რაც სააკაშვილმა ვერ გაბედა, იმას ბედავს ივანიშვილი... ეს იმაზე უარესი გამოდგა
პოზიცია - 16:54, 16 Jun, 2013     8117

 


ეს, ინტერვიუს დაწყებამდე ,,ლეიბორისტების" ლიდერის შალვა ნათელაშვილის ინტერნეტ სამყაროსთან დაკავშირებით მისეული მოკლე შეფასება იყო, რაც სოციალური ქსელი მეშვეობით მხარდამჭერებთან საუბრის შეწყვეტას მოჰყვა.



ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ახალი ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის - აპირებს თუ არა ,,ლეიბორისტების" ლიდერი, შექმნას კოალიცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, - ამ და სხვა თემებზე ,,ნიუპოსტი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ,,ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილთან:



_ბატონო შალვა, თქვენი ამერიკული ვიზიტი რომ შევაფასოთ, კმაყოფილი ხართ პოლიტიკური შეხვედრებით?


_ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი რომ მიგიღებს ძალიან თბილად და ძალიან მეგობრულად, ვფიქრობ, აქ კომენტარი ზედმეტია! ამერიკის საგარეო პოლიტიკური საბჭოს პრეზიდენტი რომ შეგხვდება, თავის თანაშემწეებთან ერთად, ამერიკის ეროვნული უშიშროების ცენტრის პრეზიდენტი, საიმსი რომ შეგხვდება და შენთან ერთად მიმოიხილავს შიდა და გარე მდგომარეობას, სახელმწიფო დეპარტამენტში რომ მრგვალი მაგიდა მოეწყობა და ამერიკის მთავარი საგარეო პოლიტიკური უწყება მოისმენს ყველა ნიუანსს, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უმნიშვნელოვანესიც მე ვიტყოდი, რადგანაც ბევრი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ვერ ახერხებს ამ დონის შეხვედრების ჩატარებას ვაშინგტონში.

 


_თუმცა პრემიერის ვიზიტი ჯერ არ შემდგარა შეერთებულ შტატებში...


მე დელიკატურად ვთქვი...

 


_გქონდათ ამაზე საუბარიც, ბატონო შალვა...?


_არა, ამ თემებს არ შევხებივართ... ჩვენ ამერიკელებთან გვაქვს ჩვენი სასაუბრო თემები უკვე მრავალი წელია, ჩვენ ვმეგობრობთ, ვოპონირებთ, მაგრამ ეს არ არის ამათ რომ იციან ის - მონური მეგობრობა...

 


_ისე, ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებთ ხოლმე...


_დიახ, იმიტომ, რომ იყვნენ გასაკრიტიკებელნი. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გასაგებად უთხრა სააკაშვილს, რომ შენ უნდა გადააბარო ძალაუფლება და დაამთავრო ხელისუფლებაში ყოფნა, აქ უკვე ჩემგან ამ მიმართულებით კრიტიკის საფუძველი მოისპო. რომ არ ეთქვა ეს ამერიკას, ვერანაირი ივანიშვილი, ვერანაირი გუსინსკი, ვერანაირი აბრამოვიჩი, ვერანაირი მთელი მსოფლიოს მილიარდერების კლუბი, სააკაშვილს ძალაუფლებაზე ხელს ვერ ააღებინებდა. არ დაიჯეროთ, რომ ეს არის ივანიშვილის დამსახურება, ის რაც მოხდა, ეს არის ამერიკის პოზიცია!

 


_რა თქმა უნდა, საუბარი იყო ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ივანიშვილი ამერიკის არჩევანია თუ ეს იყო სურვილი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომ საქართველოში ჩატარებულიყო დემოკრატიული არჩევნები?


_მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკას სურდა პრეცენდენტი შეექმნა ჩვენნაირი სტილის სახელმწიფოებისთვის, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისა და ამისათვის, ასე ვთქვათ, მსხვერპლად შესწირეს სააკაშვილი.

 


_თუმცა ის, რომ დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება, სახელმიწფოსთვის თავისთავად მნიშვნელოვანია..


_თუ რამე პრეტენზიები იყო ამერიკასთან ამ მიმართებაში, რომ მათ არ სურთ რეჟიმების შეცვლა, რომ ჰყავთ თავიანთი ფავორიტი და მოკავშირეებს გადაჰყვებიან, ეს მოიხსნა ამ ეტაპზე. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთმა ივაჟკაცა.

 

news

 


_ბატონო შალვა, მოხდა პირველი პრეცენდენტი, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მენტალური გარდატეხაც იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომ განვითარებული შიდაპოლიტიკური მოვლენები. როგორ შეაფასებდით სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, პრემიერმა ისიც კი ბრძანა, რომ დანაპირები შეასრულა და გადაჭარბებითაც კი.


_პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის იყო მზად, რომ დემოკრატიულად, მშვიდობიანი გზით მოეყვანა ხელისუფლებები და წაეყვანა. ხალხი ყოველთვის იყო ამისათვის მომზადებული, მონდომებული ისტორიულად, გენეტიკურად, ტრადიციულად, ეთიკურად, ზნეობრივად, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევდნენ ავანტურისტი პოლიტიკოსები. შევარდნაძეები, სააკაშვილები და სხვები და სხვები, რომლებიც სხვა გზებით ამჯობინებდნენ ხელისუფლებაში მოსვლას და გამაგრებას. 1990 წელს, ქართველმა ხალხმა, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით და მსოფლიოს დასანახადაც, მშვიდობიანად შეცვალა კომუნისტური რეჟიმი დამოუკიდებელი სახელმწიფოთი, მრავალპარტიული რეჟიმით, დემოკრატიული წყობით. ეს არ არის ჩვენთვის ახალი - ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება-გადმობარება. აქ არავის დახმარება არ გვჭირდებოდა, მთავარია ხელი არ შეეშალათ და ხელს გვიშლიდნენ.


რაც შეეხება სოციალურ დაპირებებს, არჩევნების წინ ყველა პოლიტიკური ძალა ხდება ლეიბორისტი და ლიდერები შალვა ნათელაშვილები. ასე მგონია, რომ გამრავლებულები ვართ და ძალიან ბევრნი ვართ. ყველა ჩვენი ტექსტებით ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ყველა გადადის იმის განმარტებაზე, თუ რატომ ვერ შეასრულეს წინასაარჩევნო დაპირებები, რატომ ვერ გაანახევრეს ტარიფი, რატომ ვერ გახადეს უფასო განათლება, რატომ არ შემოიღეს ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჯანდაცვა სრულად, რატომ არ გაიცემა შეღავათიანი კრედიტები, რატომ ასახლებენ მოსახლეობას ბინებიდან, რატომ არ ბრუნდება ანაბრები, განმარტებებს იძლევიან, თუ რატომ არ აკეთებენ იმას, რასაც გვპირდებოდნენ. ივანიშვილს ერთხელ წამოსცდა კიდეც, რომ ეგ დაპირება მარტო ერთხელ მოგეცითო, ერთხელ ვთქვიო მარტოო! მე მაინტერესებს, რამდენჯერ უნდა თქვს პოლიტიკოსმა დაპირება, რომ იმაზე იყოს ვალდებული და პასუხისმგებელი. როგორც ჩანს ერთი სიტყვა და ერთი ნათქვამი, ივანიშვილისთვის არ ყოფილა აპრიორი და შესასრულებელი მიმართულება.


სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, არაფერი უფასო და ბიუჯეტიდან დაფინანსებული არ არის და მმართველი ელიტის ყოფა კიდევ უფორ გაუმჯობესდა, იღებდნენ 2 ათას ლარს ხელფასს, ახლა აქვთ 8 ათასი ლარები, მაგრამ ამას უკვე პრემია ჰქვია, სახელფასო დანამატი, რა მნშვნელობა აქვს რა ერქმევა, ჩვენგან ხომ მიაქვთ?! ბიზნესი ისევ ელიტარულია, თუ ადრე ვაჭრობდა სააკაშვილის ძმა, ახლა ვაჭრობს ივანიშვილის ძმა, გაიხსნა რუსეთში, ივანიშვილის ძმის კომპანიები გავიდა ბაზარზე და არა ქართველი ხალხი; დაიხურა საშუალო და წვრილი ბაზრები, იმის გამო, რომ "კარფურს" კონკურენციას ვერ უწევენ, "კარფური" ივანიშვილისაა, წამლების ფასი არ იაფდება იმიტომ, რომ ფარმადეპო არ აგდებს, "ფარმადეპო" ივანიშვილისაა, ვალებზე პროცენტები არ იკლებს და არც გადავადება ხდება ვალების გადახდის და ბინებიდან გამოსახლებაც განახლებულია, იმიტომ, რომ ივანიშვილის ბანკი აძლევს, "ქართუ ბანკი". ანუ წავიდა ერთი ბანდიტი, მოვიდა მეორე ბანდიტი, ეს ხალხი თავს იტყუებს და კიდევ რამდენხანს მოიტყუებს არ ვიცი.

 


_საბოლოო ჯამში, ბატონო შალვა, ყოველი ცრუ დანაპირებისთვის, ხალხი ხელისუფლებას მოსთხოვს პასუხს და ამისთვის არსებობს არჩევნები.


_ეს ყველაფერი ისევ ხალხს შემოგვიბრუნდება ცუდად და არა მათ, ჩვენ ვართ საწყალი და საცოდავი, თორე, ვერ ატყობთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეობას არ ტოვებს კაცი? მთელი კამპანია გააჩაღა, რომ საქართველოს მოქალაქეობას რატომ არ მაძლევთო, იქ საფრანგეთის საელჩოში შეიტანა განცხადება მოქალაქეობის დატოვებაზე. დატოვა საფრანგეთის მოქალაქეობა? ახლა ხომ შეუძლია შეცვალოს მოქალაქეობის კანონი და რაც უნდა ის გააკეთოს? მაგან იცის, რომ გაქცევა მოუწევს თავის მილიარდებთან ერთად და იქ აქვს გადატანილი ყველაფერი. საფრანგეთის მოქალაქეობა არის გარანტია მისი ხელშეუხებლობის. ეს არის მთელი ისტორია, არაფერი ცუდი არ დაემართება, მაქსიმუმ დაკარგოს პრემიერ-მინისტრობა. ის მილიარდები, რომელსაც ახლა კიდევ დაამატებს, ჩვენს ხარჯზე გადაიქაჩება "პარი ბანკში" ან "სოსიე დე ჟენერალში", რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?

 


_ბატონო შალვა, ძალიან მნშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს შევეხოთ, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა, რაც ძალიან დიდი ტრაგედია იყო. საზოგადოების გარკვეულ წრეებში, მათ შორის სოციალურ მედიაში, ამ ფაქტს მოჰყვა გამოხმაურება, რომ რა გვინდა ავღანეთში, გამოვიდეთ ნატოს მისიიდან... თქვენი პოზიცია როგორია ამ უმნიშვნელოვანეს საგარეო-პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით?


_ამ მისიაში მონაწილეობა ჩვენ გვაძლევს ჩვენი შვილების გვამებს, რომლებიც გაშვებულნი არიან ამ ქვეყანაში არა პატრიოტული მოტივებით, არამედ იძულებით - მათ შორის ბანკის კრედიტი აქვთ გადასახდელი, რომელიც ჯარისკაცებზეა გაცემული ან ოფიცრებზე. ან ოჯახში ლუკმა პური არ აქვს და იძულებულია, რომ წავიდეს, თავი შესწიროს თალიბებსა და ავღანეთის ტრამალებს. არანაირი მაღალი აზრი, არანაირი პატრიოტიზმი, არანაირი ზნეობა ამ აქციაში თუ მისიაში არ არის და არც შეიძლება არსებობდეს, იმიტომ, რომ ჩვენ იქ ოკუპანტები ვართ ავღანელების. აქ გვყავს რუსი ოკუპანტები, აგერ ყურისძირში და ჩვენ ვართ მათი ოკუპანტები. უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი, ეს არ არის ჩვენი ომი, როგორც კი ეს ბავშვები გაუშვეს იქ 2007-ში, გამოვედი ცეცხლოვანი განცხადებით და დავანგრიე ყველაფერი, არ შემიწყვეტია ბრძოლა, რომ ესენი გამოგვეყვანა იქიდან, ხან რეფერენდუმის საკითხი დავაყენეთ, მეორედ დავსვით ეგ საკითხი. ივანიშვილი და სააკაშვილი ერთად გვიგდებენ ამ საკითხს, ერთად უჭერენ მხარს ამ ბავშვების დახოცვას იქ. აბა თავიან შვილებს თუ გაუშვებენ... ახლა ბერა კალიფორნიაში გაუშვეს, გაუშვან თავიანთი შვილები, ბრიტანეთის პრინცი ხომ არის იქ? მე რომ მხარს ვუჭერდე ამ აქციას, ჩემს შვილს გავუშვებდი! მე ვარ წინააღმდეგი, ჩემი და სხვისი შვილების სიკვდილისა უცხო მიწის გამო, ჩვენი მიწის გამო, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. ამიტომ, ეს ხალხი არის გაგზავნილი მათი სკამების ბედნიერებისა და უსაფრთხოებისთვის, რომ კარგი თვალით შეხედოს დასავლეთში ვიღაც-ვიღაცებმა. ეს არის, მეტი არაფერი, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყვანილი!

 


_თქვენ არ თვლით, რომ ნატოს მისიაში საქართველოს მონაწილეობა პირდაპირ კავშირშია საქართველო სახელიმწიფოებრივ უსაფრთოხებასთან?


_არ ვართ ჩვენ ნატოს წევრები...

 


_თუმცა სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ეს ერთგვარი წინაპირობაა ჩვენი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირებისთვის...


_არა, ეს არაფერ შუაშია, ევროატლანტიკურ ალიანში მიგვიღებენ ჩვენ მაშინ, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გადაწყდება, როცა ნატოს არ ექნება იმის საშიშოება, რომ აქ არსებული კონფლიქტი, გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს და ნატოს ჩაბმას.

 


_თუმცა, ნატო აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ამ შემთვევაში არ ქმნის ბარიერს ნატოს წევრობისთვის...


_პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გამო ვართ ამდენი ხანი ჩვენ ნატოს გარეშე, იმიტომ, რომ ნატოს წესდების თანახმად, თუ ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს ვიღაცისგან თავდასხმის საფრთხე შეექმნა, მთელი ნატო საომარ მდგომარეობაშია იმ ვიღაცასთან. ნატო რუსეთთან ჩვენს გამო ომს არ დაიწყებს, ეს ყველას კარგად მოეხსენება, ამიტომ, სანამ არ გადაწყდება ეს პრობლემა, თანამშრომლობა შეიძლება კი არა, აუცილებელია! მაგრამ არა იმ დოზით, რომ ჩვენი ბიჭები დავაკვლევინოთ. აგერ, სატრანზიტო გზა, ტვირთების გადაზიდვა, აეროპორტით, სახმელეთო გზებით, ჰოსპიტლები ჩვენს ტერიტორიაზე, დაჭრილ ჯარისკაცებს ვუმკურნალოთ. ნატოში 26 წევრი სახელმწიფოდან, 20 არ მონაწილეობს ამ მისიაში, უარი განაცხადეს, ჩვენ ვართ მაინცდამაინც სამგლე გოჭივით ატეხილი. იმიტომ, რომ არ უყვარს თავისი ხალხი ჩვენს ხელისუფლებას.

 


_რას ფიქრობთ იმ ვიდეოკლიპებთან დაკავშირებით, რაც ტერაქტის წინ გავრცელდა?


_ჩვენ ჯიჰადი და თალიბანი ამ მთავრობის სახით აქ გვყავს. ორივე, რუსები რომ იტყვიან, "სპასობნია" ეს გააკეთონ. არაფერზე უკან არ დაიხევენ, იმიტომ, რომ არანაირი ღირებული და ზნეობრივი მათთვის არ არსებობს. ეს არ არის მხოლოდ შორი შთაბეჭდილება, მე მათ ბავშვობიდან ვიცნობ ძალიან ბევრს.



_მეორე მნიშვნელოვან მოვლენაზე რომ ვისაუბროთ, შს სამინისტრომ დააკავა ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული პირები.


_არავითარი ტერორსტული აქტი ეგ არ არის. სამხრეთ კავკასიელებს რომ სძინავთ, მუთაქის მაგივრად ბომბი უდევთ, ეგ არაფერი ახალი არ არის. ამათმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ესენი თბილისში ცხოვრობდნენ, როგორც ამბობენ წინა ხელისუფლების ჩამოყვანილები არიან, ძალიან ბევრი, ახალი ხელისუფლებაც იყო საქმის კურსში, მაგის თაობაზე. ამათი დაჭერა დასჭირდათ იმისათვსი, რომ რუსეთს გაახსენონ ანტიტერორისტული ცენტრი საქართველოში.

 


_ის ფაქტი, რომ თითქოს პრეზიდენტთან დაახლოებული მფრინავის სახლში იმალებოდა, ამას როგორ შეაფასებთ?


_შეთქმულების თეორიის ანალიზს მე ვერ ვაკეთებ. შეიძლება პრეზიდენტის მფრინავი დამნაშავეც იყოს, მკვლელიც იყოს და ტერორისტიც იყოს და შეიძლება პრეზიდენტმა არაფერი არ იცოდეს ან შეიძლება იცოდეს. მე არ ვიცი, თუ ისე გაუჭირდა სააკაშვილს და იმ რეჟიმს, რომ საკუთარ მფრინავთან მალავდა ტერორისტებს, ძალიან ცუდად ჰქონიათ საქმე.



_ამ ყველაფერს პუტინის განცხადებაც უძღვოდა წინ...


_ანტიტერორისტული ცენტრის გახსნასაა შეპირებული ივანიშვილი პუტინზე, ეს არის ფაქტობრივად რუსეთის სამხედრო ბაზა იქ, ანუ ეს იქნება მესამე ბაზა აფხაზეთის და ცხინვალის შემდეგ, უკვე შიგნით საქართველოს ტერიტორიაზე.


ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის კი არა, ამთავრებს ქვეყნის უსაფრთხოებას, საერთოდ ამთავრებს. ავფეთქდებით შიგნიდან და ჩამოვლენ აქ ხუბუტიები, ებრალიძეები და ხომერიკები მმართველებად... ვინც გვყავს, ისინი მოგვაცილებინა ნეტა, კიდევ ახლები არ გამოგვიგზავნონ აქ და ვასაძეები კიდევ... თვითონ ივანიშვილიც პუტინის კაცია.

 


_პუტინმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ მას ქართველები ძალიან უყვარს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე, რა თქმა უნდა, ისევ არ საუბრობენ, ეს თემა მათთან არ განიხილება. აქცენტი გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან სპეცსამსახურების ურთიერთთანამშრომლობაზე...


_მათი სპეცსამსახურების კარგი მუშაობა ჩვენს ოფისზე გამოჩნდა, მოგვიწყეს აფეთქება და დაიღუპა ნინო გიორგობიანი, ჩვენი პარტიის აქტივისტი, ეს ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. აიღო ივანშვილმა და ის ამფეთქებლები გამოუშვა პოლიტპატიმრის სტატუსით გარეთ, აქ თუ რამე ზნეობა და მორალია...

 


_როცა რუსეთი არ განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, ის არაღიარებაზე საერთოდ არაფერს ამბობს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ რაზე უნდა ველაპარაკოთ მათ?


_არაფერზე არ უნდა ველაპარაკოთ, სანამ არ დაიწყება საუბარი ტერიტორიების დაბრუნებაზე, სხვა, ყველა საკითხი არის მეასე ხარისხოვანი. შემოგივარდა დამნაშავე სახლში და წაგართვა ბინა, თვითონ დასახლდა იქ, რაზე უნდა ელაპარაკო? რომ შემომიყვანე, ერთი საათით დამაძინე?! ეს სრულიად არასერიოზულია!


როცა ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე დაიწყება საუბარი, შეიძლება პარალელურად წავიდეს ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა და დაახლოებით რუსეთ-აიაპონიის მოდელი განვითარდეს. მოგეხსენებათ, კურილიის კუნძულები დაპყრობილი აქვს რუსეთს, იაპონია ედავება, ოკუპანტს ეძახის, მაგრამ იაპონური მანქანები, იაპონიის ბიუჯეტს რუსეთი ინახავს, მთელი პროდუქციები და ქარხნები არის იქ. ეს, კი ბატონო, მაგრამ სტრატეგიული არის ტერიტორიების დაბრუნება, არანაირი ჩაი, არანაირი მანდარინი, არანაირი მწვანილი, არანაირი ღვინო, სამშობლო, ტერიტორია, მამული, ეს არის ყოველგვარ "პეტრუშკაზე", ჩაიზე და მანდარინზე მაღლა მდგომი მოვლენა. ამაზე მემგონი არავინ არ იდავებს საქართველოში, ჭკუათმყოფი, თუ რა თქმა უნდა, არ არის ლუარსაბ თათქარიძე, რომელიც მერე თევზის ფხის ყელში გაჩხერის გამო გარდაიცვლება.

 


_რუსულ მედიაში გავრცელდა, რომ ივანშვილი მზად არის ევრაზიულ კავშირში შესასვლელად


_ივანიშვილი მზად არის, ის პირდაპირ პუტინის დანიშნულია..


_ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ...


_არა, არ ვფიქრობ, მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ის არის პირდაპირ პუტინის დანიშნული, აი, ამ დავალებებით, რომ ცალ-ცალკე შევიდეს საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თუ შესაძლებლობა იქნება, ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი ევრაზიულ კავშირში, ერთიანი საბაჟო, საზღვრებისგარეშე რეჟიმით, ანუ საბჭოთა კავშირის მოდერნიზებული ვარიანტი და ეს დავალება აქვს ივანიშვილს ზუსტად.

 

_ამის ალტერნატივას რას ხედავთ თქვენ?


_ამის ალტერნატივას ვხედავ, რომ შემოდგომაზე არ დავუშვათ, მის მიერ დასახელებული კანდიდატის პრეზიდენტობა, ვინაიდან ის პრეზიდენტი ყველაფერ იმას, რაც მე მოგახსენეთ, მოაწერს ხელს.



_სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?


_სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, პუტინი აქ ხსნის ანტიტერორისტულ ცენტრს ივანშვილის დახმარებით, გუშინდელი ვითომ ტერორისტების დაჭერაც ამ ფორმატში ზის, რომ ეს დამაჯერებლობა გაზარდონ.


_17 მაისის მოველნებთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რაც მოხდა...


_ეს არის დაუშვებელი, ძალადობა არის დაუშვებელი, თბილისში სულ იყვნენ ეგეთები და დასცინოდნენ ხოლმე.


_შემდეგ გაისმა ასეთი ფრაზები, რომ ჩვენ არ გვინდა გარყვნილი ევროპა, ამერიკა...


_თვითონ ევროპაში, შევხედოთ რა ხდება. პროცესი საერთოა! მართლა ევროპის ნაწილი ვართ ამ კუთხითაც, ულტრალიბერალიზმის აჯანყებაა თანამედროვე ზნეობის წინააღმდეგ, ტროცკი ხომ წერდა, რომ ოჯახი უნდა მოისპოს, ოჯახი არ უნდა არსებობდეს, ოჯახი არის მუწუკი საზოგადოების, ტროცკის იდეა აიტაცეს დღევანდელმა ნეო-ულტრალიბერალებმა და ანგრევენ ოჯახის საწყისებს, რელიგიის, ზნეობის საწყისებს ანგრევენ და მიდის ბრძოლა, ევროპა ადგა ფეხზე, 100 ათას კაციანი აქციებია ამის წინააღმდეგ. ჩვენთან არ მომხდარა მარტო ეს! ეს საერთო პროცესია, თუ გაიმარჯვეს ამ ნეოლიბერალებმა, რომლებიც ევროპის ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში არიან უკვე მოსული, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის საყვარელთან ერთად დადის და ისლამურმა ქვეყნებმა აუკრძალეს, რომ ეგ კაცი არ არ დაგვანახოთო. თუ გაიმარჯვეს ამათმა, რა თქმა უნდა სოდომ-გომორზე უარესი რამ ემუქრება კაცობრიობას. მაგრამ, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, ვერ გაიმარჯვებენ, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ღვთის ძალა საკმარისია კაცობრიობაში. მაგრამ ეს ძალადობაა და არ შეიძლება. ახლა ამ ძალადობით, 10 ათასი კაცი რომ მისდევდა 10 "პიდარასტს", ეგ ნიშნავს იმას, რომ გრანტი მიიღეს რამდენიმე მილიონი. ეგ უნდოდათ მაგათაც, რომ დაენახებიათ, რომ სდევნიან საქართველოში. სიტუაცია იყო ის, რომ ცემა სიამოვნებას ანიჭებდა მათ მომავალი პრემიის იმედით. ამიტომ, ეს არ იყო საჭირო, მარამ, ის, რომ ამათი აღლუმის ორგანიზება გააკეთა მარგველაშვილმა, უსუფაშვილმა და ივანიშვილმა ეს პირდაპირ მათ ინტერვიუებშია და ისტორიის არქივი ინახავს. მათ პირდაპირ მოუწოდეს, რომ ჩაეტარებინათ მიტინგი. ეს არის ფაქტი! ნაცვლად იმისა, რომ აგერ, უკრაინაში სასამართლოს მეშვეობით აიკრძალა მსგავსი მიტინგი, ათასნაირი ფორმებია იმისათის, რომ არ წაახალისო ესეთი რაღაც, აბა მე რომ ვნიშნავ მიტინგებს, გამოდის ივანიშვილი და ამბობს, არ მიხვიდეთ არავინ, იქ სააკაშვილის ჩამოყვანილი ყვითელი ავტობუსებით მოვლენ ხალხი, იქ ხომ გამოდის ჩემი მიტინგების წინააღმდეგ? ამათ მიტინგებს რატომ ეუბნება, რომ კარგია, ჩაატარონ, საერთაშორისო სამართლით არის უზრუნველყოფილიო, ჩემი მიტინგი არ არის საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილი? თუ მაინცდამაინც სექსუალური უმცირესობა უნდა ვიყო, რომ დამიჭიროს მხარი ივანიშვილმა? იმდენი არ აუდგა გვრდები მაგას!



_ბატონო შალვა, ყოველთვის წონადი და რეიტინგული პოლიტიკოსი ბრძანდობოდით, ,,ლეიბორისტულ" პარტიას ყოველთვის ჰყავდა თავისი ამომრჩეველი, თუმცა ხშირ შემთხვევაში წარმატებას ვერ აღწევდით... ამის მიზეზი რა იყო, როგორ ფიქრობთ?


_ახლაც ასეა, მხედრიონი მართავდა, გვარდიაც მართავდა ამ ქვეყანას, ავანტურისტებიც მართავდნენ, კანონიერი ქურდებიც მართავდნენ, ბიზნესმენები, ოლიგარქები და პოლიტიკოსები ჩამოცილებულები არიან პროცესს. რეალურად, ვინც პოლიტიკით არის დაკავებული, ისინი ან დახოცეს, ან გრძელდება მათი ხოცვა, ნეიტრალიზაცია, კუთხეში მიყენება, იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არ უნდა ბანდას.

 


_თქვენ აყენებთ საპრეზიდენტო კანდიდატს, კონკურენტი გყავთ გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც უკან უდგას ,,ქართული ოცნების" სახელისუფლო გუნდი და ბიძინა ივანიშვილი...


_კონკურენტი მყავს მე ივანიშვილი... ჩემი კონკურენტი არის გაბატონებული ელიტა, რომელიც ამ ქვეყანას წველის და ყიდის საერთაშორისო ბაზარზე. ოცი წლის მანძილზე ეს ელიტა წარმოადგენს ნაკრებს შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანშვილის გამოცდილი ფორვარდების, ეს არის ნაკრები ელიტა, მათ შორის ყოფილი ნამხედრიონალი, ნაგვარდიელებიც, ყველა... ეს დაახლოებით იქნება 300 ოჯახი, რომელიც მთელი საქართველოს სიმდიდრეს ჭამს და თქვლეფს, რომელიც ფლობს დღეს ბიზნესს, პოლიტიკას, ფინანსებს, ბანკებს, ეროვნულ სიმდიდრეს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ეს ელიტა იყო ყოველთვის ჩემი წინააღმდეგი და დღესაც ისინი არიან ჩემი მოწინააღმდეგეები. რა თქმა უნდა, ამჯერად ამ ფენას ხელმძღვანელობს ივანიშვილი, გუშინ ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, იმის წინ ხელმძღვანელობდა შევარდნაძე, მაგრამ ფენა დარჩა იგივე, იგივე არა მარტო სულით, იდეით და მენტალობით, არამედ პიროვნულადაც. ვხედავ კაცს, გუშინ იყო მოქალაქეთა კავშირის მინისტრი, ონოფრიშვილი, მერე იყო ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის სამეთვალყურეო საბჭოში, გახდა მილიონერი, ახლა ივანიშვილთან არის რეფორმატორი. ვხედავ კაცი იდგა გამსახურდიას გვერდით, ჯერ მხედრიონში, მერე გამსახურდიას გვერდით, მერე "ნაციონალურ მოძრაობაში" მერე რაღაც პარტია ჰქონდა, მერე ბადრისთან იყო, ახლა ივანიშვილთან არის, ძიძიგური, დავითაშვილი, ესენი, რა უბედურებაა? ეს არის ჩვენი უბედურება, პოლიტიკოსი ერთხელ რომ ჩაიჭრება და დაუშვებს შეცდომას, იმის პოლიტიკოსობა მთავრდება ნებისმიერ ოდნავ ჯანსაღ ქვეყანაში. საკმარისია პოლიტიკოსი აეკიდოს ვიღაც ახალ, ცნობად ლიდერს და საერთოდ არ ინტერესდება არავინ, მის მიერ განვლილი გზით და არც იმით, რომ ის იგივეს გააკეთებს. რაც კოკასა შინა სდგას, იგივე წარმოსდინდების, დღესაც, ხვალაც და ზეგაც. ეს ჯგუფია ჩემი მოწინააღმდეგე. "რესპუბლიკელები", კლასიკური მორიელის თვისებით აღჭურვილნი. დააჯდებიან, გადააყვანინებენ მდინარის მეორე ნაპირზე თავს, რომელიმე ელიტას, მერე დაკბენენ და წავლენ. მორიელიზმია ქართული პოლიტიკის ამომავალი წერტილი და არა პრინციპი, არა იდეა, არა ხალხის წინაშე დგომა საკუთარი სახით. აი, როგორც ჩვენ ვდგევართ ეს ოცი წელია და რა მივიღეთ? ამოგლეჟვის და დაგლეჯვის გარდა? ნუ ამას ვეღარ შევცვლით.

 


_ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მარგველაშვილი დამარცხდეს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ არ გავითვალისწინებთ ივანშვილის ფაქტორს, მარგველაშვილი არ არის ის წონადი კანდიდატი...


_არა მარგველაშვილმა კარგად შეაფასა საკუთარი თავი, მე ვერაფერს ვერ დავამატებ, მე ვგავარ "პლასტელინს", რა კუთხეშიც მიმაგდებენ, იმ ფორმას მივიღებ. დამთავრებულია აქ, ეს არის ფილოსოფიური გულახდილობის ზენიტი.


საქართველოში არაფერი არ გაგიკვირდეთ. საქართველოში, სადაც შევარდნაძე მეორედ ააღზევეს და გამოაცხადეს მხსნელად, იმ საქართველოში, სადაც სამარცხვინო სააკაშვილს ათი წელი ეთაყვანებოდნენ და კერპად სცნობდნენ, საქართველში, რომელსაც კანონიერი ქურდები მართავდნენ ოფიციალურად, არაფერი არ გაგიკვირდეთ.

 


_მაშინ, ხომ შეიძება ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერის შემტვევაში მოუგოთ მარგველაშვილს...


_ჩვენ დიდი ხანია მივმართეთ პოლიტიკურ სპექტრს, რომ დაგვიჭირეთ მხარი, დაგვიდექით გვერდში, გავაკეთოთ ერთიანი ფრონტი, ხელისუფლებების წინააღმდეგ, ფაქტობრივად ერთი ხელისუფლებაა ეგ ორივე და წავართვათ ძალაუფლება, შემდეგ შევქმნათ კოალიციური გაერთიანება, პარტიული ბლოკი. უკვე წავალთ ამაზე, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დაგვიჭერენ მხარს და მოხდება, რომ არჩეული ვიქნები პრეზიდენტად, გავაკეთებთ ბლოკს ყველა იმ პარტიისაგან, რომელიც დღეს მხარს დაგვიჭერდა და შემდეგ მათგან შევქმნიდით ეროვნული ერთიანობის მთავრობას, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობა პარტიებისა, როგორ დაჩვეული არიან, ჯერჯერობით დასუნსულებენ ფულის საშოვნელად, რომელი კანდიდატი მისცემს ფულს, რომ მათ დაუჭირონ მხარი. თუ არ მისცემენ ფულს, მერე უკვე დაიწყება აქეთ უფულოების ერთად შეყრა, მეტი გზა არ არის. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკა გახდა ფულის შოვნის საშუალება, ექსპერტისთვის, ანალიტიკოსისთვის, პოლიტიკოსისთვის...

 


_თქვენ არსდროს გითქვამთ და დღეს პირველად მოვისმინე, რომ მხარდაჭერის შემთვევაში მზად ხართ ოპოზიციური ერთობა შექმნათ. ლეიბორისტულ პარტიას არ ქონია არავისთან კოალიცია, ფიქრობთ, რომ დღეს დადგა გაერთიანების დრო?


_არასდროს, სულ უარს ვამბობდით, მაგრამ იმ შემთვევაში თუ პრეზიდენტად ვიქნები არჩეული, რა თქმა უნდა, იდიოტიზმია ფიქრი იმაზე, რომ ერთი პარტიით შეიძლება პროცესების მართვა და ქვეყნის მართვა. ეს ნიშნავს, რომ იგივე ,,მოქალაქეთა კავშირი" გავხდე და "ნაციონალური მოძრაობა" და ივანიშვილი, რომ ერთი სუბიექტით შეუძლიათ ქვეყნის მართვა და შემდეგ ეს ერთი სუბიექტი იმასაც ღუპავს და ქვეყანასაც. მერე უკვე დაგვჭირდება მრავალპარტიული ბლოკიც და მთავრობაც ყველა ვარიანტში. პოლიტიკა განვითარებადი ხელოვნებაა, დღეს სხვა ვითარებაა, ამ შემტვევაში ჩვენ თანახმა ვართ ეს გავაკეთოთ, მაგრამ თუ პრეზიდენტი ვერ გავხდები, მაშინ სხვა თანამშრომლობის ფორმაა მოსანახი, იმიტომ, რომ მერე ბლოკი ვეღარ იმუშავებს.


ამ პარტიებმა დაუშვეს დიდი შეცდომა, როდესაც მე არ დამიჭირეს მხარი 2007 წელს და ჩემთვის საყვარელი პიროვნება, ლევან გაჩეჩილაძე წარმოადგინეს, რომელსაც არ ჰქონდა რანაირი პოლიტიკური გამოცდილება და არც სურვილი, რომ ყოფილიყო პრეზიდენტი.

 


_ფიქრობდით, რომ სააკაშვილს მოუგებდით მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებს?


_რას ქვია, რომ დაეჭირათ იმ პარტიებს ჩემთვის მხარი, რა თქმა უნდა იგივე იპოდრომზე შეკრებილ საზოგადოებას დავძრავდი ინაუგურაციაზე და ჩავშლიდი, ეჭვი არ შეგეპაროთ, მინიმუმ ამას გავაკეთებდი. რა თქმა უნდა მოვუგებდი, რაზეა საუბარი? მაგრამ, როცა პარტიები გაიხლიჩნენ და ნაწილმა ბადრის დაუჭირა მხარი, ნაწილმა დათო გამყრელიძეს, უფრო დიდმა ნაწილმა ლევან გაჩეჩილაძეს, როგორც ხდება ხოლმე. არადა მე არ დამიჭირეს მაშინ მხარი. ჩემთან არ იყო ფინანსების ის რაოდენობა, რაც მათ სჭირდებოდათ.

 


_უკვე მერამდენედ, ახალგაზრდობა, სტუდენტობა გამოდის და პროტესტს გამოხატავს, აქციები იყო განათლების სამინისტროსთანაც, ისინი მინისტრისგან, პრეზიდენტობის კანდიდატ მარგველაშვილისგან სხვადასხვა საკითხებზე პასუხს ითხოვენ...


_რომელმაც განაცხადა, რომ ისვენებს აგარაკზე და სტუდენტებს ვერ შეხვდება... ალბათ ქსოვს!


_პროტესტი გამოიწვია განათლების შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებამ, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს მთავრობამ. ამას ეწინააღმდეგება მათ შორის ლევან ბერძენიშვილი, ელისო ჩაფიძე...


არა, ამას კი არ შეეწინააღმდეგა, მაგათ ახლა გამოქცევა უნდათ, შეატყვეს გემს რაღაც ბზარები, ამიტომ, როგორც სჩვევიათ, ისინი ემზადებიან ნახტომისთვის. მე კიდევ მოვუწოდებ, რომ დარჩნენ და ამ გემთან ერთად ჩაიძირნონ. მათ აღარ გამოუვათ მეტი მოგზაურობა, ჩვენ აღარ დავუშვებთ ამას, ვაფრთხილებ.


რაც შეეხება, რექტორის დანიშვნას პრემირ-მინისტრის მიერ, მსოფლიოს საკონსტიტუციო ნორმამ ასეთი რამე არ იცის. საფრანგეთში არის წესი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს, პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ ბოლონიის პროცესის მიხედვით, უნდა აირჩიოს სამეცნიერო საბჭომ რექტორი. ის, რაც გააკეთა პრემირ-მინისტრმა, ადასტურებს ჩვენს თეორიას იმის თაობაზე, რომ არაფერი არ შეცვლილა და ივანიშვილი იგივე სააკაშვილია დღეს. სააკაშვილმაც ვერ გაბედა ამის ჩაწერა, ფაქტობრივად კი ნიშნავდა თვითონ, მაგრამ იმათ ფორმალურად არჩევინებდა, იმ სამეცნიერო საბჭოს. ისევე, როგორც სააკაშვილმა ვერ გაბედა ჰომოსექსუალთა აღლუმის ჩატარება, ეს გაბედა ივანიშვილმა. ანუ ეს, იმაზე უარესი გამოდგა.

 


_ხომ არ ელოდებით, რომ მმართველ კოალიციაში მოხდეს რღვევა?


_ეგ აუცილებლად მოხდება, ერთმანეთს უკვე აგინებენ ყველგან, ჩუმად, ეს მალე ღიაში გადაიზრდება.


_ბატონო შალვა, ყოფილ მაღალჩინოსანთა დაჭერები, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, "ნაციონალური მოძრაობა" ამაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს, სხვათაშორის, ევროპელი პარტნიორებისგანაც იყო გამოხმაურება, იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომ სამართლიანობა უნდა იყოს დაცული და რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. თქვენი მოსაზრებით ეს ყველაფერი რამდენად შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშწორება, ან ხომ არ არის შურისძიება?


ამ შემთხვევაში უფრო შურისძიებაა. ახლა ვანოს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თავზე თმა არ მაქვს იმდენი, მაგრამ ის, რომ სახლში შეუვარდა ვიღაცას, ბინა არ ჰქონდა საწყალ ვანოს, რომ ცოლ-შვილს დაესვენათ ზღვაზე და ვიღაცას სახლში შეუვარდა და ის გამოაგდო იქიდან, ამ მოტივით დაიჭირო, ეს არის იდიოტიზმი. ისევე, როგორც ვაშლის გათლის დროს, დანა რომ ჩაარტყა ახალაიამ ვიღაცა ოფიცერს დედის გინებით - ეგეც იდიოტიზმია. აი, ეს იცით რა არის? ეს არის მათი სრული რეაბილიტაცია. ვინც წაიკითხავს უცხოეთში, ამ ბრალდებებს, იტყვიან, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა.


ივანიშვილი არის თანამონაწილე ახალაიას, მერაბიშვილის და სააკაშვილის, როცა 2007 წელს ეს კარები აქ შემოიტანეს და სპეცრაზმი გამომეკიდა, სამი მიმართულებით მეძებდა მოსაკლავად, მაშინ ურეკავდა ივანშვილი მერაბიშვილს და ეუბნებოდა, რატომ არ იჭერთო და ისეთი ბრიყვია, რომ ეს თვითონ წამოცდა ინტერვიუში, ია ანთაძესთან. ამიტომ, ეს ერთი გუნდია, ერთად აკეთებდა ყველაფერს. მერაბშვილი იტყვის, რამდენ მილიონს აძლევდა სპეცრაზმს ჩვენს დარბევაში. ივანშვილი პრემიას აძლევდა ჩვენ თუ დაგვარბევდნენ, ბინებს აძლევდა და მანქანებს ყიდულობდა. ანუ აქვთ სანუკვარი, საერთო საიდუმლოებები და ამიტომ ბრალდება აქვთ, რომ ბინაში შეუვარდა ვიღაცას და ვიღაცას დანის ყუა ჩაარტყა, ეს არის მაგათი სრული რეაბილიტაცია. არანაირი დამაჯერებლობა ამას არ აქვს. ზოგადა, ეს რომ წაიკითხონ მოკვდებიან სიცილით, იტყვიან მეტი არაფერი დაუშავებიათ, ესე იგი პოლიტიკური დევნაა.

 


_ბატონო შალვა, როგორია მაინც შალვა ნათელაშვილის საქართველოს, თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკით, თავისი ღირებულებებით?


_სოხუმიდან თბილისამდე რეაქტიული თანამედროვე თვითმფრინავით ჩამოფრენას სჭირდებოდა ერთი საათი, ხოლო თუ გამოფრინდებოდა იგივე თვითმფრინავი, ვთქვათ, ფსოუდან, წითელ ხიდამდე - საათ-ნახევარი. საათ-ნახევარი სჭირდება საფრანგეთს რომ გადაუფრინო, იგივე რეაქტიული თვითმფრინავით, აი, ეს საფრენი სივრცე დაგვიბრუნოს ღმერთმა... დანარჩენი, ყველაფერი მოგვარდება.

 



,,ნიუპოსტი"


ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42