“კო­სო­ვოს მო­დელ­ზე” სა­უ­ბა­რიც კი სა­ხი­ფა­თოა
პოზიცია - 18:02, 16 Jun, 2013     1158

ამგვარ სიტუაციაში საჭიროა, დავინახოთ განსხვავება იმას შორის, რაც მოხდა კოსოვოში და იმას შორის, რაც რუსეთმა ჩაიდინა სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე - საქართველოში.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, მოსკოვის განცხადებები 2008 წლის ომის პირველ დღეებში აგებული იყო იმავე ლოგიკაზე, რაც დასავლეთმა გამოიყენა 1999 წლის მარტში სერბეთში ნატო-ს სამხედრო კამპანიის დასაწყებად და გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის მისაღებად. საქართველოსთან ომის აქტიური ფაზის დასრულებიდან 2 კვირაში კრემლმა იმიტომაც აღიარა ნაჩქარევად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა", რომ დაინახა: 1244-ის მსგავსი რეზოლუციის გაეროს უშიშროების საბჭოში გატანის მინიმალური შანსიც კი არ იყო.

ეთნიკური წმენდის მსხვერპლ კოსოვოელ ალბანელებს საერთაშორისო ჩარევამ გზა გაუხსნა თვითგამორკვევისაკენ (ამის შესაძლებლობას ცნობს ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი აქტები), ხოლო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შესაძლებლობის დაშვება მიჩნეულ იქნა, როგორც ეთნიკური წმენდის შეჩერებისა და მისი შედეგების აღმოფხვრის საშუალება.

საერთაშორისო საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა აფხაზეთისა და ცხონვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" იმიტომ, რომ ეს დააკანონებდა ეთნიკური ქართველებისა და სხვა ეთნოსების წინააღმდეგ რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟმების მიერ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის საშუალებას.

გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუცია ითვლება კოსოვოზე სერბეთის სუვერენიტეტის შეზღუდვისა და კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობის გაჩენის საწყის წერტილად. ამ რეზოლუციით კოსოვოზე სუვერენიტეტი "გადაიბარა" UNMIK-მა, ხოლო ამ უკანასკნელმა ნელ-ნელა დაიწყო თავად კოსოვოს ადგილობრივ მმართველობაზე ამის გადაცემა.

გავიმეორებ: ოფიციალური თბილისი შეიძლება შევიდეს მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის (უსაფრთხოების სერიოზული კომპონენტით) დაშვების თაობაზე, მაგრამ ნებისმიერი მანდატი, რომელიც ისეთსავე ბზარს გააჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სუვერენიტეტში, როგორც ეს სერბეთის შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციამ გააჩინა, გარდაუვლად იქნება გამოყენებული რუსეთის მიერ საქართველოს შეუქცევადი დეზინტეგრაციისათვის.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის (უსაფრთხოების სერიოზული კომპონენტით) დაშვება არის საქართველოს ინტერესებში (სხვაგვარად ვერც იძულებით გადადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება მოხდება და, საბოლოო ჯამში, ვერც დეოკუპაცია), მაგრამ ძალიან კარგად უნდა იქნას გააზრებული, ვის ხელში რჩება სუვერენიტეტი - საქართველოს თუ საერთშორისო მისიის.

გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ერეზოლუციით დაწყებული პროცესი, თეორიულად, სხვაგვარადაც შეიძლებოდა განვითარებულიყო და ოფიციალურ ბელგრადს დაებრუნებინა სუვერენიტეტის ის ნაწილი, რომელიც მან, ამ რეზოლუციის თანახმად, კოსოვოში გაეროს მისიას - UNMIK-ს "გადააბარა". მაგრამ იმდენად მოწყვლადი იყო სერბეთის მორალური პოზიცია, რომ კოსოვომ თანდათან, ზოგჯერ საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლითაც კი, მიიღო შეზღუდული, მაგრამ მაინც სუვერენიტეტი და მოგვიანებით დამოუკიდებლობაც გამოაცხადა.

2008 წელს ჩვენ ამ საშიშროების - ანუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობის - წინაშეც კი არ დავდექით, საერთშორისო საზოგადოებისათვის იმდენად ცხადი იყო საქართველოს დეზინტეგრაციის მოსკოვისეული გეგმა. თუმცა ასეც რომ მოხდარიყო და მოსკოვს რაიმე რეზოლუცია გაეტანა გაეროს უშიშროების საბჭოში, თეორიულად გვრჩებოდა შანსი - თუკი კარგად იმუშავებდა ქართული დიპლომატია და ქვეყნის შიგნით ეს საკითხი არ იქნებოდა გამოყენებული შიდაპოლიტიკური სპეკულაციების საგნად - რომ პროცესი ისე გვემართა, ზიანი არ მისდგომოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

ამის ხაზგასმა იმიტომაცაა აუცილებელი, რომ რაღაც ეტაპზე საქართველო შეიძლება შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის (უსაფრთხოების სერიოზული კომპონენტით) დაშვების თაობაზე მოლაპარაკებებში. დღეისათვის კი ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მიუთითა, რომ კოსოვოს შემთხვევა უნიკალურია და მისი გამოყენება არ შეიძლება სხვა კონფლიქტებისა და ტერიტორიული დავების გადაწყვეტისას.

როდესაც 2007 წლის გაზაფხულზე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო კოსოვოს სტატუსის გადაწყვეტის შესახებ ფინეთის ყოფილი პრეზიდენტის, მარტი აჰტისაარის მიერ შემუშავებული 63-გვერდიანი გეგმის საფუძველზე მომზადებული რეზოლუცია, პროცესში აქტიურად ჩაერთო ევროკავშირი. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ (პუნქტი 6): "საბჭო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კოსოვოს სტატუსის მომავალი გადაწყვეტა წარმოადგენს სუი გენერის შემთხვევას და იგი ვერ გახდება რაიმე პრეცედენტი".

გასათვალისწინებელია, რომ უკვე ამ დროს კოსოვოს საკითხი საერთაშორისო საზოგადოების ძირითადი მოთამაშეებისათვის ფაქტობრივად გარკვეულია. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გადაწყვეტილებებში მხარდაჭერილია აჰტისაარის გეგმა და ამ გეგმის საფუძველზე მომზადებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ადგენდა კოსოვოს "დამოუკიდებლობას ზედამხედველობის ქვეშ" (იგულისხმებოდა საერთაშორისო ზედამხედველობა).

იმის მიუხედავად, რომ ეს რეზოლუცია ვერ გავიდა, დე ფაქტო კოსოვო 1999 წლიდან - ანუ 1244 რეზოლუციის მიღებისა და UNMIK-ს მოქმედების დაწყების მომენტიდან - არსებობდა ოფიციალური ბელგრადისაგან მოწყვეტილად და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ. უფრო მეტიც, კოსოვოს მიერ 2008 წლის 17 თებერვალს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მიერ ამ დამოუკიდებლობის ცნობას წინ უძღოდა კოსოვის სტატუსის შესახებ საერთშორისო მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, საერთშორისო საზოგადოების თვალში, ვერც ამ ტესტს გადიან. მათ მიერ "დამოუკიდებლობების" გამოცხადება და რუსეთის მიერ ამ "დამოუკიდებლობების" ცნობა საერთაშორისო მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესის უშედეგოდ დასრულების გამო არ მომხდარა. უფრო მეტიც, რუსეთმა იმთავითვე წითელი ხაზი გაავლო ამ საკითხზე და ამით დღესაც ხელს უშლის იმას, რომ რუსეთ-საქართველოს ეს ტერიტორიული დავა (და არა ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური ეთნიკური კონფლიქტები, როგორც ამის წარმოჩენა რუსეთს სურს) საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მოგვარდეს.

ის, რომ კოსოვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება უნიკალურია და ვერ გამოდგება პრეცედენტად სხვა შემთხვევებისთვის, დაადასტურა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომაც (Iჩჟ) თავის 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაშიც. სასამართლოს კითხვით - "არის თუ არა საერთშორისო სამართალთან თანხმობაში კოსოვოს თვითმმართველობის გარდამავალი ინსტიტუტების მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება?" - გაეროს წესდების 96-ე მუხლზე დაყრდნობით გაეროს გენარალურმა ასამბლეამ მიმართა 2008 წლის 8 ოქტომბრის 63/3 რეზოლუციით.

სასამართლოს სუსტი პასუხი - კერძოდ, დამოუკიდებლობის გამოცხადებით კოსოვოს არ დაურღვევია საერთშორისო სამართალი - მაშინვე იქნა ინტერპრეტირებული, როგორც "ამოსუნთქვა" კვიპროსის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. საქმე ისაა, რომ სასამართლოს არაფერი უთქვამს დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგების ლეგალურობაზე ანუ იმაზე, არის თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობა ლეგალური.

როგორც მაშინ ლონდონის ეკონომიკის სკოლის ბალკანეთის ექსპერტმა, ჯეიმს კერ-ლინდსიმ აღნიშნა, სასამართლომ "ფაქტობრივად თქვა, რომ კოსოვოს ლეგიტიმაციას სასამართლო კი არა, ის ქვეყნები ანიჭებენ, რომლებმაც მისი დამოუკიდებლობა სცნეს". მისი აზრით, კვიპროსის, საქართველოსა და მოლდოვისთვის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (არასავალდებულო) გადაწყვეტილება იმიტომაც იყო შვება, რომ სასამართლოს მკაფიოდ არ უთქვამს, რომ სახელმწიფოსგან გამოყოფა ლეგალურია.

თუ ექსპერტ კერ-ლინდსის მსჯელობას გავყვებით, ნათელი ხდება, რომ გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის (1) ვის მხარესაა მორალი და სამართლიანობა კონფლიქტის დროს; და (2) ვის აქვს უფრო ეფექტური სტრატეგია: იმას, ვისაც გამოყოფა სურს თუ იმას, ვისაც ტერიტორიის შენარჩუნება უნდა.

კვლავაც ვუბრუნდები იმავე საკითხს: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში მორალი და სამართლიანობა ეთნიკური წმენდის მსხვერპლის და, შესაბამისად, ოფიციალური თბილისის მხარესაა. სხვათა შორის, ეუთოს 1994 წლის ბუდაპეშტის, 1996 წლის ლისაბონის და 1999 წლის სტამბოლის სამიტების დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ აფხაზეთში განხორციელდა ეთნიკური წმენდა, რომელმაც, ძირითადად, (ეთნიკურად) ქართველი მოსახლეობის განდევნა გამოიწვია.

რაც შეეხება ოფიციალური თბილისის მოქმედების ეფექტურობას, დღემდე იგი ეფექტურად მოქმედებდა. სამართლიანად შენიშნავს მიმომხილველი დავით იბერი ჯეიმსთაუნის ფონდის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში "Iჩჟ-ს ვერდიქტი კოსოვოზე ასუსტებს რუსეთის პოზიციას": კოსოვოსგან განსხვავებით, საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედებულა გაეროს წესდების მე-7 თავი და, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის არც ერთ ნაწილზე არ გავრცელებულა სპეციფიური საერთშორისო იურისდიქცია. აფხაზეთს ფარავს გაეროს წესდების მე-6 თავი, რაც მოითხოვს საქართველოს თანხმობას, რომ იქ რაიმე საერთშორისო მისია განხორციელდეს.

სწორედ იმიტომაა საჭირო კოსოვოს საკითხის კარგად გააზრება, რომ საქართველომ, ასეთი თანხმობის გაცემისას (როცა ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება), ზუსტად ჩამოაყალიბოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთშირისო მისიის პარამეტრები და არ დაუშვას საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვა. რაც მთავარია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს, არ დარჩეს მარტო რუსეთთან ურთიერთობაში.

არაერთხელ ვთქვი და ახლაც ამით დავასრულებ: ილუზიია ის, თითქოსდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ნორმალიზება მოხდება და დაძაბულობა მოიხსნება, თუ: ა) დავიწყებთ პირდაპირ, შუამავლების გარეშე, საუბარს და ბ) საქართველოს დეოკუპაციის საკითხი აღარ იდგება რუსულ-ამერიკული და რუსულ-ევროპული ურთიერთობების დღის წესრიგში. ეს ორივე ასპექტი - საუბარი შუამავლების ანუ დასავლელი პარტნიორების გარეშე და საქართველოს დეოკუპაციის საკითხის მოხსნა საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგიდან - რუსეთისთვის არსებითია და ერთმანეთთან კავშირშია, რადგან ამიერიდან რუსეთი დასავლეთს ყოველთვის ეტყვის, რომ საქართველოსთან ის უშუალოდ ლაპარაკობს. შესაბამისად, დასავლეთი იძულებული გახდება, საქართველოს თემის აქტუალიზაციაზე რუსეთთან დიალოგში უარი თქვას და მოხდება საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია; რუსეთს კი, ამით ხელ-ფეხი გაეხსნება, რომ დასავლეთისგან იზოლირებულ საქართველოს თავისი პირობები უკარნახოს.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42