როგორც ბიბისი იტყობინება, პოლიცია აცხადებს, რომ დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი, რაც მსხვერპლის რიცხვის გაზრდის ვარაუდს იძლევა.
პოლიციის ცნობითვე, შესაძლოა, დაღუპულთა იდენტიფიცირება ვერ მოხდეს.
მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა, ამჟამინდელი მონაცემებით, 17 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია 100-მდე ადამიანი, მათგან 34 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, 17 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. გადარჩენილთა დასახმარებლად მათთვის მოწყობილ თავშესაფრებში ადგილობრივი მოსახლეობა მიდის.
შეგახსენებთ, 14 ივნისს, ლონდონის დასავლეთით, კენსინგტონის რაიონში 27-სართულიან საცხოვრებელ შენობას - Grenfell Tower, ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ხანძარი მთელს შენობას 15 წუთში მოედო და 24 სართული გაანადგურა.
სახლში სავარაუდოდ 600-დე ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა რამადანის გამო ხალხი გარეთ იმყოფებოდა. მაცხოვრებლების ნაწილმა სახლის დატოვება მაოხერხა, ნაწილს ამ დრომდე ეძებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, ინციდენტის დეტალური გამოძიების ბრძანება გასცა.
მასალის გამოყენების პირობები






