აქცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაანონსდა და მისი ორგანიზატორები ანაკლიის პატრიოტთა ბანაკისთვის სახელის გადარქმევასა და წარწერით "პატრიოტი" მაისურების, კეპებისა და აბრევიატურის განადგურებას აპროტესტებენ.
აქცია პარალელურად ჩატარდება როგორც თბილისში, ასევე ანაკლიაში. აქციის ორგანიზატორების განცხადებაში ნათქვამია:
"ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ ეს ტერმინი არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება, ეს არის ზოგადი ეროვნული ტერმინი რომელიც ხალხს ეკუთვნის და რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ამ სიტყვის გამოყენება თუ მის წინააღმდებ ბრძოლა ლახავს საზოგადოებრივ ინტერესს. ანაკლიის "პატრიოტთა" ბანაკში განხორციელებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის უხეშ ხელყოფას და პატრიოტიზმის იდეის წინააღმდეგ ბრძოლას! ".
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში ინვენტარიზაციის მიმდინარეობას ადასტურებენ ოფიციალური წყაროები, თუმცა, უარყოფენ ინფორმაციას, რომ იქ მაისურები და კეპები დაწვეს. რაც შეეხება ბანაკისთვის სახელის გადარქმევას, ამ თემაზე ოფიციალური პირების მხრიდან ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ჯერ არ მომხდარა.
სავარაუდოდ, პირველი კომენტარი დღეს გაკეთდება, როცა 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეგახსენებთ ასევე, რომ ანაკლიაში მიმდინარე პროცესებზე გუშინ კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






