მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი , კრიშტიანუ რონალდუ თავს დამნაშავედ არ ცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
ესპანეთის პროკურატურამ , პორტუგალიელ ფეხბურთელს, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების დამალვის გამო ბრალი წაუყენა.
საქმე ეხება 14,7 მილიონი ევროს, რომელიც ფეხბურთელმა 2011-2014 წლებში სახელმწიფოსგან დამალა.
კრიშტიანუს საქმის მოსმენა 31 ივლისსაა ჩანიშნული. ფეხბურთელმა ავტორიტეტული საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Baker&Mckenzie-ს ორი იურისტი დაიქირავა. სწორედ ამ საქმის გამო გამოთქვა 32 წლის ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ მადრიდის "რეალის" დატოვების სურვილი და მისი შეძენით დაინტერესება "მანჩესტერ იუნაიტედმა", "მანჩესტერ სიტიმ" და პსჟ-მ უმალ გამოთქვეს.
პროკურატურის განცხადებაში საუბარია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2010 წელს შექმნილი „ბიზნეს სტრუქტურა“ გამოიყენა, რათა ესპანეთში სარეკლამო პუბლიკაციებიდან მიღებული მოგება დაემალა.
პროკურატურა ვარაუდობს, რომ რონალდუმ 2011 წელს 1.4 მლნ ევროს ოდენობის გადასახადი დამალა, 2012 წელს - 1.7 მლნ ევრო, 2013 წელს - 3.2 მლნ ევრო, 2014 წელს - 8.5 მლნ ევრო.
აღნიშნულ ბრალდებებზე „რეალმა“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა ფეხბურთელის აგენტმაც.
აღსანიშნავია, რომ გერმანული გამოცემა Spiegel, ესპანური El Mundo და ბრიტანული Sunday Times წერდნენ, რომ რონალდუმ და ჟოზე მოურინიომ, გადასახადებისთვის თავიდან აცილების მიზნით, მილიონობით დოლარი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონებში გადაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები






