აფეთქება მოხდა კოლუმბიის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში. ასაფეთქებელი მოწყობილობა ბოგოტას Andino-ს სავაჭრო ცენტრში, მეორე სართულზე, საპირფარეშოსთან ამოქმედდა. შედეგად სამი ქალი დაიღუპა, მათ შორის ერთი საფრანგეთის მოქალაქეა. დაშავებულთა რაოდენობა კი 10-ს აჭარბებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია, თუმცა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თავდასხმის ადგილი კოლუმბიის პრეზიდენტმაც მოინახულა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.
კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ბოგოტაში მომხდარი აფეთქების გამო უშიშროების საბჭო მოიწვია. „კვირას უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ჩვენ ახალ განცხადებას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე არ დავაკონკრეტებთ, თუ ვინ დგას ამ ტერაქტის უკან. მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით დამნაშავეთა შესახებ არაფერია ცნობილი“, - განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ეს ტერაქტი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების მოგვარების კუთხით მთავრობის გეგმაზე არ იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები






