგიანობა ერთ ან რამდენიმე პიროვნებას ვერ დაეყრდნობა, არც პოლიტიკური ცვლილებებია უმთავრესი კორექტორი ამ ურთულეს მექანიზმში. მისი სიჯანსაღე ქვეყნის უამრავ პოლიტიკურ და სოციალურ პარამეტრზეა დამოკიდებული. ძლიერია საშუალო ფენა? მაშინ განათლების ხარისხი მოთხოვნადია მის ყველა საფეხურზე. საშუალო ფენის საშუალო სტატისტიკური ოჯახი მეტ დროს და რესურსს უთმობს მომავალი თაობის განათლებას, ეძებს შვილის ( შვილების ) განვითარების საუკეთესო საშუალებებს, ზრდის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად გათვალისწინებულ ბიუჯეტს. ეს ყველაფერი კი წარმოქმნის ჯანსაღ გარემოს განათლების სისტემაში - აღარ აქვს გასავალი იაფ ავანტურას თუ ფასადურ ( პომპეზურ ) მაღალფარდოვნებას ( რომლის უკანაც, ჩვენს რეალობაში, პრობლემების უზარმაზარი გროვა იმალება ).
სამწუხაროდ, ეს ჩვენი ქვეყნის მოცემულობა არაა. ჩვენს მოცემულობაში საშუალო ფენა წითელ წიგნშია შესატანი. ამიტომ - არ ვითხოვთ მაღალ ხარისხს? ვიღებთ მდარეს. ყბადაღებული კერძო თუ ელიტარული საჯარო სკოლები ( იშვიათი გამონაკლისის გარდა ) ნუ მოგატყუებთ - ხშირ შემთხვევაში კერძო, ფასიან სკოლაში შვილის მიბარებით საზოგადოების ფინანსურად უზრუნველყოფილი მცირე ნაწილი ყიდულობს სიმშვიდეს ძვირ ფასად - რომ მისი შვილი უსაფრთხო გარემოში ეუფლება უმეტესწილად სტანდარტულ პროგრამას. სამწუხაროდ ეს ილუზია მუდმივად არ მუშაობს - ვირტუალური სამყარო რეალობასთან შეხებისას მარცხს განიცდის და ჩვენი ქვეყნის კოლექტიური ინტელექტუალური სიდუხჭირე თანაბრად ასვამს დაღს ყველას - რაიონის საჯარო თუ რომელიმე ელიტარული სკოლის აღზრდილს. წინ მათ უმაღლესი განათლების ოღროჩოღრო, საშიში გზა და გაურკვეველი დანიშნულების პუნქტები ელოდებათ.
როდის წავედით უარესობისკენ? რეფორმები დამოუკიდებლობის აღდგენიდან დაიწყო. მსხვილი ცვლილებები ჯერ უმაღლეს განათლებას შეეხო - გაუქმდა ლიმიტები, შეღავათები. გაჩნდა ფასიანი ფაკულტეტები, მოგვიანებით კი ფასიანი სასწავლებლები. არავინ უწყის, თუ როგორ განვითარდებოდა პროცესები, შესაძლოა ყველაფერი გაცილებით უკეთ ყოფილიყო, ვიდრე დღეს, მაგრამ მალე საყოველთაო სიდუხჭირე დადგა - პრიორიტეტები აირია. უამრავი მიმართულება ფაქტობრივად ინერციით აგრძელებდა მუშაობას და მათ შორის - განათლების სისტემაც.
კახა ლომაიას ( ნაციონალური მოძრაობის ) რეფორმებმა მძლავრად შეარყია განათლების საბჭოური ფუნდამენტი. მომხრეები და მოწინააღმდეგეები შორს გასცდნენ დიალოგის ფორმატს და ლამის მუშტი-კრივამდე მიდიოდნენ. მოხდა ძველი თაობის პროფესურის ნაწილის სხვადასხვა ნიშნით დათხოვნა. ბრძოლის ზედაპირზე მიმდინარე საქმიან განხილვებში ტივტივებდა განათლების სისტემის სხვადასხვა ქვეყნების მოდელები - ფინური, გერმანული და სხვა.. ამასობაში ხდებოდა ჯანსაღი და უპრეტენზიო მენეჯმენტის თუ პროფესურის საზღვარგარეთ გადინება - ბევრს არ შეეძლო ბრძოლა, მათ თავიანთ მოვალეობად მხოლოდ ხარისხიანი განათლების გაცემა და სისტემის ობიექტური, რუტინული მართვა მიაჩნდათ, რასაც, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ალბათ კიდევ დიდხანს არ ექნება დაფასება.
რა გვაქვს დღეს? ასე თუ ისე მოწესრიგებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ( სწორედ იგი არის ,,ლაკმუსის ქაღალდი ‘’ და გვიჩვენებს არასახარბიელო მდგომარეობას საშუალოდან უმაღლესი განათლებისკენ გარდამავალ ეტაპზე ). სერთიფიცირებული მასწავლებლების მცირე ნაწილი, გარემონტებული ( სკოლების რემონტი ერთ-ერთ ძვირ და უმთავრეს პრიორიტეტად რჩება სამინისტროსთვის - და არც თუ უმიზეზოდ. მაშინ როცა მინისტრი აცხადებს, რომ არაფრით შეიძლება მასწავლებლისთვის ხელფასის გაზრდა, რომ ეს კადრების გაუარესებას გამოიწვევს (?) ), უამრავი კერძო საშუალო და უმაღლესი სასწავლებელი , ზოგი სასწავლო, ზოგი კი - ავტორიზებული, რომელთა უმეტესობის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი, მათივე პროგრამებით თუ ვიმსჯელებთ, სახელმწიფო გრანტით დაფინანსებული მაქსიმალურად მეტი სტუდენტის მოზიდვაა. შესაბამისად სასწავლებლების უმთავრესი მოტივაცია - ფინანსური დაინტერესებაა.. , რეგიონში ყველაზე ხელმისაწვდომი მაგისტრატურა და ა.შ.
ამავდროულად - საშუალო განათლების დაბალი დონე, გამომდინარე აქედან - აბიტურიენტთა დეფიციტი, ქვეყნის საჭიროებებიდან შორს მყოფი მაგისტრის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერები და ერთიმეორეზე შეუსაბამო ( რიგ შემთხვევებში კი ეპატაჟურიც კი ) განათლების სისტემის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლები.
დღეს უკვე არავინ დაობს, რომ ქვეყანაში ხარისხიანი პედაგოგების დეფიციტია, რომ აბიტურიენტთა ცოდნის დონე წლიდან წლამდე ეცემა , ხოლო სტუდენტი სწავლის დასაწყისშივე კარგავს სწავლის მოტივაციას. ერთი შეხედვით, ეს უკვე კარგია, პრობლემის მოგვარება ხომ მისი აღიარებიდან იწყება, მაგრამ ნამეტანი დროში ხომ არ გაიწელა აღიარებიდან არსებით ქმედებაზე გადასვლა?
სწორედ ამისთვის არის შექმნილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს. მისი უმაღლესი მენეჯმენტი ( მინისტრი მოადგილეებითურთ ) - უნდა- იყოს კომპეტენტური, აპოლიტიკური და ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე. მისი ქვედა რგოლები ( სხვადასხვა სსიპ-ები, ფონდები, რესურს-ცენტრები და ა.შ. ) მსგავსად უმაღლესი მენეჯმენტისა, - უნდა - ემსახურებოდნენ საშუალო და უმაღლესი განთლების ხარისხის გაუმჯობესებას, წარმატებული უცხოური ანალოგების მოძიებას, ანალიზს, ქართულ გარემოსთან, მენტალობასთან ადაპტაციას და საქმეში რეალიზაციას. და კიდევ მრავალი - უნდა - უნდა - უნდა..
მოყოლებული 90-ანი წლებიდან განათლების სისტემა პოლიტიკური ვნებათაღელვის ნაწილს შეადგენდა და ეს განკარგულებებსა და თანამდებობრივ განაწილებაზე აისახებოდა. პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო -
· არაკომპეტენტური, პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მინისტრები ( ნაწილი მათგანისთვის განათლების სფერო ლამის ფინანსურ ან ძალოვან სტრუქტურებთან იყო გაიგივებული )
· საშუალო განათლების სისტემაში განხორციელებული წარუმატებელი ექსპერიმენტები ( მაგ.: მასწავლებელი ვალდებულია შეავსოს უამრავი ფორმა, გრაფიკი, ანგარიში და შედეგად მის მოტივაცია დაბლდება, მას უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება მოსწავლისთვის ).
· 90-ან წლებში დაბალი ქულების მქონე სტუდენტების ჩარიცხვები.
· ძველი თაობის პროფესურის ნაწილის დათხოვნა ( სადაც ბევრი საქმის ერთგული და პატიოსანი პიროვნება უსამართლოდ დაისაჯა ).
· თსუ-ს რექტორების ცვლილებების კასკადი
· სტუდენტური თვითმმართველობების ფუნქციის პოლიტიზირება
· სახელმძღვანელოების საქმე ( გამომცემლობებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული უფლებები პოლიტიკური ქულების დასაწერად ).
ჩამონათვალის გაგრძელება შორს წაგვიყვანს
შედეგები:
· მინისტრების და მათი მოადგილეების ხშირი ცვლა და მათ დაბალი კომპეტენცია სფეროში ამუხრუჭებდა და ამუხრუჭებს სამინისტროში მიმდინარე პროცესებს, გამუდმებული საკადრო ცვლილებები, მათ მიერ მიღებული პოლიტიკური და ზემოდან დაკვეთილი განკარგულებები მძიმე ტვირთად აწვება ახალგაზრდა თაობას. ასევე, პროფესიული მომავლის გაურკვევლობა მოტივაციას უკარგავს და აპათიას უძლიერებს სამინისტროში დასაქმებულ კეთილსინდისიერ კადრებს.
· 90 -ან წლებში, უკონკურსოდ ჩარიცხული სამედიცინო უნივერსიტეტის თაობა დღეს მოქმედი საექიმო კონტინგენტის ნაწილია.
· უნივერსიტეტიდან გამოცდილი კადრების დათხოვნამ უარყოფითი გავლენა იქონია სტუდენტების ცოდნის ხარისხის დონეზე.
· აბიტურიენტების განათლების საერთო დაბალი დონე ( რომლის კომპენსირება ხდება საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვრის დაბლა დაწევით )
· თსუ-ს რექტორების ხშირმა ცვლამ გვარიანად შეულახა ავტორიტეტი ქვეყნის უმთავრეს დაწესებულებას, ხოლო ეჭვი, რომ თსუ-ს დამოუკიდებლობა მითია, ნელ-ნელა ამართლებს თავის არსებობას.
· სტუდენტური თვითმმართველობების პოლიტიზებამ ბზარი გააჩინა სტუდენტებს შორის და გამოიწვია დროში გაწელილი, მოუგვარებელი კონფლიქტები.
· საშუალო განათლება საჭიროებს მუდმივ ინექციებს რეპეტიტორების მომსახურების სახით. ეს ნორმად ქცეული ანომალია ავტომატურად ძირს სცემს საშუალო სკოლის ავტორიტეტს.
· ერთ-ერთი პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მინისტრის პოპულისტური გადაწყვეტილების შედეგად უკანონოდ მოხდა გამომცემლობებისთვის საავტორო უფლებების ჩამორთმევა. ( ამჟამად თავად სამინისტროა დილემის წინაშე, რადგან სახელმძღვანელოები საჭიროებს განახლებას, ამის რესურსი კი მას არ აქვს ).
· უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ეპიცენტრი - ლექტორი და სისტემაა და არა სტუდენტი ( თუ უმაღლესი სასწავლებლის ამოსავალი წერტილი არ იქნება სტუდენტი და იგი უმეტესწილად ადმინისტრაციის და პროფესურის ინტერესებს გაატარებს, სახელმწიფო მიიღებს უამრავ კითხვაზე პასუხგაუცემელ კურსდამთავრებულებს, რომელთა დამოუკიდებელ მკვლევარად და სპეციალისტად ჩამოყალიბებაში ლომის წილი მათვე მოტივაციას და ზრდის წყურვილს მიუძღვის და არა ,, alma-mater ‘’-ს მისი მესვეურებითურთ ).
· მაგისტრის დიპლომისთვის რამდენიმე ათასი ლარი და უცხო ენის ცოდნაა საჭირო ( რიგ შემთხვევებში უცხო ენაც არ არის აუცილებელი ), დისერტაციას კი მოყვება დესერტაცია ურთიერთ ცაში აყვანის დახვეწილი სვლების ელემენტებით. შედეგი ? მაგისტრის დიპლომი გარდერობზე შემოდების პერსპექტივით, რადგან ხშირად მიმართულებები იმდენად შორსაა ქვეყნის და თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებისგან, რომ მათ დამადასტურებელ საბუთებს მხოლოდ ზემოთაღნიშნული ბედი ან, უკეთეს შემთხვევაში ჩარჩოში ჩასმა თუ ელით.
ჩამონათვალის გაგრძელება, სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს შეიძლება, თუმცა საერთო სურათი შექმნილია. ამასთან ტყუილი იქნებოდა მტკიცება, რომ არაფერი გაკეთებულა. ბევრი განათლების სფეროში დასაქმებული კეთილსინდისიერი ადამიანი ( უმეტესწილად დამოუკიდებლად ) იბრძვის მომავალი თაობის განათლების ხარისხის ასამაღლებლად, მაგრამ სამწუხაროდ როგორც - ,,თითო მერცხლები’’.
სამომავლო პერსპექტივები, დღევანდელობის გათვალისწინებით არც თუ ისე სახარბიელოა. სავარაუდოდ მოხდება საშუალო სკოლის მიერ გამოშვებულ აბიტურიენტთა ცოდნის ხარისხის კიდევ უფრო დადაბლება, ამას მოჰყვება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური ზღვრის ასევე დადაბლება ( მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს სტუდენტთა კონტინგენტის დეფიციტი შეიქმნა - დაახლოებით 40 000 ადგილიდან 8 000 თავისუფალი დარჩა ), შემდეგ და შემდეგ კი - ლოგიკური პროგრესიით ქვეყნის განათლების დონის ყველა პარამეტრის - კვლავ დადაბლება.
ეს სტატია არც პირველია და არც ბოლო, სადაც განათლების სისტემის პრობლემებზეა საუბარი, გამოსავლების დეტალური ძიება კი სფეროს სპეციალისტების საქმე უფროა, თუმცა წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პირველ რიგში საჭიროა სფეროს დეპოლიტიზება, კადრების გადამზადება და ჯანსაღი დამოუკიდებელი კონტროლის მექანიზმი. ვინ და როდის დაიწყებს ცვლილებებს? ქვეყნის სადავეების მფლობელების ( სამინისტროების მენეჯმენტი ), როგორც პოლიტიკოსების მინიმალური აქტიური სიცოცხლის ხანგრძლივობა 4 წელს შეადგენს და ეს მან ჩვენზე კარგად უწყის, ამიტომ საჭიროა მუჯლუგუნები, რომ ყველაფერი ,, გენიალურად ‘’ არაა. ცვლილებები იწყება მაშინ, როცა მათი მოთხოვნა მოდის საზოგადოებისგან.
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ არა მარტო ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია-ლიბერალიზაცია და სხვადასხვა მოდური თემები, როგორიცაა - მედიის თავისუფლება თუ რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებები, არამედ მათთან ერთად ( და პირველ რიგში ) ხარისხიანი განათლების უფლება. სხვაგვარად საზოგადოების დეგრადაცია, რომელიც უკვე მუშაობს და რომელსაც არც მედია და არც პოლიტსპექტრი და არც ჩვენ - საზოგადოება არ ვაღიარებთ, უზარმაზარი შუბის სახით მოგვევლინება, რომლის დამალვასაც ვერანაირი ხალათი უშველის.
გოგა გაგნიძე
მასალის გამოყენების პირობები






